ჰომინიდებს შორის ადამიანის გული გამორჩეულია — მიზეზი
დედამიწაზე ძუძუმწოვრების მრავალი სახეობაა გავრცელებული, რომლებიც სხვადასხვა ეკოლოგიურ ნიშას არიან მორგებულნი და უნიკალური მახასიათებლები გააჩნიათ. ამის მიუხედავად, მიიჩნეოდა, რომ ყველა მათგანს გულის სტრუქტურა და ფუნქცია საერთო აქვს, თუმცა ახალი კვლევა მიანიშნებს, რომ ადამიანის ეს ორგანო გამორჩეულია. კერძოდ, ის ჰომინიდთა სხვა სახეობების — შიმპანზეების, ბონობოების, ორანგუტანგებისა და გორილების — გულისგან განსხვავდება.
ცნობილია, რომ ადამიანი უახლოეს ცოცხალ ნათესავებს, ანუ შიმპანზეებს, 5-6 მილიონი წლის წინ გამოეყო და ევოლუციის განმავლობაში წელში გაიმართა, რათა ფიზიკური აქტიურობა უკეთ შესძლებოდა, მათ შორის ნადირობა. ამავდროულად, უფრო დიდი ტვინი ჩამოგვიყალიბდა. ამ ცვლილებებმა მეტი მეტაბოლური რესურსის საჭიროება გააჩინა, ამიტომ კუნთებიდან ტვინამდე უფრო დიდი რაოდენობის სისხლის მიწოდება გახდა აუცილებელი.
უკანასკნელ კვლევაში მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ჩვენი გული სწორედ წელში გამართვასთან, მოძრაობასთან და დიდი ტვინთან ადაპტირდა.
სპეციალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ადამიანის მსგავსი მაიმუნების გულსისხლძარღვთა სისტემა შეისწავლეს, მათ შორის გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის გზით. დადგინდა, რომ შიმპანზეების გულის მარცხენა პარკუჭში კუნთების მასები ბადისებრადაა განლაგებული, რასაც ტრაბეკულა ეწოდება. იგივე სტრუქტურა სხვა სახეობებშიც დაფიქსირდა.
შედარებისთვის, ადამიანის გულის მარცხენა პარკუჭის კედლები გლუვია. სხვაობა განსაკუთრებით მის ქვედა ნაწილში შეინიშნება, სადაც სიგლუვე სხვა სახეობებისას თითქმის 5-ჯერ აღემატება. ასევე, სპეციალური მეთოდით, რომლითაც შეკუმშვა-მოდუნებისას გულის კუნთის მოძრაობას აკვირდებიან, ფუნქციური განსხვავებაც გამოვლინდა — ნაკლები ტრაბეკულის მქონე ადამიანებში შეკუმშვისას გულის ზედა კიდის კუნთის უფრო ძლიერი ბრუნვითი და ღუნვითი მოძრაობები დაფიქსირდა. დანარჩენ ჰომინიდებში (მეტი ტრაბეკულით) კი ეს ასე არაა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის გულის ეს განსხვავებული მახასიათებლები იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ დიდი რაოდენობით სისხლის "გადატუმბვას" უფრო ეფექტიანად გამკლავებოდა. ეს, თავის მხრივ, ჩვენს ფიზიკურ აქტიურობას უწყობს ხელს და დიდი ტვინისთვის საჭირო ენერგიული რესურსის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ახალი კვლევის თანახმად, ძუძუმწოვრებში გულის ანატომიური და ფუნქციური ცვლილებები გარემოსთან დაკავშირებული უნიკალური გამოწვევებითაა განპირობებული.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Communications Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები