ისტორიაში პირველად, სხვა ვარსკვლავის მძვინვარე ზედაპირი ვიდეოზე აღბეჭდეს
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 180 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის მძვინვარე ატმოსფერო მოძრაობაში გადაიღეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზის გარდა სხვა მნათობის ზედაპირზე მიმდინარე პროცესები ასე დეტალურად აღბეჭდეს.
ამ ვარსკვლავს R ოქროს თევზი ეწოდება, რომელიც ამავე სახელის მქონე თანავარსკვლავედშია განლაგებული. ის წითელი გიგანტია, ანუ ევოლუციის ბოლო ფაზაშია, და მზეზე დაახლოებით 300-ჯერ დიდია. მისი ატმოსფერო გაფართოებულია და აირების ერთგვარ ბუშტებს წარმოქმნის, რომლებიც, სპეციალისტთა გამოთვლებით, მზეს ზომით 75-ჯერ აღემატება.
"გასაოცარია, რომ ასეთი შორეული ვარსკვლავების ზედაპირის დეტალურად გადაღება პირდაპირ შეგვიძლია. ეს საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ ფიზიკურ პროცესებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ მზეზე იყო ხილული", — განაცხადა გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანაავტორმა, ბეჰზად არბობმა.
კვლევაში წარმოდგენილი ვიდეო მნათობის ქაოსური ზედაპირის ამსახველი სურათების გაერთიანებით მიიღეს. ფოტოები ატაკამის უდაბნოში მდებარე ასტრონომიულ ინტერფერომეტრ ALMA-ს მიერ გასული წლის ზაფხულშია გადაღებული და პლაზმის უზარმაზარ მასებს გვიჩვენებს, რომლებსაც მნათობის ბირთვის მცხუნვარება ააქტიურებს. ისინი ზედაპირზე ამოდის და ვარსკვლავის მცირე დეფორმაციასაც კი იწვევს.
ALMA-ს მონაცემების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ პლაზმის ბუშტების აღმასვლა და დაღმასვლა ციკლური ხასიათისაა და 1 თვე გრძელდება. ეს ბევრად სწრაფი პროცესია, ვიდრე მზის შემთხვევაში, მაგრამ ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საინტერესოა, რომ ზომის სხვაობის მიუხედავად, R ოქროს თევზის მასა მზის მსგავსია. შესაბამისად, შესაძლებელია, სწორედ ასე გამოიყურებოდეს ჩვენი ვარსკვლავი დაახლოებით 5 მილიარდ წელში, როცა ისიც წითელ გიგანტად გადაიქცევა (იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?).
"ვარსკვლავის ასაკის მატების პარალელურად მასში ისეთი კონვექციური ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კარგად არ გვესმის", — ამბობს კვლევის თანაავტორი, უოტერ ვლემინგსი.
ALMA-ს წინა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ R ოქროს თევზი იმაზე ორჯერ სწრაფად ბრუნავს, ვიდრე წითელი გიგანტისგანაა მოსალოდნელი. ახალმა სურათებმა კი დაადასტურა, რომ ეს მისი ზედაპირის აქტიურობით განპირობებული ილუზია არაა, რადგან ბრუნვა პლაზმის ბუშტების 1-თვიან ციკლზე უფრო ხანგრძლივია.
კომენტარები