"ოცნება" VS კრიტიკული მედია — 3 ტელევიზია ჯარიმების მოლოდინში
ქართული ოცნება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველზე სპეკულირებას კვლავ ომითა და მშვიდობით განაგრძობს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი მას შემდეგ გახდა, როდესაც თბილისის ქუჩებში ახალი ბილბორდები — "არა ომს! აირჩიე მშვიდობა!" გამოჩნდა.
საარჩევნო ბილბორდებმა როგორც ქართველ ამომრჩეველში, ისე საერთაშორისო პარტნიორებში აღშფოთება გამოიწვია. ბევრი მას ომში მყოფი უკრაინელი ხალხისა და საქართველოს უკრაინასთან ისტორიული მეგობრობის უპატივცემულობად აფასებს.
ბილბორდების გამოჩენიდან მალევე განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ "თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან".
ვრცლად იხილეთ:უკრაინა გმობს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებზე ომის კადრების გამოყენებას
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ "ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია".
გარდა უკრაინისა, საარჩევნო ბილბორდები საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროკავშირის ელჩმაც დაგმეს.
ევროკავშირის ელჩმა ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა.
კამპანიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და ოცნების ბილბორდებს "კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატები" უწოდა.
ვრცლად სალომე ზურაბიშვილის განცხადება ნახეთ აქ
ოცნების იერიში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ
ქვეყნის სამმა ოპოზიციურმა მედიამ — მთავარმა არხმა, ფორმულამ და ტვ პირველმა ოცნების პროპაგანდისტულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, სადაც ომის შედეგად დანგრეული უკრაინული ტაძრები და შენობებია გამოსახული, განცხადება გაავრცელა.
მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ "მმართველი პარტიის რუსულ პროპაგანდას" და აღნიშნული ვიდეორგოლების ეთერში გაშვებაზე უარს ამბობენ.
"ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე— ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ ქართული ოცნების რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე", — ნათქვამია სამი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელევიზიების განცხადება სრულად ნახეთ აქ
ტელევიზიებს მხარდაჭერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გამოუცხადა:
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ ქართული ოცნების არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინელ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ტელევიზიების გადაწყვეტილებას მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა. ორგანიზაცია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობას უცხადებს და გმობს ქართული ოცნების ქმედებებს, რომელიც "ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის" და მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების მიმართ მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ქართულმა ოცნებამ სამი ოპოზიციური ტელევიზიის — მთავარი არხის, ფორმულას და ტვ პირველის, წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ოთხი სარჩელი შეიტანა, აქედან ერთი წერილობითი გაფრთხილებით დასრულდა, 2 — ჯარიმით (5 000 ლარის ოდენობით). მეოთხე სარჩელზე, რომელიც უკრაინის ომთან დაკავშირებული ვიდეორგოლების არ გაშვებას უკავშირდება, კომუნიკაციების კომისიამ 9 ოქტომბერს, სამართალდარღვევა დაადგინა და ახლა ტელევიზიები კიდევ ერთი ჯარიმის მოლოდინში არიან.
NEWS.On.ge თემასთან დაკავშირებით ტვ პირველის იურისტს, თორნიკე მიგინეიშვილს დაუკავშირდა. მიგინეიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მოლოდინი, რომ სასამართლო ტელევიზიებს გაამართლებს.
"ეს, რომ იყოს პირველი სარჩელი ან პირველი განხილვა, კიდევ გვექნებოდა იმის მოლოდინი, რომ სასამართლო ან მარეგულირებელი კომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. უკვე მეოთხე კვირაა, ერთი და იგივე პარტიიდან, ერთი და იგივე საჩივარი შემოდის ჩვენს წინააღმდეგ. თავიდანვე გრჩება განცდა, რომ ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და COMCOM იცავს ოცნების ინტერესებს," — აღნიშნავს ადვოკატი.
კომენტარები