სულაც არა ვართ ხორცეულის ქვეყანა — 10 სასიქადულო ქართული ვეგანური კერძი
ქვეყნების უმრავლესობაზე არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც ამ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს უკვე ყელში ამოუვიდათ. აი, მაგალითად, ის, რომ საფრანგეთი მხოლოდ კრუასანი, ეიფელის კოშკი და ბაგეტია. მე კი ფრანგებზე უფრო ნაკლები გრაციოზულობით ვბრაზდები ხოლმე, როცა მორიგ ტურისტს საქართველოდან წაყოლილ შთაბეჭდილებად მხოლოდ ხინკალი და მწვადი ახსენდება.
არა, სულაც არ ვართ ხორცეულის ქვეყანა. მეტიც, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მატარებელი ქართული სამზარეულო მდიდარი ვეგანური ასორტიმენტით გამოირჩევა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად რჩება ხოლმე ხინკლის ნაოჭების ჩრდილში. არადა, იმ ფონზე, რომ მსოფლიოში ვეგანების და ვეგეტარიანელების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ვფიქრობ, ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო გზავნილი ისიც უნდა იყოს, თუ როგორი ფერადოვანი მცენარეული სუფრის გაწყობა შეგვიძლია — ისეთის, რომ ჩიტის ნუშის რძეც არ აკლდეს.
1. ნიგვზიანი ბადრიჯანი
სიას, რასაკვირველია, ვიწყებთ ქართული ვეგანური სუფრის დედოფლით (ან მეფით — რომელიც გენებოთ). გავლენიანმა კულინარიულმა ვებგვერდმა TasteAtlas-მა ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოში 5 საუკეთესო ვეგანურ კერძს შორისაც დაასახელა. ამ კერძს საქართველოში შეხვდები ლხინის სუფრაზეც და ჭირის სუფრაზეც. ბლომად ნიგვზით, მწვანილით, სუნელებითა და ძმრით შეზავებული შემწვარი ბადრიჯნის ხვეულა, რომელსაც თავზემოთ ლალივით წითლად მოელვარე ბროწეულის მარცვალიც ამშვენებს, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული აპეტაიზერია.
2. აჯაფსანდალი
თუ შინ ნიგოზი არ მოგეძებნება, მაგრამ აქა-იქ მორჩენილ ბოსტნეულს მოჰკარი თვალი, დროა, ყველაზე საზაფხულო კერძის მზადებას შეუდგე. აჯაფსანდალი კი ალბათ ნაკლებადაა ექსკლუზიურად ქართული სამზარეულოს საკუთრება, მაგრამ ხშირად ამბობენ, რომ ეს კერძი სწორედ საქართველოს მრავალფეროვნებას ასახავს. მართლაც: იმის მიუხედავად, რომ "აჯაფსანდალს" საუბრულ ქართულში უწესრიგობის სინონიმადაც კი იყენებენ, ეს კერძი სხვადასხვა გემოს ჰარმონიულად შერწყმის ხელოვნებაა.
3. ისპანახის ფხალი
დავუბრუნდეთ ნიგვზიანებს: ფხალეულობა ნებისმიერი სუფრის მშვენებაა. ფხალი კი იმდენგვარი შეიძლება იყოს, რამდენიც გაგიხარდება. ისპანახის, ჭინჭრის, ნაცარქათამას, ჭარხლის, კომბოსტოს, პრასის, ეკალას... მოკლედ, გადი ბაღში და რაც დაგხვდება, შეგიძლია ფხლად აქციო. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ კომბოსტო და ჭარხალი დიდად არ მიყვარს, მათით მომზადებულ ფხალზე გემრიელი ცოტა რამ თუ გამისინჯავს. კიდევ ერთი დასტური, რომ ნიგოზი ყველაფერს აკეთილშობილებს. თუმცა, ნიგოზი ფხლის შეუცვლელი ინგრედიენტი არ გახლავს, ასე რომ, სურვილისამებრ შეგიძლია ამოაკლო რეცეპტს.
4. ღანძილი
რადგან ბაღის ბალახეულობაზე ჩამოვარდა სიტყვა, უნიგვზოდ და უმარტივესად მოსამზადებელ ღანძილსაც სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. საქმე ისაა, რომ ღანძილი საქართველოში ხორცეულის ყველაზე დიდ მოყვარულად ცნობილი კახეთიდანაა. ამ მცენარეს, რომელსაც ველურ ნიორსაც ეძახიან, გაზაფხულზე კახური ზეთით, ძმრით და ქინძით აზავებენ და ისე მიირთმევენ. თუ ნიგოზი ჩემსავით გიყვარს, ისიც შეგიძლია დაუმატო.
5. ღოლოს შეჭამანდი
ისევ ბაღში დავრჩეთ, ოღონდ კახეთიდან ჩემს მშობლიურ ქართლში, წვნიანებით ცნობილ რეგიონში გადავინაცვლოთ. ქართლური შეჭამანდებიდან ყველაზე ცნობილი შინდის და ღოლოს წვნიანებია. ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლებადაა ცნობილიც და დაფასებულიც, ამიტომ, მასზე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას. თავად ღოლო სამკურნალო თვისებებითაა ცნობილი, მაგრამ მისი შეჭამანდი ნამდვილი დელიკატესია. სხვათა შორის, ღოლოს ფოთლებისგან ასევე შეიძლება მომზადდეს ფხალი და მხლოვანი.
6. ლობიანი
არასდროს მესმოდა იმ ხალხის, ვინც მარადიულ ჯახში — ლობიანი თუ ხაჭაპური — ამ უკანასკნელის მხარეს დგებოდა. არადა, ფაქტია, რომ ჩვენი მკითხველების უმრავლესობა სწორედაც რომ #Teamხაჭაპურია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ლობიანი ერთ-ერთი საუკეთესო ვეგანური კერძია და, იმის მიუხედავად, რომ პოპულარობას არ უჩივის, მეტ დაფასებას იმსახურებს.
7. ღომი
რადგან ლობიანმა რაჭისკენ წაგვიყვანა, ბარემ დასავლეთში დავრჩეთ და მეგრული სამზარეულოს მარგალიტზე, ღომზე, ვილაპარაკოთ. ცხარე კერძებით განთქმული მეგრული სუფრა ვეგეტარიანული კერძების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის: ელარჯი, გებჟალია, ჭვიშტარი, ფუჩხოლია... თუმცა, მათ ფონზე, რატომღაც, ყოველთვის იჩრდილება ხოლმე ვეგანური ღომი, რომელსაც, ჩემი აზრით, ყველზე მეტად ქართული სოუსების უპირობო მეფე, ბაჟე, უხდება. აი, გაფიცხებულ ღომზე კი ალბათ ვერასდროს ვიტყვი უარს...
8. სოკოს ჩაქაფული
დავუბრუნდეთ აღმოსავლეთს და კიდევ ერთხელ გავაქარწყლოთ მითი, რომ კახურ სუფრაზე ვეგანური კერძი სანთლით საძებარია. არადა, სოკოს ჩაქაფული ისეთი არომატულია, თვალდახუჭულიც კი გაპოვნინებს თავის თავს. ეს ძალიან საგაზაფხულო კერძი, რომელსაც ტყემლით, ღვინით და სხვადასხვა მწვანეულობით კაზმავენ, ვიზუალურადაც მაშინვე მიიქცევს შენს ყურადღებას, გასინჯვის შემდეგ კი მისი საოცრად ცოცხალი, მრავალფეროვანი გემო მოლოდინს აუცილებლად გადააჭარბებს.
რადგან სოკოზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი ტრადიციული ქართული კერძის ვეგანურ ალტერნატივად სოკოს ხინკალს შემოგთავაზებდით, რომელიც ხინკლების დაძაბულ ომში უპრობლემოდ მოიპოვებდა გამარჯვებას.
9. თათარა
ბოლოსკენ, გადავიდეთ დესერტზე, ან, როგორც უფრო ქართულად იტყვიან — ჩაროზზე. აი, ქართული ჩაროზის განყოფილებაში კი ვეგანური ნუგბარი ნამდვილად დომინირებს. რადგან ზემოთ ტყემალი ვახსენეთ, დესერტებშიც პირველს ტყლაპს გავიხსენებდი. თუმცა, ამ ნაწილში შეუცვლელი ლიდერი თათარაა, რომელსაც ქართულ პუდინგადაც მოიხსენებენ ხოლმე. როგორც უნდა ეძახდე: თათარას თუ ფელამუშს, როგორც უნდა ამზადებდე: ხორბლის ფქვილით თუ სიმინდის ფქვილით — ეს მარტივი, უპრეტენზიო რეცეპტის მქონე კერძი ქართული სუფრის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. სქელ ბადაგში ორგზის ამოვლებულ ჩურჩხელას კი ვერცერთი ხემსი ვერ დაუდგება გვერდით.
10. მესხური გოზინაყი
დაბოლოს — კიდევ ერთი დესერტი, რომელიც მთლად თათარასავით დაფასებული არაა. გოზინაყს კი ახალ წელს ალბათ ყველა ქართულ ოჯახში შეხვდები, მაგრამ მისი ვეგანური ნათესავი, მესხური გოზინაყი, მაინცდამაინც ცნობილი არ არის. ისტორიულ მესხეთში გოზინაყს ბაქმაზისგან აკეთებენ. ბაქმაზი, იგივე მესხური თაფლი, თეთრი თუთის ტკბილი წვენისგან მომზადებული პროდუქტია, რომელსაც სასარგებლო თვისებებიც გამოარჩევს. ასე რომ, ნებისმიერ კერძში არა მხოლოდ თაფლს ჩაანაცვლებს თავისუფლად, არამედ სხვა ვეგანურ ალტერნატივებსაც, მაგალითად, ნეკერჩხლის სიროფს.
კომენტარები