შეიმუშავეს ჩიპი, რომელიც ფიქრს ტექსტად 91-პროცენტიანი სიზუსტით გარდაქმნის
შექმნეს ახალი, 8-მილიმეტრიანი BMI (ტვინი-მანქანა ინტერფეისი), რომელსაც აზრების სიტყვებად გარდაქმნა შეუძლია. ეს სასარგებლო იქნება მძიმე მოტორული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის. ჩიპი მათ თავისუფლად კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.
EPFL-ის მკვლევრებმა ეს ყველაფერი სილიკონის ჩიპებზე დაფუძნებული ტექნოლოგიით შეძლეს. მინიატიურულ ჩიპს შეუძლია რთული ნერვული სიგნალების გაშიფვრა და მათი ტექსტად გარდაქმნა.
"ჩიპი საშუალებას გვაძლევს გარდავქმნათ რთული ნერვული აქტივობა გასაგებ ტექსტად. რაც მთავარია, ეს ხდება მაღალი სიზუსტით და ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ეს ინოვაცია გვაახლოებს პრაქტიკულ, იმპლანტირებად ტექნოლოგიებთან, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობეს კომუნიკაციის უნარი მძიმე მოტორული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის", — თქვა მაჰსა შოარანმა, ინტეგრირებული ნეიროტექნოლოგიების ლაბორატორიის მკვლევარმა.
როგორ ფუნქციონირებს ახალი ჩიპი
ბოლო წლებში ტვინი-მანქანის ინტერფეისების გამოყენებისა და განვითარების კვლევები სულ უფრო გახშირდა. ამ პაწაწინა მოწყობილობებს დიდი პოტენციალი აქვს.
ამაზე აქტიურად მუშაობს ილონ მასკის კომპანია Neuralink-იც. Neuralink-ის მიზანია შექმნას BMI, რომელიც ისეთი ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებს დაეხმარება, როგორიცაა დამბლა ან ზურგის ტვინის დაზიანება.
რაც შეეხება EPFL-ის ახალ ტექნოლოგიას, სხვა BMI-იებთან შედარებით, MiBMI არის კომპაქტური, ეფექტიანი და მრავალმხრივი. ტრადიციული სისტემები დიდია და ჭარბი ენერგიაც სჭირდება, განსხვავებით ახალი ტექნოლოგიისგან.
MiBMI მყისიერად ამუშავებს ნერვულ სიგნალებს და გარდაქმნის მას ციფრულ ტექსტად.
"ჩიპი ბოლომდე ინტეგრირებული ჯერ არ არის, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ მას ტვინის აქტივობის ტექსტად გარდაქმნა 91-პროცენტიანი სიზუსტით შეუძლია", — თქვა მუჰამედ ალი შაერიმ, კვლევის ავტორმა.
MiBMI-ს კომპაქტური ზომა, დაბალი სიმძლავრის საჭიროება და მინიმალური ინვაზიურობა ჩიპს იმპლანტებისთვის იდეალურ ხელსაწყოდ აქცევს.
”მისი მინიმალური ინვაზიურობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და პრაქტიკულობას რეალურ პირობებში", — აღნიშნულია პრესრელიზში.
კვლევის შედეგები IEEE Journal of Solid-State Circuits-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები