ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე გადაიღო ქვა, რომელიც ადამიანის სახეს მოგვაგონებს
დედამიწის შემდეგ კაცობრიობის მიერ ყველაზე კარგად შესწავლილი პლანეტა მარსია, რომელზეც სიცოცხლის ნიშნების მოძიებასაც კი ვცდილობთ. ამისთვის იქ არაერთი რობოტული მისიაა გაშვებული, კერძოდ მავალები, რომლებიც ციური სხეულის ზედაპირზე გადაადგილდება და იქაური ლანდშაფტის შესახებ მონაცემებს აგროვებს.
ხშირად ისე ხდება, რომ ამ აპარატების კამერები წითელ პლანეტაზე საინტერესო ვიზუალური მახასიათებლების მქონე გეოლოგიურ წარმონაქმნებს აფიქსირებს. მაგალითად, მავალმა Perseverance-მა იქ ზებრას მსგავსი ზოლების მქონე ქვა გადაიღო, ახლახან კი მის ობიექტივში მოხვდა ქვა, რომელიც ფორმით ადამიანის სახეს მოგვაგონებს.
ის ეზეროს კრატერში მდებარეობს, რომელსაც Perseverance იკვლევს. მისი გამოსახულება NASA-ს "კვრის ფოტოს" კატეგორიაში გასული თვის ბოლოს მოხვდა. უნდა აღინიშნოს, რომ მას მხოლოდ უჩვეულო ფორმა გამოარჩევს და მეცნიერულად საინტერესო ნაკლებადაა.
ფენომენი, რომლის გამოც ქვა ყურადღებას იქცევს, პარეიდოლიის სახელითაა ცნობილი. ის ჩვენთვის ნაცნობი ობიექტების დანახვას გულისხმობს ისეთ საგნებში, რომლებსაც მათთან კავშირი არ აქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, როცა ღრუბლებში ცხოველების (ან სხვა რამის) ფორმებს ვხედავთ ხოლმე. სწორედ ეს ხდება ადამიანის სახის მაგვარი ქვის შემთხვევაშიც.
პარეიდოლიას თვითგადარჩენის ინსტინქტთან აკავშირებენ, რის გამოც ჩვენი წინაპრების გონება გარემოში ნაცნობი ობიექტების სახით ყოველთვის პოტენციურ საფრთხეს ეძებდა. ამის შესახებ ასტრონომი კარლ სეიგანი თავის წიგნში The Demon-Haunted World – Science as a Candle in the Dark წერს. ის ამბობს, რომ ეს ადრეული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუ, მაგალითად, ნანახს ბუჩქებში დამალულ ლომს მიამსგავსებდნენ, გარბოდნენ. ამის გამო, პოტენციურად, გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე იმათ, ვინც შესაძლო საფრთხეს ვერ ამჩნევდა.
ამის მიუხედავად, მსგავსმა სიფრთხილემ, რომელიც ევოლუციურად გადმოგვეცა, შესაძლოა, არასწორი ინტერპრეტაციებიც გამოიწვიოს, რისი დასტურიც მარსზე არსებული ზემოხსენებული ქვის სახედ აღქმაა.
კომენტარები