მეცნიერებმა სამხრეთაფრიკელი ადამიანების უძველესი გენომები გაშიფრეს
მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში მიკვლეული ადამიანების უძველესი გენომები გაშიფრეს. ისინი ორ ადამიანს — ქალსა და კაცს — ეკუთვნის, რომლებიც ამ რეგიონში დაახლოებით 10 000 წლის წინ ცხოვრობდნენ.
მათ ჩონჩხებს სპეციალისტებმა დასავლეთ კაპლანდის პროვინციის ქალაქ ჯორჯში არსებულ ერთგვარ გამოქვაბულში მიაკვლიეს, რომელსაც ოუკჰესტი ეწოდება. ეს ადამიანები 1300-10 000 წლის წინ მცხოვრებ იმ 13 სამხრეთაფრიკელ ინდივიდს შორის არიან, რომელთა გენეტიკური მასალაც "დეკოდირებულია". მანამდე ამ არეალში უძველესი გაშიფრული გენომები დაახლოებით 2000 წლის წინანდელი იყო.
საინტერესო ისაა, რომ 10 000 წლის წინანდელი გენომები გენეტიკურად ჰოტენტოტებისა და ბუშმენების ხალხების იდენტურია, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში დღეს გვხვდებიან.
"ევროპაში მსგავსმა კვლევებმა ბოლო 10 000 წელში ადამიანთა მიგრაციით განპირობებული გენეტიკური ცვლილებები გამოავლინა. აფრიკის უკიდურესი სამხრეთის ეს ახალი შედეგები ძალიან განსხვავებულია და გენეტიკური სტაბილურობის ხანგრძლივ ისტორიაზე მიუთითებს", — აცხადებს ანთროპოლოგი იოშა გრეცინგერი.
დნმ-ის შესახებ მონაცემების მიხედვით, ცვლილებები მხოლოდ დაახლოებით 1200 წლის წინ მოხდა, როცა ამ ტერიტორიაზე სხვა ხალხები ჩავიდნენ და ადგილობრივ მონადირე-შემგროვებლებთან ურთიერთობა დაიწყეს. უნდა ითქვას, რომ უძველეს თანამედროვე ადამიანთა კვალის ძიებას სწორედ სამხრეთ აფრიკამდე მივყავართ, მაგრამ მათი დნმ-ის შესწავლა მარტივი არაა. ამას დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებულ ტექნოლოგიას უნდა ვუმადლოდეთ, თუმცა გაშიფრული გენომები რაოდენობით ევროპისას და აზიისას ჩამორჩება.
"სამხრეთ აფრიკაში ასეთი ადგილები იშვიათია, ოუკჰესტმა კი მოგვცა შესაძლებლობა, 9000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადგილობრივი პოპულაციების მიგრაციასა და სხვებთან ურთიერთობაზე მეტი გაგვეგო", — ამბობს ანთროპოლოგი ვიქტორია გიბონი.
კომენტარები