მეცნიერებმა კანი ნახევრად გამჭვირვალე გახადეს — როგორ მუშაობს ახალი მეთოდი
მეცნიერებმა საკვები საღებავის გამოყენებით ლაბორატორიულ პირობებში ცოცხალი თაგვების კანი ნახევრად გამჭვირვალე გახადეს. ამან მათ მიკროსკოპის ქვეშ მღრღნელების ბიოლოგიური ქსოვილების დათვალიერებისა და ვიზუალიზაციის საშუალება მისცა.
იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ახალი მეთოდი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სხეულის შემადგენელ ქსოვილებში ცილები, ცხიმები, ლიპიდები და სხვა ელემენტებია. ისინი სინათლეს სხვადასხვაგვარად გარდატეხს. თუ სხივი ასეთ ორ განსხვავებულ მატერიას შორის მიჯნას ხვდება, მისი ნაწილაკები მიმართულებას იცვლის, ანუ იფანტება.
გამჭვირვალე მასალებსა თუ ნაერთებში, როგორიც წყალი და მინაა, სინათლე პირდაპირ გადის. შუქგაუმტარ მატერიებში ასე არ ხდება — ისინი სხივებს ფანტავს, ამიტომ დაკვირვებისას სინათლის წყაროებად სწორედ მათ აღვიქვამთ. შესაბამისად, ადამიანის ან თაგვის სხეულის შიდა ქსოვილებს ფიზიკურად ვერ დავინახავთ. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კანს გამჭვირვალეობას მივანიჭებთ.
სპეციალისტებმა ამისთვის საკვებად ვარგისი, მოყვითალო-მონარინჯისფრო, საღებავი ტარტრაზინი გამოიყენეს, რომელიც წყალში გახსნეს და ეს ნარევი ქათმის გულ-მკერდის ნაჭრებზე გადაიტანეს. ამ გზით ზედაპირის გარდამტეხი ეფექტი შეიცვალა, უფრო დაბალანსდა, და დროებით ის ნახევრად გამჭვირვალე გახდა.
პირველადი ექსპერიმენტების შემდეგ მეცნიერებმა კვლევა უკვე ცოცხალ თაგვებზე ჩაატარეს. წყალში გახსნილი საკვები საღებავი მათ თავის მიდამოში წაუსვეს და შედეგად გამოჩენილ სისხლძარღვებს მიკროსკოპის ქვეშ 0.001 მილიმეტრის გარჩევადობით დააკვირდნენ. როგორც ამბობენ, კანის ნახევრად გამჭვირვალედ ქცევას რამდენიმე წუთი სჭირდება.
მომდევნო ეტაპზე ნარევი უკვე მღრღნელების მუცლის ზედაპირზე გადაიტანეს და შედეგად ღვიძლი, წვრილი ნაწლავი და შარდის ბუშტი დაინახეს. ასევე, ხილული გახდა კუნთებისა და მუცლის შეკუმშვა-გაფართოების პროცესი (სუნთქვისა და გულისცემის პარალელურად). კანს შუქგაუმტარობა მარტივად უბრუნდება, ამისთვის მხოლოდ მისი წყლით გასუფთავებაა საჭირო, რათა საღებავი მოსცილდეს. შთანთქმული ნივთიერება სხეულიდან 48 საათის განმავლობაში შარდთან ერთად გამოიდევნება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ექსპერიმენტის შემდეგ თაგვებში მხოლოდ მცირე და ხანმოკლე ანთებითი პროცესი დაფიქსირდა, ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი გავლენა კი არ შეუნიშნავთ. ავტორების თქმით, ახალი მეთოდი ორგანიზმის შიგნეულობის სკრინინგის უსაფრთხო და არაინვაზიური გზაა. ადამიანის კანი მღრღნელებისაზე დაახლოებით 4-ჯერ სქელია, ამიტომ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ნარევი ჩვენს შემთხვევაში, დამატებითი კვლევებით უნდა შეისწავლონ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები