რა არის მთვარის ზედაპირის ქვეშ? — ახალი კვლევა შესაძლო პასუხს გვთავაზობს
ვიცით, რომ დედამიწის ქერქის ქვეშ დამდნარი ქანები გადაადგილდება, რაც ტექტონიკური ფილების მოძრაობასაც იწვევს, მაგრამ რა არის მთვარის ზედაპირის მიღმა? გვხვდება თუ არა მის სიღრმეშიც ასეთი მატერია?
ამის შესახებ მეცნიერები დიდი ხანია, მსჯელობენ. ახალი კვლევის შედეგები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მართლაც ასე იყოს, რისი პოტენციური დასტურიც ისაა, თუ როგორ რეაგირებს ეს ციური სხეული დედამიწისა და მზის მიზიდულობის გავლენაზე.
ჩვენს პლანეტაზე ამგვარი ზემოქმედების შედეგები თუნდაც ოკეანეების მიქცევ-მოქცევის სახით მკაფიოდ ჩანს, მთვარის შემთხვევაში კი მისი ფორმისა და გრავიტაციის მცირე ცვლილების სახით ვლინდება. ამის მიუხედავად, უმთავრესი მაინც მის სიღრმეში მიმდინარე პროცესებია, ამიტომ მეცნიერებმა ყურადღება სწორედ მათზე გაამახვილეს.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტები მთვარის ე.წ. მოქცევითი ცვლილებების შესახებ მონაცემებს ერთი წლის განმავლობაში აგროვებდნენ. ამისთვის კი NASA-ს Gravity Recovery and Interior Laboratory (GRAIL)-ისა და Lunar Reconnaissance Orbiter-ის მისიების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენეს.
მათ დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის ფორმის, გრავიტაციული ველის, საშუალო სიმკვრივისა თუ სხვა მახასიათებლების ყოველთვიური და წლიური ცვლილებები შეაჯერეს. შედეგად, მთვარის შიდა სტრუქტურის ბუნების სიმულირება შეძლეს.
დადგინდა, რომ სიმულაციაში მთვარის მანტიის ძირში დამდნარი ქანების მსგავსი მატერიის ინტეგრირებით ციური სხეულის რეალური გრავიტაციული მახასიათებლები უფრო მარტივად ახსნადი გახდა. თუ ასეა, ვარაუდობენ, რომ ეს დამდნარი შრე ტიტანით მდიდარ მინერალ ილმენიტით უნდა იყოს მდიდარი.
გაჩნდა ახალი კითხვებიც, მაგალითად, რა არის სითბოს წყარო, რომელიც მატერიის დამდნარ მდგომარეობაში შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამაზე პასუხის გასაცემად დამატებითი კვლევებია საჭირო, უკანასკნელი ნაშრომი კი ამერიკული გეოფიზიკური კავშირის გამოცემაში გამოქვეყნდა.
კომენტარები