ნახეთ: რა არის პოლარული ყინულის ქვეშ?
გიფიქრიათ, რა შეიძლება იყოს დედამიწის პოლარული ყინულის ქვეშ? მაინც რა დაგხვდებათ ამ უზარმაზარი ყინულოვანი საფარის დაბლა, თუკი მასში ბოლომდე ჩააღწევთ?
ასევე, იხილეთ: რა არის ქვიშის დიუნების ქვეშ?
პასუხი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენი პლანეტის სამხრეთ პოლუსზეა საუბარი თუ ჩრდილოეთზე, რადგან ეს ორი რეგიონი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მათგან პირველი ანტარქტიდის კონტინენტს მოიცავს, მეორე კი არქტიკის ოკეანეს.
რა არის ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?
ანტარქტიდის ყინულის ქვეშ ჩაღწევა მარტივი საქმე არაა. ის 4 776 მეტრ სიღრმემდე ვრცელდება, 27 მილიონი კუბური მეტრი ფართობისაა, ხოლო საფარის საშუალო სისქე 2 160 მეტრია. მისი მასშტაბურობა უფრო გასაგები რომ იყოს, თუ ის თხევად წყლად იქცევა, ზღვის დონე დაახლოებით 58 მეტრით მოიმატებს.
მეცნიერებმა ამ პოლარული კონტინენტის ყინული გაბურღეს და 2 000 მეტრზე ქვემოთ ჩავიდნენ. ასევე, მოგვეპოვება ვიდეო, რომელიც აჩქარებული კადრებით გვიჩვენებს, როგორ ეშვება კამერა ანტარქტიდის ყინულში გაჭრილ 93-მეტრიან ღრმულში:
იმის მიუხედავად, რომ ყინულის ბოლომდე გაბურღვა ვერ მოხერხდა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოვლინდა ხმელეთის მასა, რომელსაც ის ფარავს. ეს ყველაფერი წარმოდგენილია Bedmap2-ის სახელით ცნობილ გეოფიზიკურ რუკაზე, რომლის შესაქმნელადაც ზედაპირის შემაღლებების, ყინულის სისქისა და ქვენაფენი ქანების ტოპოგრაფიის შესახებ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.
როგორც რუკა გვიჩვენებს, კონტინენტის ყინულოვანი საფარის ქვეშ უსწორმასწორო ზედაპირია, სადაც მთის ქედები და მცირე ზომის ხეობები გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდაზე მდებარე ბერდის მყინვარის ქვეშ, ზღვის დონიდან 2 870 მეტრ სიღრმეზე, გამოვლენილია დედამიწის კონტინენტურ ფილებს შორის უღრმესი წერტილიც.
რა არის არქტიკის ყინულის ქვეშ?
სამხრეთ პოლარული კონტინენტისგან განსხვავებით, არქტიკის ყინული ბევრად თხელია, სულ რაღაც 3-4 მეტრი სისქის, ერთგვარი ქედების მიმდებარედ კი 20 მეტრამდეც აღწევს. ამ საფარის ქვეშ ოკეანეა, საშუალოდ 1 038 სიღრმის წყლის ბუნებრივი რეზერვუარი.
2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ამ ყინულქვეშა გარემოს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ალასკაზე ექსპედიცია ჩაატარეს. მათ თან წაღებული კამერა ყინულში გაჭრილ ღრმულში, მისი გავლით კი ოკეანეში ჩაუშვეს.
კვლევამ აჩვენა, რომ იქ ლამიანი ფსკერია და წყალმცენარეებითაა დაფარული, რომელთა ამ რაოდენობასაც მეცნიერები არ ელოდნენ. მათ ტოლფეხიანი არსებებიც კი დააფიქსირეს, თუმცა რომელ სახეობას მიეკუთვნებიან ან როგორ ბინადრობენ იქ, გაურკვეველია.
"ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც პოლარული რეგიონების გამოკვლევამ გვასწავლა, ისაა, რომ უნდა გავაფართოოთ განმარტება, თუ სად არსებობს და ყვავის სიცოცხლე.
არქტიკაში, სიცოცხლე ყინულში, გამყინავზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე გვხვდება. ეს ნიშნავს, რომ უკვე ვიცით, ის უჩვეულო ადგილებში უნდა მოვძებნოთ... ყინული სიცოცხლისთვის არათავსებადი როდია და ის სხვა პლანეტებზეცაა. სავარაუდოდ, სწორედ იქ უნდა ვცდილობდეთ სიცოცხლის კვალის დაფიქსირებას", — ამბობენ სპეციალისტები.
კომენტარები