შეიმუშავეს ბგერითი ტალღა, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს
წარმოიდგინეთ სამი ადამიანი წრეში ზის, მაგრამ როდესაც ერთი საუბრობს, მხოლოდ მეორეს ესმის. ზუსტად ასეთი რეალობის შესაქმნელად, მეცნიერებმა ისეთი ხმის ტალღები შექმნეს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით ვრცელდება.
ტექნოლოგია ციურიხში, ETH-ისა და შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს. მოწყობილობა სპეციალური ღრუსგან შედგება, რომელსაც სამი თანაბარი ზომის მქონე წერტილი აქვს. ამ წერტილებიდან ხმის გაგზავნაა შესაძლებელი.
არააქტიურ მდგომარეობაში პირველი წერტილიდან გადაცემული ხმა ისმის მეორე და მესამე წერტილებში. საბოლოოდ, ხმის ტალღები ბრუნდება პირველ წერტილში, როგორც ექო.
თუმცა, როდესაც სისტემა მუშაობს, მხოლოდ 2 წერტილია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ პირველი წერტილიდან წამოსული ხმა მხოლოდ მეორე წერტილში ისმის.
ინოვაცია ღრუში მბრუნავ ჰაერშია. ჰაერის სიჩქარე და ინტენსივობა ხმის ტალღების განმეორებადობის სინქრონიზების საშუალებას იძლევა. შედეგად ტალღები მხოლოდ ერთი მიმართულებით, კიდევ უფრო დიდი ენერგიით იგზავნება.
მკვლევრების თქმით, მათი ინოვაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს კიდევ უფრო დახვეწავს. ახალი მეტამასალები შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ ხმის ტალღებით, არამედ ელექტრომაგნიტური ტალღებითაც.
"ამ ტექნოლოგიის მორგება სხვა სისტემებზეც შეგვიძლია", — თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ნურეიმ.
სინათლის ან წყლის ტალღების მსგავსად, ხმის ტალღები ტიპურ გარემოში ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი რხევები შეიძლება გავრცელდეს როგორც უკან, ისევე წინ.
წრეში მყოფი ადამიანების მაგალითს რომ დავუბრუნდეთ: კლასიკურ შემთხვევაში მათ ერთმანეთის მკაფიოდ მოსმენა შეუძლიათ, რადგან ხმის ტალღები ორივე მიმართულებით თავისუფლად მოძრაობს.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ერთი მიმართულებით ხმის დახშობა გვინდა. ასეთ შემთხვევაში ხმას მხოლოდ ერთი ადამიანი გაიგონებს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მის გვერდით ზის. ამასთან, მსგავსი ფორმით გაგზავნილი ტალღები უფრო ინტენსიური შეიძლება იყოს.
მკვლევრების თქმით, მსგავსი ტექნოლოგია მეცნიერებს ხმის ტალღების დამორჩილებაში დაეხმარება. ეს კონცეფცია შეიძლება გამოიყენონ ელექტრომაგნიტური ტალღების წარმართვისას უკეთესი რადარისა და საკომუნიკაციო სისტემებისთვის.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები