5 რამ, რაც კლიტორის შესახებ უნდა ვიცოდეთ
კლიტორი ქალის სიამოვნებისთვის მთავარი ორგანოა, თუმცა მის მნიშვნელობას შეიძლება სათანადოდ ვერ ვაფასებდეთ. ამ ორგანოს შესახებ რამდენიმე რამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ:
1. სად არის ის
მოდით, ყველაზე საჭირბოროტო საკითხით დავიწყოთ — როგორ ვიპოვოთ კლიტორი?
ეს არც თუ ისე პატარა ორგანოა. მისი პატარა ნაწილი, ანუ კლიტორის თავი, გარეთა სასქესო ორგანოზეა მოთავსებული, ანუ ვულვაზე (სასქესო ორგანოს იმ ნაწილზე, რომლის დანახვაც თვალით შეგვიძლია). მეორე მხრივ, კლიტორის დიდ ნაწილს სხეულს შიგნით, მენჯის ღრუში, აქვს "ფესვები გადგმული".
კლიტორის "ძებნისას", როგორც წესი, სწორედ კლიტორის თავის მდებარეობა აინტერესებთ ხოლმე. ეს ქალის სასქესო ორგანოს ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. იგი პატარა ბურთულას წააგავს (ხშირად ლობიოს მარცვალსაც ადარებენ) და ვულვის ზედა ნაწილშია მოთავსებული (ვულვის ქვედა ნაწილში, ანუსთან ახლოს, ვაგინაა — ის ხვრელი, რომელშიც რაიმეს პენეტრაცია ხდება); კლიტორის თავს ზემოდან კლიტორის ჩუჩა ფარავს ან ნაწილობრივ, ან მთლიანად.
ყველა ქალის სასქესო ორგანო უნიკალურია, ამიტომ, შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაში მისი მიგნება მაინც გაგიჭირდეთ.
2. როგორ გამოიყურება ის
როგორც უკვე აღვნიშნეთ (და ვნახეთ), კლიტორის თავი ლობიოს მსგავსი პატარა ბურთულაა, რომელიც კლიტორის ჩუჩის ქვეშ "იმალება". ქვემოთ მას ვულვის ბაგეები ესაზღვრება ნაოჭიანი კანის სახით.
მისი დანარჩენი ნაწილები სხეულს შიგნითაა მოქცეული, მთლიანად კლიტორს კი ავქაშის ძვლის მსგავსი ფორმა აქვს. ცენტრში თავია მოთავსებული, ხოლო კლიტორის "ფეხები" — ვაგინალური კედლის გასწვრივ ვრცელდება. ეს ორგანო უმეტესად სხეულს შიგნითაა მოქცეული, ამიტომ მხოლოდ გრაფიკული გამოსახულების სახით შეგვიძლია მისი ნახვა. იგი დაახლოებით ასეთია:
მთლიანი ორგანო, თავიდან "ფეხებამდე", 9-11 სანტიმეტრი სიგრძისა და 6.4 სიგანისაა. თავად კლიტორის თავის დიამეტრი დაახლოებით 1.9-2.5 სანტიმეტრია.
3. როგორია მისი აგებულება
მოდით, ამ ორგანოს აგებულება უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ. გარდა თავისა, იგი კლიტორის სხეულს, ფეხებს, კარიბჭის ბოლქვებსა და ფესვს აერთიანებს.
- სხეული — კლიტორის სხეული მისი თავის უკან არის მოთავსებული. ეს ავქაშის ძვლის იმ ნაწილს წააგავს, რომელიც გაყოფილი არ არის;
- ფეხები — კლიტორის სხეულიდან ორი ფეხი იტოტება. ეს კლიტორის ყველაზე გრძელი ნაწილებია. ისინი ლათინური V-ს ფორმას ქმნის და ვაგინასა და შარდსადენ მილს ეკვრის გარს;
- კარიბჭის ბოლქვები — ეს ნაწილები კლიტორის ფეხებსა და ვაგინას შორის არის მოთავსებული და წყვილი სტრუქტურაა. აღგზნებისას ეს ნაწილები იბერება და შეიძლება გაორმაგდეს კიდეც ზომაში;
- ფესვი — ერექციულ ქსოვილში არსებული ნერვები კლიტორის არაერთ სტრუქტურაში გვხვდება, საბოლოოდ კი ისინი ფესვში იყრის თავს. ფესვი კლიტორის ფეხების შეხვედრის ადგილას არის მოთავსებული.
კლიტორსა და "ჯი-სპოტს" (ადგილი ვაგინაში, რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზე, რომელზე შეხებასაც განსაკუთრებით სასიამოვნოდ აღიქვამენ) შორის კავშირი ჯერჯერობით დაზუსტებული არაა. ამ ადგილას შეხება შეიძლება იმიტომ იყოს სასიამოვნო, რომ კარიბჭის ბოლქვები ვაგინის კედელს ეკვრის. გამოდის, ე. წ. ვაგინალური ორგაზმიც სწორედ კლიტორის სტიმულაციის დამსახურება შეიძლება იყოს.
4. რა ფუნქცია აკისრია სხეულში
კლიტორის მისია მხოლოდ ისაა, რომ ქალის სხეულს ორგაზმი და სიამოვნება მოუტანოს. კლიტორის თავი ვულვის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია და შეხებაზე ყველაზე ინტენსიურად რეაგირებს. ეს ორგანო სხვა ბიოლოგიურ ფუნქციას არ ასრულებს.
თავად ორგაზმს რაც შეეხება, ბუნება, შესაძლოა, მისი მეშვეობით "გვიტყუებდეს" გამრავლებისკენ — ეს ხანმოკლე ეიფორია ერთგვარი ჯილდოა სექსის ქონისთვის; იგი სექსუალურ ქცევას განამტკიცებს, ანუ მისი გამეორებისკენ გვიბიძგებს, რასაც შეიძლება ნაყოფის ჩასახვაც მოჰყვეს.
ასევე იხილეთ: კურდღლები, შესაძლოა, ქალის ორგაზმის საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარონ
5. როგორ გვეხმარება სიამოვნების მიღებაში
კლიტორს სხვა ორგანოებთან შედარებით ბევრად მეტი ნერვული დაბოლოება აქვს. სწორედ ნერვული დაბოლოებების მეშვეობით აღიქვამს სხეული შეხებას — ამ შემთხვევაში იმაზე ინტენსიურად, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე.
მიჩნეული იყო, რომ კლიტორს პენისზე ორჯერ მეტი, 8000 დაბოლოება აქვს (ეს მონაცემი ძროხებზე ჩატარებულ კვლევებს ემყარება), თუმცა რეალური რაოდენობა მეტი აღმოჩნდა. 2022 წელს მეცნიერებმა კვლევა წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც კლიტორის ნიმუშებში ნერვული დაბოლოებების რიცხვი 9 852-იდან 11 086-ამდე მერყეობდა.
ეს რიცხვი ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი ისაა, რომ კლიტორის შემთხვევაში ნერვული ბოჭკოები ბევრად მჭიდროდაა თავმოყრილი, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში. მაგალითად, 18 ათასი ნერვული ბოჭკოა ხელში გამავალ საშუალო ნერვშიც, თუმცა იგი დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძისაა და არც ძალიან მგრძნობიარეა.
ნერვული დაბოლოებების სიმრავლის გამო კლიტორზე შეხება იმაზე ბევრად საგრძნობია (და სასიამოვნო), ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. სწორედ ამის წყალობით ჩნდება სექსუალური სიამოვნება.
ბონუსად
იცოდით, რომ ერექცია ქალებსაც შეიძლება ჰქონდეთ? ამას კლიტორული ერექცია ჰქვია, რადგან სწორედ ამ ორგანოს დამსახურებაა.
კლიტორი ერექციული ქსოვილისგან შედგება, რომელიც სტიმულაციისას სისხლით ივსება და ფართოვდება. ეს ქსოვილი პენისში არსებული ქსოვილის ანალოგიურია. სექსუალური აღგზნებისას კლიტორის ფეხები და კარიბჭის ბოლქვები იმდენად შეიძლება გადიდდეს, რომ ზომაში გარეთა სასქესო ორგანოც იზრდება.
ამის შედეგად ვაგინა ზეწოლას განიცდის, ეს კი შიგნით ლუბრიკანტი სითხის გამოყოფას იწვევს. ეს როგორც სიამოვნებას ამძაფრებს, ასევე პენეტრაციასაც ამარტივებს.
საბოლოო ჯამში, კლიტორზე შეხებისას (კლიტორის თავი იქნება ეს თუ მისი სხვა ნაწილები ვაგინის გავლით) სიგნალები წარმოიქმნება, რომლებიც ტვინში სექსუალურ აღგზნებასა და სიამოვნებასთან დაკავშირებულ რეგიონებს ააქტიურებს.
შეხებასთან ერთად აღგზნება და დაძაბულობა თანდათანობით იმატებს — როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. სტიმულაციის გაგრძელების შემთხვევაში საბოლოოდ ორგაზმი იწყება, რა დროსაც დაგროვილი სექსუალური დაძაბულობა თავისუფლდება და ინტენსიური სიამოვნება ჩნდება. ამას ხშირად მოდუნებისა და ეიფორიის შეგრძნებები მოსდევს.
ამ ყველაფერს, თავისთავად, სწორედ კლიტორს უნდა ვუმადლოდეთ.
კომენტარები