ლევან აკინის "გზაჯვარედინი" — ლიკა ხუნდაძის რეცენზია
წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორი ლევან აკინი ახალი ფილმით გზაჯვარედინზე კიდევ ერთ ახალ ნიშანს სვამს კინემატოგრაფიულ რუკაზე LGBTQ თემის შესახებ.
გარდა იმისა, რომ გზაჯვარედინმა ევროპული კინოს მოყვარულები ამა ქვეყნისა აალაპარაკა, ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის სექცია პანორამა გახსნა და Teddy Award-ის პრიზიც ერგო, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რეჟისორის არაცნობიერი მისიაც შეიძლებოდა ყოფილიყო - ძალიან სწორ დროს გამოჩნდა ქართველი მაყურებლის წინაშე.
ლევან აკინმა, როგორც ჩანს, ამჯერად ამბის თხრობის საზგაო ხერხი აირჩია და გზაჯვარედინზე ცალსახად გზის ფილმია - ასე იმ სიუჟეტის ფილმებს უწოდებენ, სადაც პერსონაჟები სახლიდან შორს, თავგადასავალში მიეშურებიან.
და სად არის გზაჯვარედინი? ბათუმიდან სტამბულში, სტამბულიდან ბათუმში, თბილისში?.. ყველგან, სადაც დაკარგვა შეგიძლია..
თმაში ჭაღარა შერეული ქალბატონი ლია, რომელსაც წარსულში ისტორიის მასწავლებლობის გამო, ბათუმში "ლია მასწ"-საც ეძახიან, სტამბულში მისი ტრანსგენდერი დისშვილის - თეკლას მოსაძებნად მიდის, რათა თავის გარდაცვლილ დას ბოლო სურვილი, იპოვოს მისი დაკარგული შვილი, შეუსრულოს.
ფილმში როგორც ამბობენ, სტამბული შეიძლება ის ქალაქია, სადაც ხალხი იმიტომ მიდის, რომ გაუჩინარდნენ… და სად არის თეკლა?
ლია მასწავლებელს ამ უგზოუკვლო თავგადასავალში ბათუმელი ბიჭი, აჩი უწევს კომპანიონობას, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ დედამისი გარდაცვლილია, თორემ სხვანაირად ხომ არ მიატოვებდა? თურმე წლების წინ ისიც სტამბულში წასულა და გაუჩინარდა.. მაგრამ აკინი ამ ისტორიას არ გვიშლის და კამერა მაინც თეკლას ეძებს მთელი ფილმის განმავლობაში.
თურქული მუსიკით სავსე ატმოსფეროსა და პასტელური ფერებით აწყობილ კადრებში, ლია "მასი" არაერთ ტრანსგენდერთა საცხოვრებელს მოივლის ფეხით, მაგრამ არავინ იცნობს 27 წლის თეკლას საქართველოდან..
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი გარდაცვლილ დას სურვილს ვერ აუსრულებს და თავის დისშვილს ბოდიშს ვერ მოუხდის, ვერ ეტყვის რომ წუხს, რადგან საკმარისად ვერ დაიცვეს.. რომ საკმარისად არ ეცადნენ… რომ ამდენი იფიქრეს იმაზე, თუ რას იტყოდა ხალხი.. ლია მასწავლებელი გახდება მეგობარი, კეთილისმსურველი და დეიდა ბევრი სხვა ტრანსგენდერისთვის, რომელსაც მსგავსი ახლობელი შეიძლება სულაც არ ჰყოლიათ.. ამით ერთგვარად თავის დარდსაც იშუშებს ლია.. მის მზერაში მუდამ სიკეთე, მიმღებლობა და სევდა ირეკლება, გააზრება, რომ ისინიც ჩვენ ვართ, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და უსამართლობა, რომ სამართლებრივ და ცხოვრებისეულ კანონებში ეს ასე არაა.
ლევან აკინის გზაჯვარედინი ემოციურად ფოკუსირდება ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების სირთულეებზე, გვაცნობს ძალიან ბევრ მათგანს — ზოგი იურისტია, ზოგი მოცეკვავე, ზოგი სტილისტი.. და ამ ყველაფერს რეჟისორი გროტესკულად გვიყვება, ზუსტად ისე როგორი იუმორიც მათ აქვთ, მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა.
აკინის ფილმი სწორედ იმ დროს გამოჩნდა საზოგადოებაში, როცა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" მივიღეთ კანონპროექტი, რომლის ფონზეც, საქართველოში დაუშვებელი ხდება "საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ", დღეს როცა საქართველოში პირველი ტრანსი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს, წესის აგების გარეშე დაკრძალეს და ქვეყანაში, სადაც მის მკვლელს აუცილებლად აუგებენ წესს და ჭიქა ღვინოსაც წაუქცევენ საფლავზე.
სად არის თეკლა? სად არიან სხვები..? რატომ ვაიძულებთ ადამიანებს, რომ გაიქცნენ ქვეყნიდან და გაუჩინარდნენ? ამ კითხვებზე პასუხებს ლევან აკინიც ვერ გვეუბნება, თუმცა პასუხი ალბათ ყველა ჩვენგანმა ვიცით.
კომენტარები