ქართველი ქალი მთამსვლელები, რომლებმაც ისტორია შექმნეს
გუშინ, არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ ისტორიაში პირველად, წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები და სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე ავიდნენ. ეს ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლაა უშბაზე, შესაბამისად, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, იცოდით, რომ საქართველოს მანამდეც არაერთი გამორჩეული ქალი მთამსვლელი ჰყავდა? ამ სტატიაში სწორედ მათ ისტორიებს გაგაცნობთ.
ეს ლექსი იოსებ ნონეშვილს ეკუთვნის, ერთხელ ლექსად თუ არა, სიმღერად მაინც იტყოდი, მაგრამ შეიძლება არ იცოდე, რომ იოსებ ნონეშვილმა იგი ალექსანდრა ჯაფარიძეს, პირველ ქართველ მთამსვლელ ქალს მიუძღვნა.
1. ალექსანდრა ჯაფარიძე
ალექსანდრა ჯაფარიძე 1953 წლის ზაფხულში მეცხრამეტედ და უკანასკნელად ავიდა მყინვარწვერზე. მისი 30-წლიანი მთამსვლელობის კარიერა 100-ზე მეტ ასვლას ითვლის კავკასიონზე. ის პირველი ქართველი ქალი ალპინისტია, რომელმაც უშბასა და თეთნულდზე ფეხი დადგა…
პირველი ექსპედიცია მყინვარწვერზე 1923 წლის აგვისტო-სექტემბერში მოეწყო. მისი ჩატარების დრო თითქმის დაემთხვა გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციას. როდესაც გამარჯვებული ამსვლელები მყინვარწვერიდან ჩამოვიდნენ, ალექსანდრე დიდებულიძის ექსპედიცია მწვერვალისაკენ მიემართებოდა. ამ ექსპედიციის ორმა მონაწილემ, ალექსანდრე ჯაფარიძემ და იოსებ ასლანიშვილმა შემდეგში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საქართველოს მთასვლურ მოძრაობაში, მყინვარწვერზე პირველ საბჭოთა ასვლებს დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა. ყველაზე მეტად უცხოელებს, მათ მორის ისეთ ცნობილ ალპინისტსაც, როგორიც მყინვარწვერის პირველი ევროპელი ამსვლელი დუგლას ფრეშფელდი იყო, აკვირვებდა, რომ გიორგი ნიკოლაძესთან ერთად მწვერვალზე ხუთი ქალი ავიდა — მარო ბეჟანიშვილი, ელისო ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარო ტყავაძე, ლიდა ჩხეიძე, ხოლო ალ. დიდებულიძის ექსპედიციიდან ალექსანდრა ჯაფარიძე.
ასე დაიწყო ალექსანდრა ჯაფარიძის ხანგრძლივი სიყვარული, რომელიც მას მთებთან აკავშირებდა. მან შეძლო და კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო. პირველი ქალი იყო, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი, მოიპოვა მთამსვლელთათვის დაწესებული თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო. თუმცა, მთამ, სიხარულის გარდა, ბევრი ტკივილიც მოუტანა: მისი ძმები — სიმონი და ალიოშა, რომლებიც უფროსი დის მსგავსად გაიტაცა ალპინიზმმა, მთებმა შეიწირეს.
"პირველად მე დავადგი ფეხი მთების ამაყ გულს. პირველად მე შევაღე მათი სული და ჩემს ძმებზე კი იყარეს ჯავრი. იქნებ, ამით უფრო მეტი ვნება მომაყენეს, სული ჩამითუთქეს, გამომიწვიეს..." — წერდა ალექსანდრა დღიურში.
1947 წელს ალექსანდრა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბულითაც დაინტერესდა, სწორედ იმ ბეთლემის, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ პოემა განდეგილი მიუძღვნა. ეს ცნობილი გამოქვაბული ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მყინვარწვერის კალთებზე მდებარეობს.
1948 წელს ალექსანდრამ საქართველოს მთავრობას გამოქვაბულის გამოსაკვლევი ექსპედიციის ნებართვის თხოვნით მიმართა, რომელიც დაკმაყოფილდა და 7 იანვარს, შობა დღეს, იგი ჯგუფთან ერთად პირველად შევიდა გამოქვაბულში.
ექსპედიციიდან რამდენიმე წელიწადში ალექსანდრა ჯაფარიძემ ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის, მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი ანაპურნა.
ალექსანდრა ჯაფარიძე 1974 წელს გარდაიცვალა.
2. მარინე უთმელიძე
"ვისაც ილია წაუკითხავს, ყველა ეთაყვანებოდა მყინვარწვერს, აქედან იყო ჩაბეჭდილი ჩვენს აზროვნებაში მყინვარწვერის სილამაზე და დედოფლობა, როგორც ეძახდნენ. აკაკი ბელიაშვილის მოთხრობები რომ წავიკითხე თეთნულდზე, გავიგე, თუ რა სატანჯველი მიაყენა თეთნულდმა ჯაფარიძეების ოჯახს... მაგრამ ალიოშა და ალექსანდრა შეუპოვრები იყვნენ. და-ძმა გავიცანი 1943 წელს". — წერს მარინე უთმელიძე თავის მოგონებებში.
მარინე უთმელიძე
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
მარინე უთმელიძე მთამსვლელი და გეოგრაფი იყო, რომელმაც მყინვარწვერი 9-ჯერ დალაშქრა. მთამსვლელობას სტუდენტობის პერიოდში ეზიარა, როცა ალპინიზმის 20 წლისთავთან დაკავშირებით თსუ-ის დოცენტის, გეოგრაფისა და მთამსვლელის მელენტი სანებლიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ავიდა უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი. ამის შემდეგ მარინე უთმელიძე ალიოშა ჯაფარიძისა და კოტე ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ საქართველოს ალპური კლუბის ექსპედიციებში მონაწილეობდა და მოკრძალებული ბუნების მიუხედავად, როგორც გაბედულმა მთამსვლელმა, ქართული ალპინიზმის გამოჩენილ მოღვაწეთა ყურადღება მიიპყრო. თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და უკვე თვითონ ხელმძღვანელობდა ალპინისტურ ლაშქრობებს კავკასიონის მწვერვალებზე.
1947 წელს მარინე უთმელიძე უკვე თავად ხელმძღვანელობს ექსპედიციას მწვერვალ მახისთავზე, სადაც სრულად გამოჩნდა მისი, როგორც კარგი წინამძღოლისა და ორგანიზატორის ნიჭი. ახალგაზრდა მთამსვლელსა და ბუნებისმეტყველს, პიონერთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში პედაგოგად იწვევს მზია ერისთავი. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მისი აზრით, მთამსვლელობაში ალექსანდრა ჯაფარიძის გმირულ საქმიანობას თუკი ვინმე გააგრძელებდა, მარინე უთმელიძე უნდა ყოფილიყო. მზია ერისთავი არ შემცდარა და სწორედ მარინე აღმოჩნდა მისი და ალექსანდრა ჯაფარიძის მემკვიდრე, მათი საქმის ღირსეული გამგრძელებელი.
მარინე უთმელიძე, ნატო ცნობილაძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარო ტყავაძე, ალექსანდრა ჯაფარიძე, დენიზა გოზალიშვილი, თამარ თულაშვილი-ფურცელაძე
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
მარინე უთმელიძის სპორტულ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი იყო 1952 წელი, როცა ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელა. ამასთან დაკავშირებით თავის დღიურში ჩაუწერია:
"სამი დღეა ქარიშხალი მძვინვარებს. უნაგირას გავლას დაახლოებით ოთხი საათი მოვუნდით. შემოგვაღამდა სამხრეთ მწვერვალის კლდეებზე. მეტი გზა არ იყო, კლდეზე მიჯაჭვული ვიყავით მთელი ღამე და გათენებას ველოდით. დილით მშვენიერი ამინდი დადგა და იმავე დღეს რთული კლდეების გადალახვის შემდეგ უკვე სამხრეთ მწვერვალზე ვულოცავდით ერთმანეთს გამარჯვებას".
3. დენიზა გოზანიშვილი
ქართული მთამსვლელობის ისტორიაში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა დენიზა გოზანიშვილა, მან მთამსვლელობასა და ტურიზმში მოღვაწეობა დაიწყო 1940 წლიდან, თსუ-ში სწავლის პერიოდში. 1941 წელს კი საბჭოთა კავშირში ქალთა პირველი ზამთრის სათხილამურო ასვლის მონაწილე იყო მწვერვალ ალაგიოზზე, რომელიც მდებარეობს სომხეთში, ლენინაკანის რაიონში და წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4097 მ-ია და ზამთრობით ალპინისტური ლაშქრობისათვის საინტერესო ობიექტს წარმოადგენს. ლაშქრობის ხელმძღვანელმა ალექსანდრა ჯაფარიძემ გაზეთ კომუნისტის თანამშრომლებს თბილისში დაბრუნებისას განუცხადა:
"ეს ლაშქრობა ქალთა საერთაშორისო დღეს მივუძღვენით და ამიტომ ლაშქრობაც სწორედ ამ დღეს დავიწყეთ. ჩვენს ჯგუფში შედიოდნენ ალპინისტი ქალები: ვერა ბელეცკაია,ნატო ცნობილაძე, სელმა ბილხენი, ეთერ ფალიაშვილი, ირინე და ქეთო კევლიშვილები, განა შენგელია, დენიზა გოზალიშვილი და მე".
ალექსანდრა ჯაფარიძე, დენიზა გოზალიშვილი, თენსინგ ნორგეი, ლუიხა ნარიმანიშვილი, მარინე უთმელიძე
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
1941 წლიდან დენიზა გოზალიშვილი საქართველოს ისტორიის მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად იწყებს მუშაობას, მაგრამ არც ალპინისტურ ლაშქრობებზე ამბობს უარს. მისი მთასვლური მიღწევებიდან მნიშვნელოვანი იყო 1943 წელს ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ დიდ ალპინისტურ ლაშქრობაში მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავდა ჭაუხების მასივის კვლევას და პირველ ასვლებს აქ არსებულ მწვერვალებზე. გარდა ამისა, დენიზა გოზალიშვილმა განახორციელა ზამთრის ასვლა მყინვარწვერზე, ორწვერზე, მაილზე და სხვ.
4. მარო ტყავაძე
მარო ტყავაძე 1900 წელს დაიბადა, იგი პროფესიით ენერგეტიკოს-ინჟინერი იყო და სწორედ ამ პროფესიით დასაქმდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა პარალელურად ალპინიზმითაც იყო დაკავებული.
მარო ტყავაძე
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
1947 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსთავს ქალაქის სტატუსი არ ჰქონდა, ტყავაძე რუსთავში საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ 1953 წელს რუსთავის მეტალურგთა ჯგუფმა კავკასიონის 4000 მეტრიანი უსახელო მწვერვალი დალაშქრეს და მწვერვალს რუსთავი უწოდეს.
მარო ტყავაძე თერთმეტის თავშესაფრის კლდეებთან
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
1925 წელს გიორგი ნიკოლაძემ 19-კაციანი ჯგუფი (მათ შორის ხუთი ქალი) იალბუზზე აიყვანა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფს ახლდნენ გამყოლები იაგორა კაზალიკაშვილი და გახა წიკლაური, რომელთაც უკვე საბოლოოდ დაუკავშირეს თავიანთი ბედი ქართულ ალპინიზმს.
"პირველ საათზე შევარდენის ბუდეს მივაღწიეთ; ზოგი კი ბევრად ადრე მისულიყო, მაგალითად, მარო ტყავაძე –– 11 საათზე და 15 წუთზე. ზოგმა ძალიან დაიგვიანა. სამ საათზე მეტი იყო გასული, როდესაც სულ უკანასკნელები ამოვიდნენ. ესენი იყვნენ თამარ ხუციშვილი, თამარ ჩიჯავაძე, და მათ ბება თუმანიშვილი ამოჰყვა. თამარ ჩიჯავაძეს ამოსვლა გასძნელებია. რომ ამოვიდა, თავს ცუდათ გრძნობდა: დასამშვიდებლად ვალერიანის წვეთები დასჭირდა. მაგრამ ისიც მალე მობრუნდა და შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობდა. მართალია, ევროპაში დარბაისელი ქალის ამგვარი მოგზაურობა არავის გააკვირვებდა, მაგრამ ქართლელი ქალისთვის ეს სასახელოა". — წერდა გიორგი ნიკოლაძე თავის დღიურში.
კომენტარები