გამოავლინეს 2 ჩვევა, რომლებიც ნაკლები წონის ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ
კვლევის ავტორებმა ინტერვალურ შიმშილზეც დააფიქსირეს აზრი.
წონის მართვისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ როდის ვაკეთებთ ამას. ახალი კვლევით მეცნიერებმა ორი მთავარი ჩვევა გამოავლინეს, რომელიც ხანგრძლივად შედარებით დაბალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე ადამიანებს ახასიათებთ. ესენია: ღამის საათებში დიდხანს შიმშილი და დილით ადრე საუზმობა.
სხეულის მასის ინდექსი (BMI) სპეციალური საზომია, რომლითაც აფასებენ, რამდენად ჯანსაღი წონა აქვს ადამიანს. BMI-ს ადამიანის სიმაღლისა და სხეულის მასის მიხედვით ითვლიან.
ნაშრომზე ბარსელონის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტი (ISGlobal) მუშაობდა. კვლევა 7 ათასზე მეტ ადამიანს მოიცავდა, რომელთა ასაკიც 40-იდან 65 წლამდე მერყეობდა. ისინი პროექტში მონაწილეობდნენ, სახელად GCAT | Genomes for Life cohort.
2018 წელს მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. ეს თემები იყო: სიმაღლე, სხეულის მასა, კვების დროები, სხვა ყოველდღიური ჩვევები და სოციოეკონომიკური სტატუსი. 2023 წელს, ანუ ხუთი წლის შემდეგ, კვლევის შემდგომი ეტაპისთვის სამიათასზე მეტი მონაწილე დაბრუნდა. მათ იგივე მონაცემები მკვლევრებს ხელახლა მიაწოდეს და ახალი კითხვარებიც შეავსეს.
"ჩვენი შედეგები სხვა კვლევებს მიესადაგება და აჩვენებს, რომ ღამით შიმშილის გახანგრძლივება, შესაძლოა, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას უწყობდეს ხელს, თუ სადილსა და საუზმეს ადრე მივიღებთ", — აცხადებს ლუსიანა პონს-მუცო, ISGlobal-ის იმდროინდელი მკვლევარი.
მეცნიერების აზრით, ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ საკვების ადრე მიღება ცირკადულ რიტმებს უკეთ ერგება, რაც კალორიების წვასა და მადის დარეგულირებას უწყობს ხელს; ეს, თავის მხრივ, ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში გვეხმარება.
"ამის მიუხედავად, საბოლოო დასკვნების გამოსატანად ჯერ ძალიან ადრეა, ამიტომ რეკომენდაციების გასაცემად უფრო მყარი მონაცემები დაგვჭირდება", — აღნიშნავს პონს-მუცო.
მკვლევრებმა მონაცემები ბიოლოგიური სქესის ჭრილშიც გააანალიზეს. ქალებს, კაცებთან შედარებით, შემდეგი მახასიათებლები გამოეკვეთათ: უფრო დაბალი BMI ჰქონდათ, მეტად მისდევდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ნაკლებად მოიხმარდნენ ალკოჰოლს, მეტი ფსიქიკური პრობლემა ჰქონდათ და უფრო ხშირად იყვნენ პასუხისმგებელნი სახლის ან ოჯახის მოვლაზე.
მეცნიერებმა მეთოდი, სახელად კლასტერული ანალიზი გამოიყენეს, რათა მსგავსი მახასიათებლების მქონე ინდივიდები დაეჯგუფებინათ. მკვლევრები კაცების პატარა ჯგუფმა გააკვირვა, რომლებიც პირველად 14:00-ის შემდეგ მიირთმევდნენ და საშუალოდ 17 საათის განმავლობაში არაფერს არ ჭამდნენ. დანარჩენებთან შედარებით ამ ადამიანებს ნაკლებად ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდათ (უფრო ხშირად მოიხმარდნენ თამბაქოსა და ალკოჰოლს, ფიზიკურად ნაკლებს აქტიურობდნენ და ხმელთაშუაზღვის დიეტასაც ნაკლებად მისდევდნენ), ნაკლები განათლება ჰქონდათ და უფრო ხშირად იყვნენ უმუშევრები. მსგავსი რამ ქალების არცერთ ჯგუფში არ შეუნიშნავთ.
მკვლევრებმა ინტერვალურ შიმშილზე თავიანთი აზრი გაგვიზიარეს:
"ე. წ. ინტერვალური შიმშილის არაერთი გზა არსებობს და ჩვენი კვლევა ერთ-ერთ მათგანს, ღამის განმავლობაში შიმშილს, უკავშირდება. კაცების ერთ-ერთ ქვეჯგუფში ვიხილეთ, რომ საუზმის გამოტოვებით ინტერვალურ შიმშილს სხეულის მასაზე არანაირი გავლენა არა აქვს", — აცხადებს კამილ ლასალი, ISGlobal-ის მკვლევარი და ნაშრომის თანაავტორი.
მისი თქმით, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიან ადამიანებში წონის შემცირებისთვის ეს ტაქტიკა სულაც არაა იმაზე ეფექტიანი, ვიდრე უბრალოდ ნაკლები კალორიის მიღება. ამ შემთხვევაში საუბარია ხანგრძლივ ვადაზე.
"ჩვენი ნაშრომი ამომავალი დარგის, ქრონონუტრიციის, ნაწილია, რომელიც მიღებული საკვების რაობის გარდა იმასაც ითვალისწინებს, თუ რა დროს და დღეში რამდენჯერ ვჭამთ", — ამბობს ანა პალომარ-კროსი, ISGlobal-ის იმდროინდელი მკვლევარი — "კვლევას საფუძვლად იმის ცოდნა უდევს, რომ კვების უჩვეულო ყაიდა, შესაძლოა, ვერ მოერგოს ცირკადულ სისტემას — შინაგან საათებს, რომლებიც სადღეღამისო ციკლებსა და მათ თანმდევ პროცესებს არეგულირებს".
ცნობისთვის, ISGlobal-ს ქრონონუტრიციის საკითხი აქამდეც შეუსწავლია. მათ ორი სხვა ნაშრომი გამოაქვეყნეს, რომელთაც მსგავსი შედეგები აქვს.
ახალ კვლევას გამოცემაში Journal of Behavioral Nutrition and Physical Activity გაეცნობით.
კომენტარები