ანტარქტიდა თითქმის მთლიანად ყინულით დაფარული კონტინენტია, მაგრამ ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. მაშ, როდის იყო დედამიწის სამხრეთ პოლუსი ბოლოს ყინულისგან თავისუფალი?

გეოლოგიური დროითი მასშტაბების გათვალისწინებით, იქ ყინულის უზარმაზარი მასები არც ისე შორეულ წარსულში წარმოიქმნა. ეს პროცესი დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ დაიწყო, მანამდე კი ანტარქტიდა დღევანდელი ჩრდილოეთ კანადის მსგავსი იყო, სადაც ტუნდრა და წიწვოვანი ტყეებია.

ასევე, იხილეთ: ნახეთ: რა არის პოლარული ყინულის ქვეშ?

ყინულის დაგროვებას გლობალური ტემპერატურა განაპირობებს. დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ დედამიწაზე 14°C-ით უფრო თბილოდა, მაგრამ მომდევნო 16 მილიონი წლის განმავლობაში ტემპერატურამ იკლო. 34 მილიონი წლის წინა პერიოდისთვის დღევანდელთან შედარებით უკვე 8°C-ით მეტი სითბო იყო, რამაც ყინულის გაჩენას შეუწყო ხელი.

ტემპერატურის ასეთ კლებაში მთავარი როლი ორმა ფაქტორმა შეასრულა. პირველი მათგანი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებაა, ხოლო მეორე — კონტინენტების გადაადგილება. 60-50 მილიონი წლის წინ ატმოსფეროში CO2-ის დონე მილიონში 1000-2000 მოლეკულაზე მოდიოდა, ანუ ამჟამინდელ მაჩვენებელს 2.5-დან 5-მდე აღემატებოდა. ამის მიუხედავად, მისი რაოდენობა შემცირდა, რის გამოც თბური ეფექტიც შემსუბუქდა და შედარებით გრილი გლობალური კლიმატი მივიღეთ.

რა თქმა უნდა, ყინულის წარმოსაქმნელად სწორედ სიცივეა აუცილებელი, რასაც ანტარქტიდის კონტინენტის მიმდებარედ ტექტონიკური ფილების მოძრაობამაც შეუწყო ხელი. ამ დროს სამხრეთ ამერიკა და ანტარქტიდა ერთმანეთს საბოლოოდ გამოეყო და დრეიკის სრუტე ჩამოყალიბდა, რომელიც სამხრეთ ატლანტის ოკეანეს სამხრეთ წყნარ ოკეანესთან აკავშირებს. ეს ანტარქტიდის გარშემო ე.წ. ცირკუმპოლარულ დინებას დაედო საფუძვლად, რომელიც კონტინენტს იზოლირების გზით კიდევ უფრო აციებს.

იმაზე, რომ ანტარქტიდა ბოლოს ყინულის გარეშე დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ იყო, მაშინდელ დანალექში არსებული ქიმიური კვალიც მიანიშნებს. უფრო კონკრეტულად, ყინულში იზოტოპ ჟანგბად-16-ის მაღალი კონცენტრაციაა, ოკეანეებსა და იქ მცხოვრები არსებების ნიჟარებში კი ჟანგბადი-18, ანუ მძიმე ჟანგბადი, ჭარბობს. ეს მიუთითებს, რომ 34 მილიონი წლის წინ რაღაც შეიცვალა, რის გამოც მსუბუქმა ჟანგბადმა კონტინენტზე გადაინაცვლა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.