ნახეთ: ზონდმა გადაიღო, როგორ მძვინვარებს მზის ტურბულენტური პლაზმა
მზე ჩვენს პლანეტურ სისტემაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი მასიურობისა და სინათლის დამსახურება როდია. დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოზე გავლენა მზის ქარსაც აქვს, რომელსაც პლაზმის ნაკადები იწვევს. ის ვარსკვლავის ატმოსფეროს იმ ნაწილიდან მომდინარეობს, რომელსაც გვირგვინი ეწოდება.
ასტრონომები ამ ქაოსურ რეგიონს ევროპულ კოსმოსურ ზონდ Solar Orbiter-ის კორონოგრაფ Metis-ით დააკვირდნენ, რომელიც იტალიაშია შექმნილი. ეს მისია მზის ახლოდან შესწავლას ისახავს მიზნად. აპარატი მალე ორბიტულ სიბრტყეს შეიცვლის, ჩვენი მნათობის თავზე მოექცევა და მისი პოლუსების შესახებ მოიპოვებს ინფორმაციას.
რაც შეეხება თავად Metis-ს, მას კორონოგრაფი ეწოდება, რადგან მზის დისკოს ძირითადი ნაწილის სიკაშკაშეს ბლოკავს, შედეგად კი გვირგვინში მიმდინარე ქაოსურ პროცესებს აღბეჭდავს. უკანასკნელი კადრები მან 2022 წლის 12 ოქტომბერს გადაიღო, როცა ვარსკვლავისგან 43.4 მილიონი კილომეტრი აშორებდა.
ამ გასაოცარი ვიდეოს მისაღებად მეცნიერებმა კორონოგრაფის მონაცემებს სხვა ხელსაწყოს ულტრაიისფერი დაკვირვებებისას მოპოვებული ინფორმაციაც დაუმატეს. კადრებში მზის ქარის მოძრაობა ჩანს, რომელიც მზის ზედაპირთან ახლოს იწყება და პლანეტათაშორის სივრცეში გრძელდება.
გვირგვინის შიგნით პლაზმის ასეთი გადაადგილება მზის ქარის გაცხელებასა და ვარსკვლავისგან მოშორებით მის მოძრაობაზე ახდენს გავლენას. ასევე იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ის პლანეტების ატმოსფეროებსა და მაგნიტურ ველებზე. ამ მექანიზმების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან მზის ქარი დედამიწამდეც აღწევს და მის გარშემო არსებულ ხელოვნურ თანამგზავრებთან უერთიერთქმედებს.
ავტორთა ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები