ნახეთ: როგორი სკაფანდრები ეცმევათ ჩინელ ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე ყოფნისას
ჩინეთის ეკიპაჟიანი კოსმოსური მისიების სააგენტომ (CMSE) ახლახან საზოგადოებას წარუდგინა სკაფანდრები, რომლებიც ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე ყოფნისას ეცმევათ. გეგმის მიხედვით, ეს ისტორიული ფრენა მიმდინარე დეკადის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
თუ აღნიშნული მისია დროულად და წარმატებით განხორციელდება, შესაძლოა, ჩინეთი გახდეს ქვეყანა, რომელიც მთვარის ზედაპირზე ადამიანებს 1972 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაგზავნის. ესაა თარიღი, როცა ასტრონავტებმა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ბოლოს გაიარეს.
ამ მხრივ ჩინეთის კონკურენტი აშშ-ის კოსმოსური სააგენტოა, რომელსაც ასევე სურს, რომ მთვარეზე მისია შეძლებისდაგვარად მალე გაუშვას, არაუგვიანეს 2026 წლის სექტემბრისა. ტექნოლოგიური და ბიუჯეტთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, რომელი იქნება პირველი.
რაც შეეხება ჩინურ სკაფანდრს, მისი დიზაინი სამთავრობო მედია CCTV-ის ვიდეოში 28 სექტემბერს ვიხილეთ. მას სპეციალური დამცავი ფუნქცია აქვს, რათა ასტრონავტებს კოსმოსურმა რადიაციამ და მთვარეზე არსებულმა მტვერმა არ ავნოს. ჩაფხუტზე კამერებია დამონტაჟებული, ხოლო წელისა და ფეხების გასწვრივ სიგრძეზე წითელი ზოლებია, რაც ჩინური ტრადიციული ხელოვნებითაა შთაგონებული, თან მმართველ კომუნისტურ პარტიასაც უკრავს კვერს. ვიდეოში სკაფანდრის მოქნილობაც ჩანს.
დიზაინერები ამბობენ, რომ სკაფანდრი მარტივად მოძრაობის საშუალებას იძლევა იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიცვლება სხეულის მდგომარეობა. ის ადამიანს კარგად ერგება და დიდი წონა არ აქვს, ამიტომ ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე გავლა არ უნდა გაუჭირდეთ.
აღსანიშნავია, რომ იქ ეკიპაჟის გაშვებამდე ჩინეთი რობოტული მისიების გაგზავნას 2026 და 2028 წლებში გეგმავს, რათა საკვლევი ბაზის მშენებლობას ჩაუყაროს საფუძველი.
კომენტარები