ალბათ, გსმენიათ ტექნოლოგიურ სინგულარობაზე, მომავლის წარმოდგენაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად ადამიანის ინტელექტს უთანაბრდება. ეს ის ჰიპოთეტური მომენტია, რომლიდანაც ყველაფერი სამუდამოდ იცვლება.

ბევრი ცნობილი ადამიანი, იქნება ეს ილონ მასკი თუ ჯო როგანის პოდკასტის ყოველი მეორე სტუმარი, იმ მომავალზე საუბრობს, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე "ჭკვიანი" გახდება.

და, აი, ისიც — SingularityNET-ის გენერალური დირექტორის, ბენ გორცელის თქმით, სუპერკომპიუტერზე მუშაობს, რომელიც ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) ეპოქას დაუდებს საფუძველს.

LiveScience-თან მიცემულ ინტერვიუში გორცელმა აღნიშნა, რომ მის კომპანიას ისეთი გამომთვლელი ქსელის შექმნა სურს, რომელიც საბოლოოდ ცნობიერის მქონე ხელოვნური ინტელექტის საფუძველი გახდება.

გორცელის კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნიან უმძლავრეს ციფრულ ქსელს, რომელსაც გამოთვლების მხრივ რევოლუციის მოხდენა შეეძლება. სუპერკომპიუტერების ეს გლობალური ქსელი გამოთვლით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის, რასაც გარდამავალი ცვლილებების მოტანა შეუძლია.

ასევე: Google ფიქრობს, რომ ადამიანისებრი ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან ძალიან ახლოს ვართ

ცნობისთვის, კლასიკური გაგებით ხელოვნური ინტელექტი ხელოვნურ ზოგად ინტელექტში არ უნდა აგვერიოს. არსებობს განსხვავება ხელოვნურ ზოგად ინტელექტს (General AI) და ვიწრო ხელოვნურ ინტელექტს (Tool AI) შორის. ამჟამინდელი პროგრესი კომპიუტერულ მეცნიერებაში მხოლოდ ვიწრო ხელოვნურ ინტელექტს ეხება. შესაბამისად, დღეს ხელოვნური ინტელექტის ადამიანთან შედარება არასწორია.

მალე

SingularityNET-ის წარმომადგენლებმა LiveScience-ს განუცხადეს, რომ მათი სუპერკომპიუტერი სისტემაში სექტემბერში ჩაეშვება. ამ სისტემის სამართავად, SingularityNET ამუშავებს საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მონაცემების დამუშავებას გაამარტივებს.

როგორც TechSpot აღნიშნავს, SingularityNET-ის ახალი სისტემა მულტიფუნქციური იქნება და მოიცავს როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე უსაფრთხოების საკითხებს.

"მსგავსი სუპერკომპიუტერი უკვე მნიშვნელოვანი სიახლეა და მას აქვს პოტენციალი გადაიზარდოს ბევრად უფრო მასშტაბურში, სისტემაში, რომელსაც ზოგად ხელოვნურ ინტელექტს ვუწოდებთ", — ამბობს გორცელი.

აღსანიშნავია, რომ იმავეს ფიქრობს ჯონ კარმაკი — Doom-ის შემქმნელი, ვირტუალური რეალობის მამა და Meta-ს თანამშრომელი — ის თვლის, რომ კაცობრიობა ზოგადი ხელოვნური ინტელექტის (AGI) შექმნის ზღვარზეა.

"ვფიქრობ, ინსტრუმენტები, რომლებიც ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მივიღეთ, ხელოვნურ ზოგად ინტელექტამდე მიგვიყვანს", — განაცხადა მან ჯერ კიდევ 2023 წელს.

და მაინც, ის რაც ცნობიერამდე გვაკლია მისი გააზრება. ეს ის ველია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტში შემოტანის შემთხვევაში ბევრ რამეს შეცვლის და ექსპერტების თქმით, ამან შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

საინტერესოა მასკის აზრიც, რომელსაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულაციაა საჭირო. მიუხედავად ამისა, მან გასულ წელს ახალი კომპანია xAI დააარსა. xAI ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე კომპანიაა, რომელიც OpenAI-ის კონკურენტია.

მან ისიც აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ ინტელექტს საბოლოოდ გადაასწრებს. მიუხედავად იმისა, რომ მასკი თავადაა ჩართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, ის მაინც ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა კაცობრიობას საფრთხე დაემუქრება.

"ჩვენ ახლა უკვე AGI-ს ვქმნით. ეს ბავშვის აღზრდას ჰგავს, მაგრამ ეს ბავშვი გენიოსია, უფრო მეტიც, მას შეუძლია იყოს ღმერთი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ აღვზრდით მას", — თქვა მასკმა სილიკონ ველის ღონისძიებაზე რამდენიმე თვის წინ.

და მაინც, როგორი იქნება ტექნოლოგიური სინგულარობა? ამაზეც არ გვაქვს ცალსახა პასუხი. ბევრს მიაჩნია (მასკის მსგავსად), რომ ამან შეიძლება ადამიანების განადგურება გამოიწვიოს. თუმცა, ის უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანები ამ პროცესს ალღოს ავუღებთ და მსგავსი ტექნოლოგიებით საკუთარ თავს შევცვლით. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ერთგვარი ჰიბრიდი, ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის.

ერთი რამ ფაქტია, მომავალი არასდროს იქნება ისეთი როგორიც ის ახლაა. ყველაფერი იცვლება და ცვლილებების ტემპი სულ უფრო ჩქარდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.