რამდენად მაღლა შეუძლიათ ფრენა მწერებს?
დიდი ზომის ფრინველების გარდა ფრენის უნარი პაწაწინა მწერებსაც აქვთ, რომელთაც ევოლუციის დამსახურებით ფრთები განუვითარდათ. სხეულის ამ ნაწილის გამოსაყენებლად ჰაერის მოლეკულებია საჭირო, რომლებიც სიმაღლის ზრდასთან ერთად ნაკლებად კონცენტრირებული ხდება.
შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად მაღლა დაფრინავენ მწერები?
ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს: პირველია სიმაღლე, რომელზე მფრენი მწერიც დაფიქსირებული გვყავს, მეორე კი არის სიმაღლე, სადამდე აღწევაც თეორიულად ვიცით, რომ მწერს შეუძლია.
გინესის რეკორდებში ყველაზე მაღლა მფრენი მწერის სტატუსი მეჭინჭრია პეპლებს (Aglais urticae) აქვთ მინიჭებული. მათი მიგრაცია აღმოსავლეთ ჰიმალაებში, ზემუს მყინვარის მაღლაა დოკუმენტირებული — 5 791 მეტრზე.
ამის მიუხედავად, არსებობენ მწერები, რომელთაც, მეცნიერთა კვლევის თანახმად, უფრო მაღლა ასვლა შეუძლიათ. ეს ბაზის სახეობა Bombus impetuosus-ია.
ჩინელმა მეცნიერებმა ფუტკრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენლები (მამრები) 3 250 მეტრ სიმაღლეზე დაიჭირეს და სპეციალურ გამჭვირვალე სათავსოში მოიმწყვდიეს, სადაც მათ ფრენა შეეძლოთ. შემდეგ მკვლევრებმა ამ სივრცეში ბარომეტრული წნევა ჰაერის სატუმბის მეშვეობით შეცვალეს. აღმოჩნდა, რომ მსგავს პირობებში მაქსიმალური სიმაღლის მისაღწევად ბაზები რეგულარულ, ვერტიკალურ და კონტროლირებად მოძრაობას გარკვეული ინტერვალებით ასრულებდნენ.
აქედან დაასკვნეს, რომ ჰაერის ასეთ ეკვივალენტურ წნევაში მათ 9 000 მეტრზეც შეუძლიათ ფრენა, ანუ ევერესტის მწვერვალზე მაღლა. ამის მიუხედავად, ეს თეორიულ ვარაუდად რჩება და ბუნებაში ჯერ არ დაფიქსირებულა.
"ჰიპობარიულ სათავსოში ნაჩვენები ფრენის გასაოცარი შესაძლებლობები მოულოდნელია და მიანიშნებს, რომ ჰაერში რუტინული ლივლივი, აეროდინამიკური გამოწვევების მიუხედავად, საჰაერო შესაძლებლობების ზედა ზღვრად არ უნდა აღვიქვათ", — აცხადებენ მეცნიერები.
კომენტარები