დედამიწის მანტიაში არსებული ვეება ტალღები კონტინენტების აწევას იწვევს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, კონტინენტებს შიგნით მაღალი პლატოები იმ აქტივობის გამო წარმოიქმნება, რომელიც დედამიწის მანტიაში, მის სიღრმეებში, მიმდინარეობს.
როდესაც კონტინენტები იშლება, დაყოფის ადგილას ზოგჯერ უზარმაზარი კლდეები ამოიზრდება ხოლმე. განცალკევების პროცესი დედამიწის მანტიაში ტალღას წარმოქმნის, რომელიც ათობით მილიონი წლის განმავლობაში შიგნით მიიწევს და ამ ზეგნების თანდათანობით ზემოთ სწევს.
ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
თომას გერნონის, კვლევის ხელმძღვანელის, თქმით, მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ კონტინენტური რღვევები უზარმაზარი კლდეების ამოზნექას იწვევს. ეს ციცაბო ფერდობები ზოგჯერ გარს ერტყმის კრატონებს — ზეგნებს, რომლებიც კონტინენტების ძლიერი, სტაბილური შიგა ნაწილისგან ამოდის. მეორე მხრივ, ლანდშაფტის ეს ორი კომპონენტი, ჩვეულებრივ, 100 მილიონამდე წლის დაშორებით ფორმირდება. ამის გამო ბევრი მეცნიერი ფიქრობდა, რომ სხვადასხვა სტრუქტურას სხვადასხვა პროცესი ედო საფუძვლად.
///
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სამი გამორჩეულად მასშტაბური ციცაბო ფერდობი შეისწავლეს. ისინი დედამიწის ბოლო სუპერკონტინენტის, გონდვანის, დაშლის შედეგად წარმოიქმნა. ამ რეგიონებში შიგა ზეგნები შეიძლება კილომეტრზე მეტითაც კი იყოს ამოზნექილი.
მკვლევრებმა ტოპოგრაფიული რუკები გამოიყენეს და აჩვენეს, რომ ციცაბო ფერდობები კონტინენტურ საზღვრებს ემთხვევა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი კონტინენტების რღვევამ წარმოქმნა. ამას გარდა, კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ კონტინენტების განცალკევება მანტიის სტაბილურობას არღვევს; შედეგად ღრმა ტალღები წარმოიქმნება, რომლებიც შიგნით, კონტინენტის შუაგულისკენ, მიემართება.
მეცნიერებმა მინერალური მონაცემებიც გააანალიზეს და დაადგინეს, რომ პლატოზე ამაღლება და ეროზია დაახლოებით იმავე დროს და იმავე სიჩქარით მიიწევდა კონტინენტს შიგნით, როგორც — მანტიისკენ მოძრავი ტალღა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ლანდშაფტის ეს ორი სტრუქტურა, სავარაუდოდ, კონტინენტური რღვევის ერთი და იგივე პროცესის შედეგად წარმოიშვა.
კვლევით დადგინდა, რომ ეს ზეგნები ძალიან ნელა მოძრაობდა და ყოველ მილიონ წელიწადში მხოლოდ 15-20 კილომეტრს გადიოდა. ნელი ტემპის მიუხედავად, მოძრაობამ ლანდშაფტი მაინც მნიშვნელოვნად შეცვალა. როცა მანტიის ტალღა შიგნით მიემართებოდა, თანდათანობით ის ძლიერი ფესვებიც მოსპო, რომლებიც კონტინენტებს ერთ ადგილას აკავებდა ქერქისა და მანტიის ზღვარზე. ამ ფესვების გარეშე კრატონები უფრო მსუბუქი გახდა და ზემოთ ამოიწია.
დროთა განმავლობაში წვიმისა და ქარის შედეგად ეროზიამ მათზე დამატებით იმოქმედა და კიდევ უფრო შეამსუბუქა; მოიმატა წყალზე ტივტივის უნარმაც. პროცესის შედეგად თანდათანობით სტაბილური, მაღალი პლატოები წარმოიქმნა, რომლებსაც დღეს ვხედავთ.
თეორიულად, შესაძლოა, იმავე პროცესს წარმოექმნა სხვა პლატოებიც, მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში მდებარე ზეგანი. კლდეები და პლატოები კაროლინაში ნაკლებად მასშტაბურია, ვიდრე ის სამი, რომლებიც მკვლევრებმა შეისწავლეს. შესაძლოა, ამას ის განაპირობებდეს, რომ იგი აღნიშნულ სამზე 100 მილიონი წლით ადრე წარმოიქმნა. ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში ეროზიის შედეგად მანტიის აქტივობის კვალიც წაიშლებოდა და ამოზნექილობისაც.
გერნონის გუნდმა აქამდე ისიც აღმოაჩინა, რომ იმავე სუპერკონტინენტის რღვევამ და მანტიის ტალღამ სხვა გეოლოგიური პროცესებიც დაძრა, მათ შორის, დედამიწის ცენტრიდან ალმასების ამოფრქვევა.
"გასაოცარია იმის წარმოდგენა, რომ ბეჭედზე არსებული ბრილიანტი შეიძლება ერთ-ერთი შედეგი იყოს იმ გეოლოგიური პროცესებისა, რომლებიც დედამიწის ყველაზე ამაღელვებელ გეოლოგიურ სტრუქტურებს აყალიბებს", — დასძინა გერნონმა.
კომენტარები