რა ხდება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის — ინტერვიუ კონფლიქტოლოგ ბადრი ბელქანიასთან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა რუსეთის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების (ნაწილობრივ) შეჩერების საკითხი. ამას წინ უსწრებდა აფხაზური საზოგადოების მძლავრი წინააღმდეგობა რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით (აგენტების და ე.წ. აპარტამენტების კანონები), რომელთაც მოსახლეობა ე.წ აფხაზური სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხედ აფასებს.
ასევე იხილეთ: შამბა: რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუჩერა
კანონების ინიცირების პროცესს თან ახლდა დიდი მღელვარება, მასშტაბური საპროტესტო აქციები და დაპირისპირება. საბოლოოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობას უკან დახევა მოუწია რაც, ცხადია, რუსეთმა საკუთარ სისუსტედ შეაფასა და ზეწოლის ბერკეტები აამოქმედა.
რა ხდება რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის? მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად NEWS.On.ge კონფლიქტოლოგ ბადრი ბელქანიას დაუკავშირდა.
როგორც ვნახეთ შამბამ დაადასტურა დაფინანსების ნაწილობრივ შეჩერების საკითხი; პირველ რიგში, რომელ სფეროებს შეეხება ის და, აქვე, საინტერესო იქნება იმის მიმოხილვა, რის ფონზე ხდება ეს ყველაფერი. როგორც კონფლიქტოლოგს გახსენდებათ თუ არა აქამდე ამგვარი დაძაბულობა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის?
საკმაოდ რთული და საინტერესო მოვლენები ვითარდება ახლა აფხაზეთში, რასაც უკანასკნელი თვეებია ვადევნებთ თვალს. ბოლო წლებში, შეიძლება ათწლეულის განმავლობაშიც კი, ასეთი ტიპის და ასეთი ძლიერი ზეწოლა ოკუპირებულ აფხაზეთზე და აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე რუსეთის მხრიდან ჯერ არ გვინახავს.
საუბარი დაფინანსების შეჩერებაზე მანამდეც იყო. როგორც მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში] რუსეთს ჰყავს თავისი ე.წ კურატორები, რომლებიც, როგორც წესი, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები არიან და ინფრასტრუქტურულ პროექტებს კურირებენ.
1-2 წლის წინ უკვე გვესმოდა, რომ ეკონომიკური პროექტების დაფინანსება, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხარდაჭერით, ე.წ თანაინვესტირების პროგრამის ფრაგლებში, ხორციელდება, ნელ-ნელა შემცირდებოდა.
იმის თქმა, რომ რუსეთმა ერთბაშად შეაჩერა დახმარება, არ იქნება სიმართლე. ბოლო წლები, აფხაზურ საზოგადოებაში განიხილებოდა, რომ ჯერ ამდენი პროცენტით შემცირდება, შემდეგ ამდენით და 2025 წლისთვის უკვე საგრძნობი უნდა ყოფილიყო ცვლილება.
თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს გეგმა წინსწრებით განახორციელა რუსეთმა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები ამბობენ, ე.წ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიდან ისინი დანაკლისის შევსებას ჯერჯერობით მოახერხებენ, მაგრამ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება და შემდეგ წლებში სიტუაცია შესაძლოა, ძალიან გართულდეს.
და რა არის რუსეთის მოტივაცია?
როგორც ვახსენე, 2-3 წლის წინ იყო საუბარი, რომ ნელ-ნელა აფხაზეთში უნდა შემცირებულიყო დაფინანსება; როგორც წესი, ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ აფხაზეთმა ნელ-ნელა უნდა მოიძიოს ინვესტიციები კერძო პირებისგან.
როცა რუსეთი საუბრობს, რომ აფხაზეთმა უნდა მოიძიოს კერძო ინვესტიციები (მაგალითად, ენერგოსფეროში), ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამაზე საუბრისას ისინი გულისხმობენ რუს ინვესტორებს, რომლებიც სრულად დაახლოებულები არიან პოლიტიკურ და მმართველ წრეებთან. შესაბამისად, ეს ზეწოლა, რომელიც წლებია უკვე ხორციელდება, ემსახურება მიზანს – აფხაზებმა გახსნან საკუთარი ბაზარი რუსული ინვესტიციებისთვის.
ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე შეზღუდვა მოქმედებს, რაც განსაკუთრებით აწუხებს რუსეთს და რასაც ცოცხალი თავით არ თმობს აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის შეზღუდვა, მაგალითად, უძრავი ქონების ყიდვაზე.
მოგეხსენებათ, აფხაზეთში აფხაზების გარდა სხვას არ აქვს უფლება, კერძო საკუთრების ფლობის და ყიდვა-შეძენის. ეს არის ის, რასაც ადგილობრივი საზოგადოება სახელმწიფო მნიშნვნელობის სტრატეგიულ ობიექტებს უწოდებს. როგორიცაა მაგალითად — ენერგოსისტემა, რომლის პრივიატიზაციაზეც ძალიან დიდ წნეხს ახდენს რუსეთი, რადგან სურს, რომ ეს სექტორი რუსული კერძო ბიზნესის ხელში აღმოჩნდეს.
აფხაზეთმა თავად მოიკვლია ეს საკითხი 2017 წელს, თუ სწორად მახსოვს, და დიაგნოსტიკური შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სექტროში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელი თანხები ოკუპირებულ რეგიონს უბრალოდ არ გააჩნია. რუსეთმა ეს შესანიშნავად იცის და ყველანაირად ცდილობს, აფხაზურ საზოგადოებას დაათმობინოს ის, რასაც ეს საზოგადოება ე.წ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტად მიიჩნევს.
რისთვის ამზადებს რუსეთი ნიადაგს? ამას შეიძლება დავარქვათ ანექსია?
ირიბი ან პირადპირი ფორმით ანექსიამდე საბედნიეროდ ჯერ არ მივსულვართ, რადგანაც აფხაზური საზოგადოება ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია და დიდ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ზეწოლას, თუნდაც ამ აპარტამენტების კანონთან დაკავშირებით, რომლის გაწვევაც, როგორც ჩანს, ბოლო წვეთი აღმოჩნდა რუსეთისთვის და შეაჩერეს კიდეც დაფინანსება რიგ მიმართულებაზე.
ეს კანონი, ზემოთხსენებული შეზღუდვის, ერთგვარი შემოვლითი გზა იყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს და რომლის მიხედვითაც, როგორც აღვნიშნე, კერძო საკუთრების ყიდვა არ შეუძლია აფხაზეთის ე.წ მოქალაქეობის არ მქონე პირს.
შესაბამისად, მათ მოიფიქრეს ეს აპარტამენტების კანონი, რომელიც იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და დახვეწილი იურიდიული სქემა საიმისოდ, რომ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა ჰქონოდათ რუს ბიზნესმენებს.
აფხაზმა ხალხმა არ დათმო ეს საკითხი. იყო ასევე ბიჭვინთის აგარაკების თემა. მაშინ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს მოუწია დილის 5 საათზე შეკრება და დილის 6 საათზე კანონის მიღება, რადგანაც ხალხის პროტესტის ეშინოდათ. საბოლოოდ, ეს კანონი ხალხისგან მალულად მაინც მიიღეს, თუმცა ამ კანონის რატიფიცირებაზე რუსეთი უარს ამბობს, რადგან აფხაზეთის ე.წ პარლამენტს, მაინც მოუწია ბევრ დათმობაზე წასვლა. შესაბამისად, საბოლოო დოკუმენტი განსხვავდებოდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შეთანხმებული ვარიანტისგან.
ასევე მწვავედ დგას ორმაგი მოქალაქეობის საკითხიც;
2020 წლის ნოემბერში ბჟანია სოჭს სტუმრობდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მათ გააფორმეს ე.წ ჰარმონიზაციის დოკუმენტი. ეს არის 40-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც აფხაზური კანონმდებლობა, ფაქტობრიდვად, იდენტური უნდა გახდეს რუსული კანონმდებლობის. იქ არის შესული ბევრი საკითხი — ორმაგი მოქალაქეობიდან დაწყებული ენერგოსისტემის პრივატიზებით დამთავრებული.
მოკლედ, მთლიანი საკანონმდებლო სისტემა უნდა გამხდარიყო რუსულის მსგავსი. აფხაზეთს ჰქონდა ვალდებულება, ეს პროცესი მალე დაესრულებინა და 2025 წლისთვის სრულად "ჰარმონიზებული" ყოფილიყო რუსეთთან, მაგრამ ამ ნაწილშიც დიდი ჩამორჩენა აქვს აფხაზურ მხარეს. სწორედ ამის შესახებ თქვა ლავროვმა, რომ რაღაცა ბალანსი უნდა იყოს დაცულიო.
ახსენეთ სიტყვა "ანექსია". რუსეთისთვის მნიშნველოვანია, რომ აფხაზეთი იყოს შემზადებული როგორც იურიდიულად, ისე ეკონომიკურად იმდენად, რომ როდესაც შესაბამისი მომენტი დადგება ან როცა ამას რუსული მმართველი პოლიტიკური წრე გადაწყვეტს, უფრო თავისუფლად იმოქმედონ.
ვის სჯის რუსეთი? ხომ არ ეძებს ის ბჟანიას ალტერნატივას? აქვე საინტერესოა სად და რატომ გაქრა "რუსეთის კაცად" წოდებული ინალ არძინბა, რაღაც პერიოდი მახსოვს, ახალ ლიდერადაც მოიაზრებოდა.
ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების დასჯა უფროა, ვიდრე ბჟანიასი, რადგანაც სამოქალაქო საზოგადოება იყო რუსული გავლენების ზრდის წინააღმდეგი სხვადასხვა ფუნდამენტურ სფეროში.
თუმცა, მეორე მხრივ, იციან, რომ იზოლაციაში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთი (ამას თავად აფხაზური საზოგადოებაც ამბობს და აღიარებს) ვერ გაძლებს რუსული დაფინანსების გარეშე და ძალიან გაუჭირდებათ ფუნქციონირება. ამიტომაც მოითხოვენ თავადვე რეფორმებს, რათა გაძლიერდეს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა და აღარ იყვნენ სრულად დამოკიდებულნი რუსეთზე. ცხადია, რუსეთმა ეს იცის, შესაბამისად იყენებს ამ ბერკეტს, აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგ. მეორე მხივ, ეს არის უკმაყოფილების გამოხატვა ბჟანიასადმი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებია კომენტარი მიმდინარე მოვლენებზე, საერთოდ არ გამოჩენილა. გავრცელებული ცნობებით, ის რუსეთში იმყოფება და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რასთან დაკავშირებით, ალბათ, ეს რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
მაღალი ალბათობით საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად, საკუთარი თავის გადასარჩენად. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნები სულ მალე, 1 წელიწადში იქნება. ბჟანიას კი ძალიან აქვს გაფუჭებული ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, აქვს დაბალი რეიტინგი და, პარალელურად, უფუჭდება ურთიერთობები რუსეთთანაც, ეს უკანასკნელი კი "აფხაზი პოლიტიკოსისთვის" კარიერის დასრულების ტოლფასია.
და არძინბასთან დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას?
არძინბასთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც ვიცი მას არ აქვს საპრეზიდენტო ასაკი და ის ალტერნატივა ვერ იქნება ამ ეტაპზე. ინალ არძინბას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და საკმაოდ გაუფუჭდა ურთიერთობა, როგორც "მმართველ" ასევე "ოპოზიციურ" წრეებთან. შესაბამისად, მისი კანდიდატურა ამ მიმართულებით ნაკლებად განიხილება. ახლა ასეა, 4-5 წლის შემდგომ არ ვიცი რა იქნება.
ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიაღწევს მოლაპარაკებებისას ასლან ბჟანია რუსეთში. შეიძლება, მან მიიღოს კიდევ ერთი შანსი, თუმცა ეს ნამდვილად ნიშნავს პირდაპირ კონფრონტაციას სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან მას აღსასრულებელი ექნება ყველაფერი, რაც ამ ეტაპისთვის აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობის გამოა შეჩერებული.
ეს, ალბათ, რუსეთშიც ესმით და იაზრებენ, რომ თუ ე.წ. ხელისუფალი რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას გაატარებს, შესაძლოა მიიღონ დიდი ბუნტი. ამიტომ, საჭიროა ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც თან მათ (რუსეთის) ინტერესებსაც გაატარებს და თან გარკვეული პოპულარობაც ექნება ხალხში, რათა მას ჰქონდეს ლეგიტიმაცია გადაწყვეტილებების მიღებისას.
ამიტომაც რუსეთი აწარმოებს ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიას სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ყველას წინააღმდეგ, ვინც აღნიშნული კანონების მიღებას მხარს არ უჭერს. რუსული პროპაგანდა მათ მოიხსენიებს აგენტებად, აბრალებენ, რომ ისინი მუშაობენ დასავლეთის, ამერიკის, ბრიტანეთის სასარგებლოდ. აზიანებენ აფხაზურ, ეროვნულ ინტერესებს, აფხაზურ-რუსულ ურთიერთობას, ამბობენ, რომ "მუშაობენ ევროკავშირის ფულით და ასრულებენ მათ დაკვეთას".
ეს კარგად ჩანს FACEBOOK-ზე, რომელსაც აფხაზური საზოგადოება აქტიურად იყენებს და განსაკუთრებით კარგად ჩანს ტელეგრამზე.
მოგეხსენებათ ტელეგრამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო არხია აფხაზეთშიც და რუსეთშიც. არაერთი არხი არის შექმნილი, რამდენიმე ათასი მიმდევრით, სადაც ადამიანების გაშავება მიმდინარეობს, რასაც მანამდე აფხაზეთში ერიდებოდნენ იმიტომ, რომ პატარა საზოგადოებაში, მით უმეტეს, კავკასიური წარმომადგენლობის საზოგადოებაში, სახელდება ადამიანის და მისი რამეში დადანაშაულება, როგორც წესი, ცოტათი სტიგმატიზირებული საკითხი იყო, რადგან, იქ ყველა ყველას იცნობს.
მაგრამ ეს ტელეგრამ-არხები ანონიმურობის საშუალებას იძლევა და მიდის გაშავება ყველა იმ ჟურნალისტის, ყველა იმ ცნობილი ადამიანის — ხელოვნების დარგიდან თუ სამეცნიერო წრეებიდან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აფხაზეთისთვის იმ მავნე კანონებს და გადაწყვეტილებებს, რომელთაც რუსეთი ლობირებს.
საქართველოს მთავრობას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თქვენი აზრით, რა უნდა იყოს მათი სტრატეგია და, ზოგადად, თუა ახლა ის მომენტი, რომელიც შესაძლოა "ჭკვიანმა ხელისუფალმა" სათავისოდ გამოიყენოს?
სულ ორი კომენტარი გაკეთდა, ეგეც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ. ერთი კომენტარის ავტორი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ ეს საინტერესო და მგრძნობიარე პროცესია და აღნიშნა, რომ მეტს ამაზე კომენტარს არ გააკეთებს. მეორე იყო მამუკა მდინარაძის პოზიცია, რომელმაც ფაქტობრივად, იგივე გაიმეორა, აარიდა კითხვას თავი, ოღონდ ცოტა უფრო მეტი ილაპარაკა. თქვა, რომ ჩვენ მშვიდობით უნდა დავბრუნდეთ და ერთიან ქვეყანაში ვიცხოვროთ და ა.შ, მაგრამ აშკარა იყო, რომ მათი "მესიჯბოქსი" უფრო დუმილი და თავის არიდებაა.
ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა იქ ხდება, შესაძლოა, რაღაც მხრივ სასარგებლო იყოს საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, რადგან მზარდი ანტირუსული სენტიმენტები საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. მაგრამ ჩვენ იმაზეც უნდა დავფქირდეთ და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ანტირუსული სენტიმენტი ავტომატურად არ ნიშნავს და არც უნდა აღვიქვათ პროქართული პოზიციების გაძლიერებად, რაც ხშირად მცდარად ჰგონიათ ქართულ საზოგადოებაში — თუ იქ ვინმე რუსეთის წინააღმდეგ გამოვა, შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს მიმართ მიზიდულობა. ეს ასე არ არის.
იმისთვის რომ საქართველოს მიზიდულობა გაიზარდოს,საჭიროა ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიები საქართველოს მხრიდან. მათ ეშინიათ, რომ არ განმეორდეს ის, რაც მოხდა 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ უნდა აჩვენოს ქართულმა მხარემ, რომ ის აფხაზური და ოსური იდენტობისთვის და თვითმყოფადობისთვის უვნებელი ძალაა?
მრავალი ექსპერტის მოსაზრებით, ამ გარანტიების მიღების საუკეთესო გზა არის ქართული სახელმწიფოს ევროპეიზაცია და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. რადგან ეს სივრცე არის ერთადერთი გამონაკლისი პლანეტაზე, სადაც სუფევს ხანგძლივი მშვიდობა, რაც არის კარგი მაგალითი კავკასიისთვისაც, რომელმაც ვერა და ვერ მიაღწია ხანგძლივ და სტაბილურ მშვიდობას.
აფხაზ და ოს საზოგადოებასაც ძალიან ეშინია "ერთი-ერთზე" ჩვენთან დარჩენის და მათთვის ერთგვარი "ფარი" შესაძლოა იყოს ევროკავშირი. ეს ორივე მხარისთვის იქნება გაცილებით მისაღები, რადგან სწორედ ამ ევროპეიზებულ სივრცეშია ხანგძლივი მშვიდობა, იქმნება ეკონომიკური დოვლათი და რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ ყველაზე მეტადაა დაცული ეთნიკური თუ ეროვნული უმცირესობების უფლებები.
სწორედ ამ სივრცეში შეგვიძლია მოვიაზროთ შემდგომი მოლაპარაკებები. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ერთ-ერთ მთავარ გზად ევროკავშირის მეტი ჩართულობა გვესახება, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ვხედავთ, რომ ევროკავშირის სივრცეს უფრო და უფრო ვშორდებით, რაც ძალიან ძალიან უკან გვხევს კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისითაც.
თქვენ იცით, რომ საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს, აგრეთვე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთი პლატფორმა არსებობს. ეს არის საკონსულტაციო ფორმატი, რასაც ჟენევის დისკუსიები ეწოდება.
ერთადერთი არხი მშვიდი კომუნიკაციისთვის, ნდობის აღსადგენად კონფლიქტში მყოფ საზოგადოებებს შორის რჩება სწორედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელშეწყობილი არაფორმალური დიალოგი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის.
მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები, მაგალითად, ე.წ აგენტების კანონის მიღება, ამ მიმართულებითაც აუარესებს ვითარებას და დაღს ასვამს პროცესებს. შესაბამისად, ჩემთვის არ არის გასაკვირი არც ინერტულობა, რასაც მმართველი ძალა ავლენს, და არც ის, რომ ამ საკმაოდ ხელსაყრელ სიტუაციას ქართული მხარე სათანადოდ არ იყენებს.
თუმცა ისინი საუბრობენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საჭიროებაზე, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან აკავშირებენ. ასევე პარტიასთან დაკავშირებული სხვადასხვა პირისგან გვესმის კონსპირაციები, რომ რუსეთი ნელ-ნელა უარს ამბობს აფხაზეთზე, ჩვენ კი დასავლეთისგან გონივრულად ვდისტანცირდით და ეს სწორი გზაა (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული). როგორ აფასებთ ამგვარ გზავნილებს?
დიახ, შემოვარდება ხოლმე ეს თემა საინფორმაციო ველში — კონფედერაციის საკითხი. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ პარტიას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭირო რეფორმები გაატაროს. არც მას და არც ქართული ოცნების სხვა წევრს არ დაუკონრეტებიათ რას გულისხმობდა. რაც ამ ეტაპისთვის გავიგეთ ისაა, რომ ეს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა არ შეესაბამება კონფლიქტების გადაჭრის მათეულ გეგმას და გაერთიანება ამ მოწყობით ვერ მოხერხდება.
მეორე მხრივ, აქ ჩნდება ეჭვები, რომ ეს შესაძლოა ჰგავდეს რუსეთის გეგმას — საქართველო-აფხაზეთი-ცხინვალი ფორმალურად გაერთიანდეს და ამ ფორმატით საკუთარ ორბიტაზე დაგვაბრუნოს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ქართულმა ოცნებამ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული განცხადებები გააკეთა (რაც დაკავშირებულია საპარლამენტო არჩევნებთან ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია), მოლოდინი იყო, რომ რუსეთი ან საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევდა ამას, ან გარკვეულწილად მწვანეს აუნთებდა იდეას, რაც მანიპულაციების სივრცეს გააჩენდა.
მაგრამ გამოვიდა რუსეთის მხარე, აგრეთვე ექსპერტები თუ ე.წ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აფხაზეთიდან და ცხივალის რეგიონიდან და პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთს არავითარი ინტერესი არ აქვს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მიუერთოს საქართველოს. მარია ზახაროვამაც გააკეთა განცხადება და პრინციპში სხვებმაც. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა არ მისცა საშუალება ოცნებას, წინაასარჩევნოდ გამოეყენებინა ეს თემა.
ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის თემას ყველა ხელისუფალი აქტიურად იყენებდა არჩევნების წინ. როდესაც ქვეყანაში 300 ათასამდე დევნილი გყავს, გაქვს უამრავი გამოწვევა ყველა მიმართულებით, ასეთ საკითხებთან სიფრთხილეა საჭირო ეროვნული ინტერესი რომ არ დააზიანო და კონფლიქტის მოგვარების საკითხში წინ წაიწიო. ჩვენ რას ვხედავთ? ეს საკითხი ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ შიდაპარტიული მეტოქეობა ამ ზეეროვნულ საკითხსაც სჯაბნის. ეს კი ერთადერთ შედეგს გვაძლევს — კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ათწლეულებია არანაირი სასიკეთო ცვლილება აღარ მომხდარა.
კომენტარები