"ტკივილი მახსენებს, რომ ადამიანი ვარ" — ინტერვიუ ნობელიანტ ჰან განთან
53 წლის ჰან განი პირველი სამხრეთკორეელი მწერალი და პირველი აზიელი ქალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. განს ჯილდო გადაეცა "ექსპრესიული პოეტური პროზისთვის, რომელიც თვალს უსწორებს ისტორიულ ტრავმებს და ააშკარავებს ადამიანური ცხოვრების სიმყიფეს".
აღსანიშნავია, რომ მისი რომანი ვეგეტარიანელი, რომელმაც 2016 წელს ბუკერის საეთაშორისო პრემია დაიმსახურა, მალე ქართულადაც ითარგმნება და სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს. მწერლის ბოლო ნამუშევარი კი თეთრი წიგნია, რომელიც ავტობიოგრაფიულია და დანაკარგისა და მწუხარების შესახებ მოგვითხრობს.
გთავაზობთ ინტერვიუს ჰან განთან, სადაც მწერალი დის გარდაცვალების, მწერლობის გარდაქმნის ძალასა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.
თქვენი ახალი წიგნი თქვენი დის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაბადებიდან ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა. რამ გაგიჩინათ სურვილი ან რამ მოგცათ ძალა და შესაძლებლობა დაგეწერათ ამის შესახებ?
— ჩემს უფროს დაზე წერას არ ვაპირებდი. მე ჩემმა მშობლებმა გამზარდეს, რომლებმაც მისი დავიწყება ვერ შეძლეს. როდესაც ვცდილობდი ძალიან ადამიანური მხარე მეჩვენებინა, ასეთი დიალოგი დაიწერა: "ნუ მოკვდები. გთხოვ არ მოკვდე". ეს სიტყვები უცნაურად ნაცნობი იყო და ჩემს შიგნით ტრიალებდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ეს დედაჩემისგან მახსოვდა: მან მითხრა, რომ ამ სიტყვებს არაერთხელ ეუბნებოდა ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილ დას.
თქვენ წერთ იმაზე, თუ როგორ დაიბადეთ და გაიზარდეთ იქ, სადაც სიკვდილის კვალი იყო. როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენზე?
— ჩემი წიგნი არ ეხება მხოლოდ დანაკარგს. საუბარია იმაზეც, თუ რამდენად ძვირფასები ვართ. ჩემმა მშობლებმა მე და ჩემს დას გვითხრეს: "თქვენ ჩვენთვის ძალიან ძვირფასები ხართ და დიდხანს გელოდით", მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო მწუხარებაც. ეს ყველაფერი გლოვისა და თან ბედნიერი ცხოვრების ერთგვარი ნაზავია.
თქვენ წერთ და აღიარებთ წიგნში, რომ დედათქვენს პირველი ორი ბავშვი რომ არ დაეკარგა, თქვენ და თქვენი და არ დაიბადებოდით. როგორი გრძნობაა ეს?
— როდესაც დედაჩემი ჩემზე იყო ორსულად, ძალიან ავადმყოფობდა, რის გამოც უამრავ წამალს იღებდა. ასეთი სისუსტის გამო, აბორტის გაკეთებაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ იგრძნო როგორ ვმოძრაობდი და გადაწყვიტა, რომ ემშობიარა. ვფიქრობ, სამყარო გარდამავალია და მე იღბლიანი აღმოვჩნდი.
წიგნის პირველ გვერდებზე წერთ, რომ გსურთ ამ წიგნის დაწერის პროცესი გარდამტეხი იყოს, ასე აღმოჩნდა?
— დიახ, პროცესი ნამდვილად დამეხმარა. ყოველი დღე პატარა რიტუალს ჰგავდა, ლოცვას. როცა ვწერდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დღითი დღე უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი ჩვენს შიგნით არსებულ გარკვეულ ნაწილს, რომლის დანგრევა შეუძლებელია, რომლის დაზიანებაც არ შეიძლება.
მოზარდობიდანვე შაკიკს ებრძვით. როგორ იმოქმედა ამ დაავადებამ თქვენზე?
— შაკიკი ყოველთვის მახსენებს, რომ ადამიანი ვარ. როცა ტკივილი იწყება, მუშაობას, კითხვას, რუტინას ვწყდები, ეს კი თავმდაბლობისკენ მიბიძგებს, მეხმარება, გავიაზრო, რომ მოკვდავი და დაუცველი ვარ. სრულიად ჯანმრთელი და ენერგიული რომ ვყოფილიყავი, მწერალი ალბათ ვერც გავხდებოდი.
თქვენ თქვით, რომ 14 წლის ასაკში უკვე იცოდით, რომ მწერლობა გინდოდათ. საიდან იცოდით?
— ფუნდამენტურ კითხვებზე ყოველთვის ვეძებდი პასუხებს. შემდეგ, როგორც მკითხველმა, მივხვდი, რომ ყველა მწერალი პასუხებს ეძებს და მათ რაიმე დასკვნები არ აქვთ, მაგრამ მაინც წერენ. ამიტომ ვიფიქრე, რატომ არ უნდა გავაკეთო მეც იგივე?
მამათქვენიც მწერალია. რა გავლენა ჰქონდა თქვენზე ამას?
— სახლში უამრავი წიგნი გვქონდა, ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
რომელი იყო თქვენი საყვარელი საბავშვო წიგნი?
— ძალიან ბევრი კორეელი მწერალი მიყვარდა და თარგმნილი წიგნებიც, მაგალითად ასტრიდ ლინდგრენის ძმები ლომგულები.
რომელმა მწერლებმა მოახდინეს თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა?
— კორეელ მწერლებს შორის ლიმ ჩულ-ვუს მოთხრობები მიყვარს და უცხოელი მწერლებიდან დოსტოევსკი.
რომელ მწერალთან შეხვედრას ისურვებდით ყველაზე მეტად?
— მე არ მინდა მწერლებს შევხვდე. ისინი მათი წიგნებით უკვე გავიცანი. თუ მათი წიგნები წავიკითხე და რაღაც ვიგრძენი, ეს ძალიან ძვირფასი რამაა. მწერლები საკუთარ წიგნებში თავიანთ საუკეთესო მხარეს აჩვენებენ, ამიტომ მათი წაკითხვა საკმარისია.
თქვენმა რომანმა ვეგეტარიანელმა ბუკერის საეთაშორისო პრემია მიიღო. რა გავლენა იქონია ამან თქვენს კარიერაზე?
— მე შევხვდი უფრო მეტ მკითხველსა და უფრო ფართო აუდიტორიას. თუმცა, მინდოდა რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს პირად ცხოვრებას დავბრუნებოდი, რადგან კარგი მწერლისთვის დიდი ყურადღება ყოველთვის კარგი არ არის. შეუძლებელია ამაზე მუდმივად ამახვილებდე ყურადღებას და მაინც წერდე.
კომენტარები