სიამოვნების მეცნიერება: 12 საინტერესო რამ, რაც ტვინში ორგაზმის დროს ხდება
რა ხდება ტვინში, როცა ორგაზმს განვიცდით?
ორგაზმი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეგრძნებაა, რომლითაც საკუთარი ტვინი გვასაჩუქრებს. მეცნიერები ბევრჯერ დაინტერესებულან, რა პროცესებით აიხსნება იგი, ამიტომ ტვინზე არაერთი კვლევაა ჩატარებული.
ამის გასაგებად ტვინზე დაკვირვებაა საჭირო, რისთვისაც ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული (fMRI) და პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფია (PET) გამოიყენება. ამ მეთოდებით შესაძლებელია, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა და ნეირონების აქტივობა შევაფასოთ როგორც ნორმალურ მდგომარეობაში, ასევე ორგაზმის დროს.
მეცნიერებმა ორგაზმის განცდისას ადამიანთა ტვინები შეისწავლეს. კვლევების მიგნებებზე სტატიაში ექსპერტები მოგვიყვებიან. ეს ყველაფერი მათ INSIDER-თან საუბრისას ახსნეს.
1. ორგაზმის დროს ტვინის ლოგიკური ნაწილი "ითიშება"
ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ლოგიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, აქტივობა დროებით მცირდება. სწორედ ამის გამოა, რომ სექსის დროს ადამიანები თავს უფრო თამამად გრძნობენ და ნაკლებად დათრგუნულები არიან.
"სექსის დროს გვერდითი ორბიტოფრონტალური ქერქის აქტივობა მცირდება. ტვინის ეს რეგიონი აზროვნებაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა და ღირებულებების შეფასებაზეა პასუხისმგებელი. ამ ნაწილში აქტივობის შემცირება შიშისა და შფოთვის შემცირებასთანაც არის კავშირში", — ახსნა კლინიკურმა ფსიქოლოგმა დენიელ შერმა.
ასე რომ არ ხდებოდეს, შესაძლოა, შიშმა და შფოთვამ აღგზნებას შეუშალოს ხელი და სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს, თუნდაც შფოთვა სქესობრივი აქტის "კარგად" შესრულებასთან დაკავშირებით.
2. ორგაზმში ტვინის ერთმანეთისგან დაშორებული რეგიონები მონაწილეობს
ტვინის გამოსახულებები აჩვენებს, რომ ამ შეგრძნებაში ტვინის რამდენიმე ერთმანეთისგან დაშორებული რეგიონია ჩართული.
"მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ორგაზმის დროს ტვინის ყველა ეს ნაწილი აქტიურდება: გენიტალური სენსორული ქერქი, მოტორული რეგიონები, ჰიპოთალამუსი, თალამუსი და შავი ნივთიერება", — ახსნა კეიტ სუკელმა, კოგნიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტმა.
თალამუსი სხვადასხვა ინფორმაციის გაერთიანებაში გვეხმარება. ესენია: შეხებასა და მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ასევე, ნებისმიერი სექსუალური მოგონება თუ ფანტაზია, რომელსაც ორგაზმის მისაღწევად მოვიხმობთ. ამასობაში ჰიპოთალამუსი ოქსიტოცინის წარმოქმნითაა დაკავებული და, შესაძლოა, აღგზნების კოორდინირებას უწყობდეს ხელს.
"ამაში მოტორული რეგიონებიცაა ჩართული, რადგან სხეული აქტის დროს მოძრაობს, გენიტალური სენსორული ქერქი კი სხეულის ქვედა ნაწილებში შეხებას აღიქვამს", — დაამატა სუკელმა.
3. ორგაზმის დროს ტვინში დოფამინის მოზღვავება იწყება
ორგაზმის დროს ტვინი ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ სხვადასხვა ჰორმონი და ნეიროქიმიური ნივთიერება წარმოქმნას. აქედან ერთ-ერთი დოფამინია — ჰორმონი, რომელსაც სიამოვნების, ლტოლვისა და მოტივაციის შეგრძნებები მოაქვს.
შერის განმარტებით, დოფამინი ტვინის იმ ნაწილში წარმოიქმნება, რომელსაც ვენტრალური ტეგმენტალური რეგიონი ჰქვია. იგი შემდეგ სხვა რეგიონებში გადადის, მათ შორის პრეფრონტალურ ქერქში.
"ზოგი დოფამინს "სიამოვნების" ნივთიერებასაც უწოდებს, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ იგი სიამოვნებაზე მეტს გვთავაზობს. რეალურად იგი უფრო სასწავლო ჰორმონია; დოფამინი გვეხმარება, რომ ჯილდოები შევამჩნიოთ, იქნება ეს საკვები თუ სექსი, და გავიგოთ, როგორ მივიღოთ ისინი ხელახლა", — თქვა სუკელმა.
4. ოქსიტოცინი გამოიყოფა როგორც ორგაზმის, ასევე ძუძუთი კვების დროსაც
ოქსიტოცინი კიდევ ერთი ჰორმონია, რომელსაც ტვინი ორგაზმის დროს წარმოქმნის. იგი, უფრო ზუსტად, ჰიპოფიზიდან გამოიყოფა და ჰიპოთალამუსში გადადის. შედეგად სხვებთან სიახლოვის შეგრძნება და კეთილგანწყობა ჩნდება.
"ოქსიტოცინი კავშირის ჰორმონად არის ცნობილი, რადგან ძუძუთი კვების დროსაც გამოიყოფა და ცნობილია, რომ სიყვარულისა და მიჯაჭვულობის შეგრძნებას აძლიერებს", — თქვა შერმა.
ორგაზმის დროს პროლაქტინიც გამოიყოფა. ეს ჰორმონია პასუხისმგებელი კმაყოფილებაზე, რომელიც ორგაზმს სდევს თან. ამასთანავე, პროლაქტინი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორსულობის შემდეგ რძე წარმოიქმნას.
თავისთავად, ის, რომ სექსისა და ძუძუთი კვების დროს იგივე ჰორმონები გამოიყოფა, არ ნიშნავს, რომ ამ სიტუაციებში ადამიანი ერთსა და იმავე რამეს გრძნობს.
ეს ჰორმონები ჩვენს სხეულებში სხვადასხვა როლს თამაშობს და ტვინს ჩვენი სოციალური კავშირების გაძლიერებაში ეხმარება.
5. ორგაზმის დროს ტვინში იგივე რამ ხდება, რაც ნარკოტიკების მიღების დროს ან საყვარელი მუსიკის მოსმენისას
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტვინი სექსსა და სხვა სასიამოვნო გამოცდილებებს ერთმანეთისგან დიდად არ განასხვავებს. დესერტის მირთმევის ან პოკერის მოგების დროსაც ტვინის ის რეგიონები აქტიურდება, რომლებიც — ორგაზმის დროს.
"სექსი სასიამოვნოდ აღიქმება, რადგან ორგაზმის დროს და მანამდე დაჯილდოებასთან დაკავშირებული ნერვული ქსელები აქტიურდება ტვინში. ეს ქსელები აქტიურდება ნარკოტიკების მოხმარების, ალკოჰოლის მიღების, გემბლინგის, საყვარელი სიმღერის მოსმენის ანდა გემრიელი საკვების მირთმევის დროსაც", — ახსნა შერმა.
6. სექსის დროს ტვინი ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც ტკივილისადმი მგრძნობელობას აქვეითებს
არ მოგჩვენებიათ — სქესობრივი კავშირის დროს სხეული ტკივილს ნაკლებად მძაფრად აღიქვამს.
"ჰიპოფიზის გააქტიურებასთან ერთად ენდორფინების, ოქსიტოცინისა და ვაზოპრესინის გამოყოფა ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს, ასევე ინტიმურობასა და კავშირს აძლიერებს", — თქვა ჯეს ო’რეილიმ, Astroglide-ის რეზიდენტმა სექსოლოგმა.
შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნას, რომ სქესობრივი კონტაქტის დროს დარტყმა ანდა თმის მოქაჩვა ჩვეულებრივზე ნაკლებად მტკივნეულია და, შესაძლოა, სასიამოვნოც კი იყოს.
7. ორგაზმი და ტკივილი ტვინში იმავე რეგიონებს ააქტიურებს
ზოგიერთი ადამიანი ტკივილისგან სექსუალურ სიამოვნებას იღებს. ეს, შესაძლოა, იმას უკავშირდებოდეს, რომ ორგაზმი და ტკივილი ტვინში რამდენიმე იმავე რეგიონს ააქტიურებს.
"ტვინის რამდენიმე რეგიონი, რომლებიც ტკივილზეა პასუხისმგებელი, ორგაზმის დროსაც აქტიურია", — ახსნა შერმა.
ტკივილსა და ორგაზმს შორის კავშირი ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არაა, თუმცა ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ვაგინალურმა სტიმულაციამ, შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანში ტკივილისადმი მგრძნობელობა შეამციროს.
8. ორგაზმის შემდეგ ტვინი ჰორმონებს გამოყოფს, რომელიც გვაბედნიერებს და გვთენთავს
ორგაზმის მიღწევის შემდეგ ტვინის მუშაობა ნელდება, თუმცა ბოლომდე არ წყდება.
"ქალებშიც და კაცებშიც ორგაზმი პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას ანიშნებს, რომ სხეულის დამშვიდება უნდა დაიწყოს. პრეფრონტალური ქერქი, რომელიც ორგაზმამდე მისვლისას გააქტიურდა, ასევე წყნარდება; ეს ოქსიტოცინის დონის მატებასთანაა კავშირში, რათა მიჯაჭვულობას შეეწყოს ხელი", — განმარტა შერმა.
სუკელმა დაამატა, რომ ტვინი ორგაზმის შემდეგ სეროტონინსაც გამოყოფს. ცნობილია, რომ ეს ჰორმონი განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება და მოდუნებას უწყობს ხელს. ზოგიერთ ადამიანში ამ ჰორმონმა, შესაძლოა, მოთენთილობაც გამოიწვიოს.
9. ქალის ტვინი ოქსიტოცინის გამოყოფას ორგაზმის შემდეგაც განაგრძობს
სექსის დროს ოქსიტოცინი ყველას ტვინში გამოიყოფა. ეს ჰორმონი სიახლოვისა და კავშირის შეგრძნებებს აძლიერებს. მეორე მხრივ, ქალის ტვინი ორგაზმის შემდეგ ოდნავ სხვანაირად იქცევა:
"ქალებში, როგორც წესი, ოქსიტოცინის გამოყოფა ორგაზმის შემდეგაც გრძელდება. ასე შეიძლება აიხსნას კოიტუსის შემდეგ ჩახუტების სურვილი", — აღნიშნა შერმა.
10. ტვინის წყალობით ორგაზმის განცდა სასქესო ორგანოების გარეშეც არის შესაძლებელი
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორგაზმი და სექსუალური სიამოვნება გენიტალიების სტიმულაციაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს ბოლომდე ასე არაა. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ტვინში სიამოვნების განსაცდელად ახალი ნერვული ქსელები წარმოიქმნას, რომლებსაც გენიტალიებთან არანაირი კავშირი არა აქვს.
"როცა ორგანოები დაზიანებული ან მოკვეთილია, შესაძლოა, ტვინმა შეგრძნებები სხვანაირად წარმოქმნას და საშუალება მოგვეცეს, სექსუალური და ორგაზმული შეგრძნებები სხეულის სხვა ნაწილებში განვიცადოთ", — ახსნა ო'რაილიმ.
მაგალითად, წელს ქვემოთ პარალიზებულ ადამიანებში ტვინი შეიძლება ისე გადაეწყოს, რომ ორგაზმი სხეულის სხვა ნაწილებზე შეხებით წარმოიქმნას, მაგალითად ხელზე ან ძუძუსთავებზე.
11. შესაძლოა, ბუნება ორგაზმით "გვიტყუებდეს" გამრავლებისკენ
ორგაზმი უდავოდ სასიამოვნოა. ტვინი, შესაძლოა, სწორედ ასე გვიბიძგებდეს, რომ გავმრავლდეთ.
"ობიექტურად რომ შევხედოთ, დიდი შრომაა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვა იმის დაბადებისთვის, რაც რეალურად პარაზიტია და 9 თვით თქვენს შიგნით ცხოვრობს, შემდეგ კი მომდევნო დეკადის განმავლობაში უნდა აღზარდოთ. დედაბუნება, შესაძლოა, ამ გზით "გვიტყუებდეს", რომ სახეობა არ გადაშენდეს", — თქვა სუკელმა.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა არის ორგაზმის დანიშნულება. შერმა აღნიშნა, რომ ეს ხანმოკლე ეიფორია ერთგვარი ჯილდოა სექსის ქონისთვის. ეს ჯილდო სექსუალურ ქცევას განამტკიცებს, ანუ მისი გამეორებისკენ გვიბიძგებს.
12. შესაძლოა, ორგაზმი ტვინს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმაროს
გარდა იმისა, რომ გამრავლებისკენ გვიტყუებს, ორგაზმი შეიძლება ტვინს ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც ეხმარებოდეს.
"რადგან ორგაზმის დროს ტვინს სისხლი გაცილებით უკეთ მიეწოდება, შესაძლოა, ევოლუციური თვალსაზრისით, ეს შეგრძნება ტვინისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც განვითარებულიყო", — განმარტა სუკელმა.
კვლევით იმასაც ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ერთ დროს ქალებში ორგაზმი ოვულაციას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ, ოვულაცია ახლა თავისით ხდება და სქესობრივ აქტივობაზე არაა დამოკიდებული.
კომენტარები