შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე კოსმოსური მტვრის დახმარებით წარმოქმნილიყო
დედამიწაზე გასაოცარი ბიომრავალფეროვნებაა, მაგრამ როგორ წარმოიქმნა თავდაპირველად სიცოცხლე? თეორიების უმეტესობა საწყისად პრებიოტულ ქიმიას მიიჩნევს, რაშიც ორგანული ნაერთების ფორმირება და განვითარება იგულისხმება.
ამის მიუხედავად, ჩვენი პლანეტის ქანებში ამგვარი პროცესებისთვის საჭირო ელემენტების რეაქციული და ხსნადი ფორმების ნაკლებობაა. ასეთია ფოსფორი, გოგირდი, აზოტი და ნახშირბადი. მაინც როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო სიცოცხლე ამგვარი მწირი რესურსების პირობებში?
გავრცელებული თეორიის მიხედვით, აუცილებელი კომპონენტები ჩვენს პლანეტაზე გარედან მოხვდა, მაგრამ გაურკვეველია, რა გზით, რადგან მათ ციური სხეულის ზედაპირამდე განადგურების გარეშე უნდა ჩამოეღწია. ახალ კვლევაში მეცნიერებმა გაანალიზეს, რამდენად შეიძლება, ეს კოსმოსური მტვრის ძალიან პატარა ნაწილაკები ყოფილიყო. მსგავსი მატერია ასტეროიდების შეჯახებისას ან კომეტების დანაწევრება-აორთქლებისას წარმოიქმნება და მისი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროდან ხმელეთამდე დაუზიანებლად აღწევს.
პრებიოტულ თეორიებში კოსმოსურ მტვერს ნაკლებად ითვალისწინებენ, რადგან ის ფართო რეგიონებში ვრცელდება, რის გამოც მისი მაღალი კონცენტრაციების შესწავლა ძნელია. სამაგიეროდ, პლანეტაზე მისი კონცენტრირებული დანალექები გვხვდება, რაც სხვადასხვა პროცესისას ხდება, მაგალითად ქარის, ყინულის ან წყლისმიერი გადატანა-დაგროვებისას.
სიმულაციებისა და გეოლოგიური მოდელების დახმარებით მეცნიერებმა შეისწავლეს, რა ოდენობისა და შედგენილობის კოსმოსური მტვერი დაგროვდა მას შემდეგ 500 მილიონ წელში, რაც დედამიწას ჰიპოთეზური პლანეტა თეია შეეჯახა (სწორედ ამის შედეგად უნდა გაჩენილიყო მთვარე). გაითვალისწინეს იუპიტერის მახლობლად მოძრავი ასტეროიდებისა და კომეტების მტვერიც. დადგინდა, რომ ამგვარი მატერიის რაოდენობა მაშინ დღევანდელს 100-დან 10 000-მდე აღემატებოდა.
გაირკვა ისიც, რომ ღრმა წყლების დანალექში კოსმოსურ მტვერს მცირე ადგილი უკავია, მაგრამ უდაბნოებსა და მყინვარულ არეალებში მასზე დანალექის 50%-ზე მეტი მოდის. ყველაზე მეტი მაჩვენებელი, 80%-ზე მეტი, მყინვარების ლღობის ზონებია. სწორედ ასეთ ადგილებშია ხელსაყრელი პირობები სიცოცხლის განვითარების ადრეული ეტაპებისთვის. შესაბამისად, შესაძლებელია ამაში დიდი წვლილი კოსმოსურ მტვერს შეეტანა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები