"ქართული ოცნება იმ პოლიტიკური დისკურსების გაცოცხლებას ცდილობს, რომელიც გადავიაზრეთ, გავიარეთ, გადავხარშეთ", — გვეუბნება სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

მიმდინარე კვირაში სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია POST TV-მ ოპოზიციონერ მამუკა ხაზარაძის სომხური წარმომავლობა "იკვლია" და წინასაარჩევნოდ არმენოფობიის გაღვივებით სცადა მმართველი პარტიისთვის ელექტორალური სარგებლის მოტანა.

ხაზარაძემ მოგვიანებით თქვა, რომ ოცნების ქსენოფობიური გამოხტომის გამო სომხებს ბოდიშს უხდის, ხოლო თუ მისი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი იქნებოდა, ამის შესახებ აქამდეც იტყოდა — ღიად და თამამად.


თამთა, როგორ აფასებთ არმენოფობიის გაღვივების მცდელობას მმართველი პარტიის მხარდამჭერი მედიის მხრიდან. რას მოუტანს ეს თავად პარტიას?

ქართული ოცნება დღეს ყველაზე მარგინალურ და ჩამორჩენილ დისკურსებს აცოცხლებს. ერთი მხრივ, ის იყენებს რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელ დისკურსულ ხაზებს, როცა ის დასავლეთზე, უკრაინის ომზე, სუვერენულ დემოკრატიაზე, ლგბტ უფლებებზე საუბრობს. და, ამავდროულად, ის იყენებს 90-იან წლებში არსებული პოლიტიკურ დისკურსებს, რომელიც გვეგონა რომ უკვე გადავიაზრეთ, გადავხარშეთ, გავიარეთ და დავივიწყეთ.

არმენოფობიის გაცოცხლება დღეს სწორედ ამ ძველი "ტრადიციის" გაცოცხლების მცდელობაა. კარგად გვახსოვს 90-იანი წლებისა და 2000-იანების დასაწყისში, პოლიტიკოსების ეთნიკური, გენეტიკური წარმომავლობა კომპრომატად იყო მიჩნეული და პოლიტიკოსები ცდილობდნენ ერთმანეთის "მხილებას".

ყოველთვის მოინიშნებიან ახალი ჯგუფები, რომლებიც იქნებიან "სხვები", რომლებიც ვერ ჩაეწერებიან ამ ეთნორელიგიურ ნაციონალიზმში".

დღეს POSTV-ს მხრიდან ამის გამოცოცხლებას ვხედავთ, რაც კიდევ ერთხელ ჯდება იმ ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიაში, რომლის კულტივირებასაც ქართული ოცნება აქტიურად ცდილობს. ეს ჩანს პოლიტიკურ განცხადებებშიც, როცა პარტია საუბრობს ეკლესიისათვის განსაკუთრებული როლის ხაზგასმაზე ქართული სახელმწიფოს დაფუძნებაში, როცა ცდილობენ ქართული სახელმწიფოებრიობის გაგებაში საკრალურობის შემოტანას, რაც სრულიად არასეკულარული გაგებაა თანამედროვე სახელმწიფოსი, რომელიც სწორედ გამიჯნულობისა და საერთოობის, მოქალაქეობის გაგებაზეა დაფუძნებული, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური, კულტურული, ლინგვისტური კუთვნილებისა.

ეს პარადიგმაა, რომელსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში იყენებენ.

აქამდე ეს უფრო ფრაგმენტული იყო, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში ეს არის კონსოლიდირებული, მძლავრი კონსერვატიული გაგება, სადაც ვხედავთ, რომ მათ სჭირდებათ სხვადასხვა მარკერების შემოტანა იერარქიზებისთვის: ლგბტ უფლებები, არმენოფობია, ასევე აზერბაიჯანელ თემს უთხრეს, რომ დიასპორა არიან — ამიტომ ეს სულ გაგრძელდება.

როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ეს ტაქტიკა?

რაც შეეხება მთავარ კითხვას, იმუშავებს თუ არ იმუშავებს, ძალიან რთულია პასუხი. ბოლო დროს მეც ვცდილობდი, მომეძებნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, თუმცა ეთნიკურ და სხვა ტიპის სტერეოტიპებზე ახალი გამოკითხვები არ ჩანს.

ჩემი განცდა ასეთია, რომ არმენოფობია ყველაზე ღრმად გამჯდარი და ისტორიული სტერეოტიპია და ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, რასაც ეჭიდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ, მედიამ, საზოგადოებამ ძალიან ღირსეული პასუხი გავცეთ ამას, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ ევგენიკის, გენეტიკისა და სისხლის ლოგიკის გამოყენება პოლიტიკაში არაფერს არ ნიშნავს.

თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ გამოსვლებში რამდენიმე მთავარი გზავნილი აღარ გვესმის ოცნების ლიდერების მხრიდან, მაგალითად, "ბოდიში" და სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების საკითხი, ეს თემები თითქოს გაქრა. რატომ? ოცნების პროპაგანდა ხომ არ შევიდა ერთგვარ თვითდაზიანების სპირალში?

მე გეთანხმებით, რომ პროპაგანდის ძირითადი ხაზი მათ წყალში ჩაეყარათ.

იგივე არგუმენტი იყო ტერიტორიულ მთლიანობასა და ბოდიშზე — რუსეთმა ცალსახა განცხადებები გააკეთა, რომ ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ხედავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რითაც წყალში ჩაეყარათ ტერიტორიული მთლიანობის გზავნილები.

შემდეგი იყო ლგბტ უფლებები და ოჯახების დაცვა — ჩვენს საზოგადოებაში იმდენად არის გაცნობიერებული, რომ ოჯახები იმდენად დაუცველები არიან სიღარიბისგან, მიგრაციისგან, უთანასწორობისგან, რომ მოსახლეობას კითხვა გაუჩნდა, რატომ უნდა უკითხავდეს მათ მორალს ქართული ოცნება?!

ასევე, საზოგადოებისთვის მძიმე ამბავი აღმოჩნდა კესარია აბრამიძის მკვლელობა და ამ ფაქტზე მოქალაქეების გამოხმაურება იყო: საკმაოდ სოლიდარული და ჰუმანური, რითაც მათ ამაზე მორალურად მსჯელობის უფლება დაკარგეს.

რუსული კანონის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებამ ერთსულოვნება აჩვენა, მათი დიდი ნაწილი არ დარეგისტრირდა და ამ კანონით [წინასაარჩევნოდ] არაფერი გამოუვიდათ.

სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების საკითხი ეკლესიასთანაც კი არ იყო შეთანხმებული და თავად ეკლესიამ თქვა უარი ამაზე, რადგან ასე ხელისუფლების კონტროლი ეკლესიაზე გაიზრდებოდა.

არმენოფობია რა მასშტაბს მიაღწევს არ ვიცით, თუმცა ველი, რომ ამის კულტივირება მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ღირსეული პასუხი გავცეთ, რომ სომხური თემი ჩვენი ისტორიის ნაწილია და დიდი ქალაქების განვითარებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა, შესაბამისად, ქართული კულტურის ორგანული ნაწილია და ამაზე საუბარი ძალიან ჩამორჩენილი პოლიტიკური დისკურსია.

ზოგჯერ ასეთი კრიზისები არის კარგი, რომ ამ დაავადებას, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ თუ სოციალურ სხეულში გროვდება, პასუხი გაეცეს, რათა ეს ბოლო ამოსუნთქვა იყოს ამ ჩამორჩენილი დისკურსების".

თვალშისაცემია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ განიცადა პროგრესი, უფრო მეტად იზიარებს ჰუმანისტურ იდეებს, ხოლო პოლიტიკურმა ელიტამ და პირველ რიგში, მმართველმა გუნდმა — პირიქით, შეიძლება ითქვას, რეგრესიც კი განიცადა.

ამ აცდენას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფასი ექნება, ჩვენ კი ამ კონფლიქტში მივაღწევთ შეთანხმებას, თუ რატომ უნდა ვცეთ პატივი თანასწორობის იდეასა და მრავალფეროვნებას.