ნახეთ: გასაოცარი ვიდეო ემბრიონის უჯრედების ტალღისებურ მოძრაობას გვიჩვენებს
Nikon-ის რიგით მე-14 ყოველწლიურ ფოტოკონკურსში "პატარა სამყარო მოძრაობაში" გასაოცარმა ვიდეომ გაიმარჯვა, რომელშიც ჩანს, როგორ განიცდის ტრანსფორმაციას მწერის ემბრიონი.
ეს დროზოფილი Drosophila melanogaster-ა, რომლის ემბრიონიც მიტოზისას, ანუ უჯრედების არაპირდაპირი დაყოფისას, ტალღისებურად მოძრაობს. კადრებში აღბეჭდილია, როგორ გარდაიქმნება მისი ერთგანზომილებიანი ეპითელური შრე უფრო რთული სტრუქტურის მქონე გასტულად, რაც ემბრიონული განვითარების ერთ-ერთი სტადიაა.
ამ ბიოლოგიურ პროცესზე ასე დეტალურად დაკვირვება შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ გავაანალიზოთ, როგორია ჩანასახის ჩამოყალიბების სხვადასხვა ფაზა ცხოველთა სამყაროში. ასევე, როგორ ვითარდება დარღვევები, რომლებიც ადამიანებში ნევროლოგიურ ან კოგნიტიურ პრობლემებსა და სიმსივნეს იწვევს.
"ბაზისური ბიოლოგიური კვლების სილამაზე იმაშია, რომ რასაც ერთ ორგანიზმზე ვიგებთ, ის სხვებზეც ვრცელდება და პოტენციალი აქვს, ადამიანისთვის დამახასიათებელი დაავადებების შესახებ მეტის ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმაროს", — აცხადებს მაქს პლანკის სახელობის უჯრედული ბიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტში მომუშავე ბრუნო ველუტინი, რომელმაც ზემოხსენებული ვიდეო გადაიღო.
ეს შთამბეჭდავი კადრები ჟიურიმ 370 კანდიდატს შორის შეარჩია და გამარჯვებულად 17 სექტემბერს გამოაცხადა. მკვლევარმა ვიდეო LSFM მიკროსკოპული ტექნიკის მეშვეობით გადაიღო, რომელიც მაღალი გარჩევადობის სამგანზომილებიანი გამოსახულების მისაღებად ფოკუსირებული სინათლის გამოყენებას გულისხმობს. ის მეცნიერებს ცოცხალი უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანიზმების ახლოდან შესწავლის საშუალებას აძლევს.
სწორედ ასე აღბეჭდა ბრუნო ველუტინიმ დროზოფილის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიტოზური დაყოფა და მრავალუჯრედიან ორგანიზმად გადაქცევა.
"დროზოფილის ემბრიონები ჩვენს სახლებშიცაა და სამზარეულოებსა თუ ნაგვის ურნებში ისე ვითარდება, როგორც ვიდეოშია ასახული. ვფიქრობ, ეს ვიდეო მნიშვნელოვანია, რადგან გვიჩვენებს, როგორ მიმდინარეობს ასეთი გასაოცარი უჯრედული და ქსოვილური დინამიკური პროცესები ყოველდღიურად, ჩვენს გარშემო, ყველაზე ჩვეულებრივ არსებებშიც კი", — ამბობს ველუტინი.
კომენტარები