მეცნიერებმა ტიბეტის ყინულში აქამდე უცნობი ვირუსები აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ტიბეტის მთიანეთში მდებარე გულიას მყინვარის მიმდებარედ ყინულის ნიმუშები მოიპოვეს და მათი შესწავლის შედეგად ვირუსების დნმ-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ისინი 1 700 სახეობას ეკუთვნის, რომელთა 3/4 აქამდე არ იყო ცნობილი. ეს და სხვა მსგავსი კვლევები იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასშტაბური პალეოკლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს.
აღნიშნული ვირუსები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არაა, რადგან ისინი, სავარაუდოდ, დომინანტ მიკრობებს უფრო უტევდნენ, ვიდრე დიდი ზომის ცხოველებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მათი გავლენით ეს ორგანიზმები დედამიწის კლიმატური ციკლების მონაცვლეობისას ექსტრემალურ პირობებს უკეთ ეგუებოდნენ.
"ამ ნაშრომამდე თითქმის გაურკვეველი იყო, რა აკავშირებს ვირუსებს დედამიწის კლიმატის ცვლილებასთან. მყინვარული ყინული ძალიან ძვირფასია, თუმცა ხშირად მისი საკმარისი საკვლევი მასალა არ გვაქვს, რათა ვირუსები და მიკრობები შევისწავლოთ", — ამბობენ ავტორები.
ტიბეტის ყინულის ანალიზმა მათ წარმოდგენა შეუქმნა, როგორ "იქცეოდნენ" ვირუსები ბოლო 41 000 წლის განმავლობაში ცივიდან თბილ კლიმატში გარდამავალ სამ პერიოდში. ყველაზე განსხვავებული სახეობები დაახლოებით 11 500 წლის წინანდელია, ანუ იმ დროინდელი, როცა პლანეტა უკანასკნელი გამყინვარების ეპოქიდან ჰოლოცენში ინაცვლებდა. ეს მიანიშნებს, რომ მიკროორგანიზმები გლობალური ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირებდნენ, რაც ვირუსთა ევოლუციას განაპირობებდა.
გენეტიკური სეკვენირების მეთოდმა ცხადყო, რომ ყინულში ნაპოვნი ვირუსების უმეტესობა ამ კონკრეტული მყინვარისთვის უნიკალურია, დაახლოებით 1/4 კი სხვა არეალებში გავრცელებული სახეობების გენეტიკურ მახასიათებლებს ემთხვევა. აქედან ასკვნიან, რომ ისინი იქ ისეთი ტერიტორიებიდან მოხვდნენ, როგორიც შუა აღმოსავლეთი და არქტიკაა.
აქედან გამომდინარე, მეცნიერები ამბობენ, რომ ყინული მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს და თანამედროვე ტექნოლოგებით ამ მონაცემების მოპოვება შეგვიძლია. ეს იმის პროგნოზირებაშიც დაგვეხმარება, თუ ვირუსების როგორი რეაქციაა მოსალოდნელი ამჟამად მიმდინარე გლობალურ დათბობაზე. ფაქტობრივად, აღნიშნული საკითხი რამდენიმე სფეროს აერთიანებს, როგორიცაა ეკოლოგია, მიკრობიოლოგია და სხვა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები