"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმ ფაშისტურ წყობილებას, რასაც ამჟამინდელი მთავრობა ახორციელებს", — ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა გიგი სარჯველაძემ განაცხადა. მან კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპზე JWT METRO-მ იმუშავა.

გიგი სარჯველაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული არ ყოფილა, რადგან არ სურს იმ ადამიანთან, კომპანიასთან თანამშრომლობა, რომლებიც „მსგავს ფაშისტურ წყობილებას რაიმე სახის თანამშრომლობას უწევენ“.

"უშუალოდ სააგენტოში, JWT METRO-ში არც ერთმა თანამშრომელმა ამის შესახებ არ იცოდა, არც ერთ თანამშრომელს ამ კლიპზე, ამ ვიზუალზე არ უმუშავია. შესაბამისად ყველასთვის შოკის მომენტი იყო, რადგან კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმ ფაშისტურ წყობილებას, რასაც ამჟამინდელი მთავრობა ახორციელებს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებდით იმიტომ, რომ, პირველ რიგში, თითი ჩვენკენ იყო გამოშვერილი; მეორე, რაც ჩვენმა დირექტორმა განაცხადა — სრული შოკი იყო ჩვენთვის. ჩემი პირადი მოტივაცია ის არის, რომ თუნდაც კომპანიაში და კომპანიის მიღმა, ყველა ჩემი ახლობელი არის წნეხის ქვეშ ამჟამინდელი მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკით. ყველანი ძალიან განვიცდით, რაც ქვეყანაში ხდება. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო რთული ჩემთვის. რადგან არ მინდა იმ ადამიანთან, კომპანიასთან და კომპანიის ეშელონთან თანამშრომლობა, რომელიც მსგავს ფაშისტურ წყობილებას რაიმე სახით მაინც თანამშრომლობას უწევს", – განაცხადა გივი სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპის გადაღების გამო, კომპანია JWT METRO თანამშრომლებმა დატოვეს. როგორც კომპანიის დირექტორი, ნიკა ბოჭორიშვილი აცხადებს, კლიპი ფრილანსერების გუნდთან ერთად გადაიღეს.