ანტარქტიდის კონტინენტი მაღლა იწევს — გამომწვევი მიზეზი და მოსალოდნელი შედეგი
ანტარქტიდა დიდი ოდენობით ყინულს კარგავს, რის გამოც კონტინენტი ოკეანიდან მაღლა იწევს. ამ მოვლენას პოსტგლაციალური უკუქცევა ეწოდება და შესაძლოა, მას ზღვის დონის მატებაზე სერიოზული გავლენა ჰქონდეს. შედეგი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ადამიანთა საქმიანობით გამოწვეული ემისიები, რაც კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს.
მეცნიერები ამბობენ, რომ სანაპიროებზე დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ ზღვის დონის მატება მათთვის საცხოვრების დაკარგვას ნიშნავს. შესაბამისად, ანტარქტიდის ყინულის კარგვას დომინოს ეფექტი მოჰყვება.
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ დედამიწის მანტია შეისწავლეს. სეისმური მონაცემების მიხედვით დაადგინეს, რომ ზოგიერთ არეალში განსაკუთრებული დეფორმაციული პროცესები შეინიშნება, რაც ხმელეთის სწრაფად აწევას განაპირობებს. კერძოდ ეს ცვლილებები დეკადების განმავლობაში ხდება, როცა ათასობით წელი უნდა სჭირდებოდეს.
ამის შედეგის გასაგებად სპეციალისტებმა სამგანზომილებიანი მოდელი გამოიყენეს და სიმულაციებით გაარკვიეს, რას უნდა ველოდოთ სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში. გაირკვა, რომ თუ გლობალური ტემპერატურა დიდად არ მოიმატებს, 2500 წლისთვის ზღვის დონის მატებაში ანტარქტიდის კონტრიბუცია 1.7 მეტრი იქნება, მაგრამ თუ დათბობა უკონტროლო გახდება, ეს მაჩვენებელი 19.5 მეტრამდე მიაღწევს.
ამის მიზეზი ისაა, რომ ყინულის დნობის ტემპი ხმელეთის აწევისას უსწრებს, რის გამოც ოკეანეებში მეტი წყალი ხვდება. თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზით ყინულის ლღობას შევანელებთ, ეს მასები თბილ წყლებს მოშორდება და უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება.
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის დონის მატება ყველაზე მეტად დაბალ განედებზე მდებარე კუნძულებსა და სანაპირო არეალებზე აისახება, თანაც ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგებს პირველ რიგში ის სახელმწიფოები იწვნევს, რომლებსაც რეალურად დაბალი ემისიები აქვს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები