სოფელში ცხოვრება, ხშირად, ძალიან ესთეტიურად წარმოუდგენიათ ­— ლამაზი გარემო, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი. ამ ყველაფრის მიღმა კი ბევრი სოციალური პრობლემაა, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ართულებს. ამას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგებიც ემატება. ამ და სხვა მიზეზების გამო საქართველოში არაერთი სოფელი დაცლის პირასაა.

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნინო ღლონტი თავის რეგიონში არსებული სირთულეების შესახებ გვიყვება. მისი თქმით, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები დიდი ხანია არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ბევრად უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდა.

"ჩვენთან ბევრი კლიმატური პრობლემაა. გახშირებულია ქარი და ხანგრძლივი წვიმები. სათბობ შეშაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ტყის გაჩეხვის შემთხვევები, გაჩეხილია, მათ შორის, ქარსაფარი ზონები. ამან, თავისთავად, გამოიწვია ნიადაგის დეგრადაცია და ეროზია. ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურაა, რის გამოც ნიადაგი სკდება, ხმება კულტურები და მცირდება მოსავლიანობა".

არსებული მდგომარეობა სოფლებში მოსახლეობას ართმევს საკუთარი თავის რეალიზაციის და ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული რესურსების ქონის საშუალებას. ამიტომ, ბევრი მათგანი იძულებული ხდება საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს.

ევროკავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს განვითარების არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს, ამ მიმართულებითაც აქტიურად გვეხმარება. მის მიერ მხარდაჭერილი CENN-ის საქართველოს კლიმატის პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში საინტერესო პროექტები განხორციელდა.

"გურიაში მაქვს აგრო ასოციაცია. ასოციაციის, ევროკავშირისა და CENN-ის საგრანტო კონკურსის მიზნები სრულიად ემთხვეოდა ერთმანეთს. ამიტომ, მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. ჩემი პროექტის მიზანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კლიმატის უარყოფითი გავლენის შემცირება, აგროეკოსისტემისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება, მეფუტკრეებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ეკომიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა იყო“, — გვიყვება ნინო.

ფოტო: CENN

პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს წაბლის ნერგები დაურიგდათ (ჯამში, 650 ნერგი).

"არჩევანი წაბლის კულტურაზე შევაჩერეთ, იმიტომ, რომ ის საკმაოდ კარგად ადაპტირდება ეროზირებულ ნიადაგთან. ამასთან ერთად, მეფუტკრეს თაფლისმომცემი მცენარე და შემოსავლის წყაროც გავუჩინეთ".

პროექტისთვის სამიზნე ჯგუფად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი შეირჩა:

  • სოფელი აცანა — 55 ბენეფიციარი (13 მეფუტკრე და 42 მოწყვლადი ჯგუფი);

  • სოფელი ზემო აკეთი — 12 ბენეფიციარი (10 მეფუტკრე და 2 მოწყვლადი ჯგუფი);

  • სოფელი ქვემო აკეთი — 35 ბენეფიციარი (14 მეფუტკრე და 21 მოწყვლადი ჯგუფი);

  • სოფელი გაგური — 14 ბენეფიციარი (1 მეფუტკრე და 13 მოწყვლადი ჯგუფი);

  • სოფელი ჭანჭატი — 10 ბენეფიციარი (4 მეფუტკრე და 6 მოწყვლადი ჯგუფი);

  • სოფელი მამათი — 2 ბენეფიციარი (2 მეფუტკრე).

ამასთან ერთად, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და დაურიგდათ წაბლის მოვლისა და კულტივირების გზამკვლევის 300 ეგზემპლარი.

როგორც ნინო გვეუბნება, პროექტის დასრულების შემდეგ შედეგების შესაფასებლად მონიტორინგიც გააკეთეს. შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს რამდენიმე ბენეფიციარი და წინასწარ გაფრთხილების გარეშე მათთან ექსპერტების თანხლებით მივიდნენ.

"შემიძლია ვთქვა, რომ 99%-ს ექსპერტის რეკომენდაციები გათვალისწინებული ჰქონდა. ზოგადად, პროექტის შედეგებმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. იმისთვის, რომ რეგიონი, მუნიციპალიტეტი, სოფელი განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტები განხორციელდეს", — აღნიშნავს ნინო.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.