საქართველოს პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ჰომოფობიური კანონი 17 სექტემბერს, მესამე მოსმენით, 84 ხმით ნულის წინააღმდეგ, მიიღო. "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" მიღებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში დაუშვებელი ხდება "საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ".

კანონი მიზნად ისახავს ქვეყნის "დაცვას" სექსუალური უმცირესობებისგან, მაშინ, როცა სწორედ ლგბტქ თემის წარმომადგენლები არიან საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული, ჩაგრული, განდევნილი წევრები. საქართველოში მცხოვრები სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფის წევრები ყოველდღიურად ხდებიან ძალადობის, დისკრიმინაციისა და ზეწოლის მსხვერპლნი როგორც საზოგადოების, ისევე კონკრეტული დაწესებულებების, მათ შორის მედპერსონალის და დამსაქმებლების მხრიდან. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები სათანადო რეაგირებისა და სასჯელის გარეშე რჩება.

გუშინ საქართველოში ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს საკუთარ სახლში. მას ცივი იარაღით მიყენებული 50-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნებოდა. შესაძლოა, გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რა შუაშია ოცნების მიერ მიღებული კანონი კესარიას ან რომელიმე სხვა ტრანსგენდერის მკვლელობასთან, თუმცა ყველაფერი კესარიათი არ დაწყებულა.

წლებია, რაც ტრანსფობები "ღმერთის" ანდაც "სიყვარულის" სახელით კლავენ ადამიანებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, მათ ე.წ ღირებულებების ყალიბში ვერ ექცევიან. ამ სტატიაში მინდა, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, შეიძლება გაგაცნოთ კიდეც, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ საკუთარ თავად ყოფნა უნდოდათ.

საბი ბერიანი

ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საბი ბერიანი ქართველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბერს, 23 წლის ასაკში, საკუთარ სახლში მოკლეს და დაწვეს. საბი ქართულ ტელევიზიებში არაერთხელ გამოჩენილა და ყოველთვის, როცა თავის აზრს ხმამაღლა აფიქსირებდა, ქვიარ თემის, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისათვის იბრძოდა.

მისი ცხოვრება ანომალიურად ნაადრევად გენდერული ზიზღის გამო დასრულდა. საბის არ დასცალდა თავისი ოცნებების, სურვილების, მიზნების შესრულება. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მისი მკვლელი, ლევან კოჭლაშვილი, ორივე ინსტანციაში უდანაშაულოდ ცნეს, უზენაესმა სასამართლომ კი დამნაშავეს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ბიანკა შიგუროვა

ფოტო: ანკა გუჯაბიძე

ბიანკა. 22 წლის. "გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიანკას სახლში გაზმა გაჟონა და მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ მხუთავი აირი გახდა. ბიანკას გარდაცვალების შემდეგ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2014 წელს, საბი ბერიანის მკვლელობამდე, ლევან კოჭლაშვილმა ბიანკას მოკვლაც სცადა და ახრჩობდა, თუმცა ბიანკას გაუმართლა და მეზობლებმა გადაარჩინეს.

დღემდე გაურკვეველია, ბიანკამ სიცოცხლე ნამდვილად სუიციდით დაასრულა თუ არა, თუმცა, ა) თუ მისი გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო, ამაში ბრალი დიდწილად ტრანსფობიურ საზოგადოებას მიუძღვის, რომელშიც ტრანსგენდერი ქალები განდევნილები არიან, და ბ) ბიანკას არ ჰქონდა კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრების ფუფუნება. ზამთარში მისთვის გათბობის ერთადერთ საშუალებად ძველებური "პლიტა" რჩებოდა, რომელიც ბოლოს მისი სიკვდილის მიზეზიც გახდა.

საქართველოში ტრანსგენდერი ქალები ღირსეულ სამსახურს და იდენტობას ერთდროულად ვერ ინარჩუნებენ. სოციალური ქარტეხილის გავლის შემდეგ მათ ან ერთის დათმობა უწევთ, ან — მეორის. აქედან გამომდინარე, ვერ ახერხებენ საკუთარი თავების ისეთი ელემენტარული საჭიროებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა, ვთქვათ, ცენტრალური გათბობის სისტემა.

ფოტო: ანკა გუჯაბიძე

ზიზი შეყილაძე

ფოტო: ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი

ზიზი შეყილაძის მკვლელობა ტრანსგენდერთა დევნის ერთ-ერთი შემზარავი და ნათელი მაგალითია.

2016 წლის 14 ოქტომბერს ზიზის ქუჩაში დახვდა გიორგი მურჯიკნელი, პირობითი მსჯავრით ციხიდან გამოშვებული პირი და მძიმე ტრავმები მიაყენა. მას ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიღებული, სახის ძვლები კი — მოტეხილი. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ზიზი სიცოცხლისთვის ერთი თვის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა მიყენებული ჭრილობები ფატალური აღმოჩნდა და ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. მის მკვლელს სასამართლომ 13 წელი განზრახ მკვლელობის მუხლით მიუსაჯა, თუმცა საქმეში სიძულვილის მოტივი არ ფიგურირებდა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლგბტქ თემის მიმართ არსებულ ზიზღზე სამართლის სისტემა განგებ ხუჭავს თვალს. ზიზი მხოლოდ 32 წლის იყო.

ზიზისთან დამშვიდობება და მისი უკანასკნელ გზაზე გაცილება მისმა მეგობრებმა ვერ შეძლეს. ის თავის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს, სადაც განსაკუთრებულად ტრანსფობიური დამოკიდებულება სუფევს, განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების გამოჩენა სარისკო იყო.

ფოტო: Netgazeti

სამივე გარდაცვლილი ქალი კაცის ტანსაცმლით დაკრძალეს. იმ ქალების სურვილს, ეღიარებინათ ისე, როგორც თავიანთ თავებს ხედავდნენ, რომელთა გამბედაობა, საკუთარი იდენტობის მიმართ ერთგულება და სიცოცხლის სიყვარული პოეტური და მისაბაძი იყო, საზოგადოებამ პატივი არც ბოლო მომენტებში სცა. მათ საფლავებზე ზიზის, საბის და ბიანკას პასპორტის სახელებია ამოტვიფრული. ეს ფაქტი ზედმიწევნით ასახავს საქართველოში ფესვგადგმულ ტრაგიკულ და საგანგაშო ჰომოფობიურ დამოკიდებულებას. ტრანსგენდერ ქალებს არათუ მთელი ქვეყანა, არამედ ხშირად ოჯახის წევრებიც კი არ იღებენ.

რეალობა ურყევი და საშიშია — ტრანსგენდერები საქართველოში ვერ ბერდებიან. მათ ან კლავენ, ან გადარჩენისთვის ერთადერთ გზას, ემიგრაციას უტოვებენ.

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მმართველმა პარტიამ ქართული "ტრადიციებისა" და ფსევდოღირებულებების ერთგულება საარჩევნო კამპანიების მთავარ ნარატივად აქცია. მარტივია იმ ჯგუფის დემონიზება, რომელსაც საკუთარი თავის დასაცავად და შეთხზული სტიგმების დასამსხვრევად არც პლატფორმა, არც ხილვადობა, არც უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნიათ.

იმ პირობებში, როცა ქვეყანა სასიცოცხლო ძალისგან იცლება, ღარიბდება, საარსებო დონე დღითიდღე უარესდება, ილახება თავისუფლება, კრიტიკულ ნიშნულზეა პედოფილიის, ფემიციდის თუ ნებისმიერი სხვა კრიმინალის ნიშნული, ლგბტ თემის "პრობლემატურობასა" და "საშიშროებაზე" აპელირება არა მხოლოდ ამ ჯგუფის, არამედ მთელი ქვეყნის მასხრად აგდებას უტოლდება.

იმედია, მალე დავამტკიცებთ, რომ დეჰუმანიზებული საზოგადოება და სახელმწიფო არ ვართ. ეს მოხდება მაშინ, როცა ტრანსგენდერი ქალები და კაცები რეალური უფლებებით აღიჭურვებიან, როცა შეგვეძლება ვთქვათ, რომ კესოს, საბის, ბიანკას, ზიზის და სიძულვილის გამო მოკლული სხვა უამრავი ადამიანის სიცოცხლემ უშედეგოდ არ ჩაიარა.