როგორ დავიცვათ თვალები ეკრანის მავნე ზემოქმედებისგან — სპეციალისტის პასუხი

ფოტო: ScienceAlert
დღეს, როდესაც ეკრანები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული, "ჩუმი ეპიდემია" მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ის ადრე მხოლოდ პროფესიული ჯანმრთელობის პრობლემად მიიჩნეოდა, ახლა კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხია. ის მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.
ციფრულ მოწყობილობებს განათლების მისაღებად და სოციალური ურთიერთობებისთვის ყოველდღიურად ვიყენებთ. მათგან რაც მეტ სარგებელს ვიღებთ, ჩვენი თვალის ჯანმრთელობაზე მათი გავლენა მით მეტად იზრდება, შესაბამისად, დაავადების რისკიც მაღალია. აღმოჩნდა, რომ კომპიუტერის მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარმა შეიძლება, რომ თვალის ციფრული სტრესი განიცადოს.
ესაა მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ხასიათდება, მათ შორისაა: თვალების სიმშრალე, ცრემლდენა, ქავილი, წვა და გაუარესებული მხედველობა. ეს მხოლოდ უსიამოვნო ნიშნები არაა, არამედ ქრონიკულ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს. COVID-ის პანდემიამ ეს ტენდენცია გაამძაფრა, რადგან სოციალურმა დისტანციამ ეკრანთან გატარებული დრო გაზარდა. ამან თვალის ზედაპირული დაავადებების განვითარებას შეუწყო ხელი.
საინტერესოა, რა ემართება ჩვენს თვალებს, როცა ეკრანს დიდხანს ვუყურებთ?
ეკრანებზე კონცენტრირებისას ჩვენი თვალების ხამხამის ტემპი იკლებს და მხედველობის ორგანოს ახლო საგნებზე ფოკუსირება ეზღუდება. ეს ასევე თვალის პრობლემების კასკადს იწვევს — მსუბუქი გაღიზიანებიდან დაწყებული და ქრონიკული სიმშრალით დასრულებული.
თვალის ციფრული სტრესის სიმპტომები სხვადასხვაგვარია და ხშირად უხილავიც. ისინი ხანდახან პირდაპირ შესამჩნევია, როცა თვალის დაღლილობას, სიმშრალესა და ამღვრეულ მხედველობას ვგრძნობთ. ზოგჯერ კი თავისა და კისრის ტკივილი ახასიათებს. სამწუხაროდ, შესაძლებელია, დროებითი სიმპტომები მუდმივი გახდეს, თუ შესაბამისი ყურადღება არ მიექცევა.
გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ეკრანების მიერ გამოყოფილი ლურჯი სხივები თვალის ციფრული სტრესის მთავარი მიზეზი არაა. შეიძლება, მან თვალის დაღლილობა გამოიწვიოს და ძილის რეჟიმიც დაარღვიოს. ამის მიუხედავად, არ მოგვეპოვება მტკიცებულება, რომ ის თვალების სამუდამო დაზიანებას იწვევს.
არსებობს მარტივი წესი, რომელიც თვალების ციფრული სტრესისგან დასაცავად ეფექტიან სტრატეგიად მიიჩნევა — 20-20-20. ეს ნიშნავს, რომ მხედველობის ორგანო ყოველ 20 წუთში 20 წამით უნდა შეისვენოთ. ამ დროს ისეთ რამეს უნდა დავაკვირდეთ, რაც თქვენგან დაახლოებით 6 მეტრითაა დაშორებული. ეს მოკლე პაუზა თვალის კუნთებს ასვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი რეკომენდებულია, აღსანიშნავია, რომ მისი ეფექტიანობა ჯერ დეტალურად შესწავლილი არ არის. ეკრანის გამოყენებისას თვალის კომფორტის შენარჩუნებაში გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორ განათებას, საკმარის ტენიანობასა და ჯანსაღ ჰაერს თვალის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
აი, რა უნდა გააკეთოთ: მოათავსეთ ეკრანი მკლავის სიგრძეზე და თვალზე ოდნავ ქვემოთ, რათა კისრის დატვირთვა შეამციროთ; შრიფტის ზომა გაზარდეთ, რათა თვალების მოჭუტვა არ გახდეს საჭირო და დარწმუნდით, რომ თქვენი სკამი ზურგს გამართულ მდგომარეობაში აყენებს.
მუდმივი სიმპტომების შემთხვევაში პროფესიული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი თერაპიები იმედს იძლევა, რომ თვალის ციფრული სტრესი უკეთ ვმართოთ. არსებობს მედიკამენტებიც, რომლებიც თვალის დისკომფორტს ამცირებს.
ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხედველობა დავიცვათ. თვალის დაძაბვის ნიშნების აღმოჩენითა და დროული პროფესიული დახმარებით შეგვიძლია, რისკები შევამციროთ. რისკები კი ეკრანზე დამოკიდებულ ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული.
კომენტარები