თეთრი ხალათი თითქმის ყველა ექიმის განუყოფელი ნაწილია. ეს სამოსი დღესდღეობით სამედიცინო პერსონალთან ასოცირდება, მაგრამ მაინც რატომ დაიწყეს ექიმებმა თეთრი ხალათის ჩაცმა?

ზუსტი დროის დასახელება შეუძლებელია, თუმცა, როგორც ჩანს, ამ სამოსის ჩაცმა თანდათანობით დაახლოებით მე-19 საუკუნის მიწურულს გახშირდა. ხალხმა ამ პერიოდში გაიაზრა, რომ მიკრობებით დაბინძურების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, თეთრი ხალათების გამოყენება, სავარაუდოდ, საავადმყოფოებში სისუფთავის სიმბოლიზებას შეუწყობდა ხელს.

დროთა განმავლობაში ეს ჩაცმულობა მით უფრო მეტად დაუკავშირდა ექიმებსა და მეცნიერებს; პაციენტებს ასე შემოსილი პროფესიონალების მიმართ გარკვეული განწყობები ჩამოუყალიბდათ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ აშშ-ში საავადმყოფოში მყოფთა ნახევარზე მეტისთვის სულერთი არ ყოფილა თავიანთი ექიმის ჩაცმულობა; მესამედზე მეტი ამბობდა, რომ მათზე მზრუნველი პირის ჩაცმულობას გავლენა ჰქონდა მკურნალობით კმაყოფილების დონეზე.

თეთრმა ხალათმა ექიმის ტანისამოსს შორის ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მეორე მხრივ, ეს დამოკიდებულება მაინც იცვლებოდა პაციენტების ასაკისა და ექიმის სპეციალობის მიხედვით.

///

გაერთიანებულ სამეფოში სამედიცინო პრაქტიკოსთა გამოკითხვის მიხედვით, თეთრი ხალათის ჩაცმის ყველაზე ხშირი მიზეზი ის იყო, რომ იგი კოლეგებსა და პაციენტებს ექიმის ამოცნობაში ეხმარება. სხვა მოტივები იყო როგორც ხალათის ჯიბეებით სარგებლობა, ასევე ექიმის სტატუსის ხაზგასმა.

ცნობისთვის, 2007 წელს ბრიტანეთის მთავრობამ "იდაყვს ქვემოთ სიშიშვლის" პოლიტიკა შემოიღო; ექიმებისათვის ხელის მოშიშვლება სავალდებულო გახდა, რათა ტანისამოსის მეშვეობით პათოგენების გავრცელება შეეზღუდათ. ასე გრძელმკლავიანი ხალათები აიკრძალა და მას შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საავადმყოფოებში ვეღარ შეხვდებით.

ზოგიერთი ექიმი ამის გამო უკმაყოფილოა და თეთრი ხალათის დაბრუნებასაც ითხოვს, რადგან ცალსახად არაფერი ამტკიცებს იმას, რომ საავადმყოფოში ინფექციების გავრცელებას სამედიცინო პერსონალის ტანისამოსი განაპირობებს.

საბოლოო ჯამში, თეთრი ხალათი ბევრ ქვეყანაში დღესაც სამედიცინო პროფესიის სიმბოლოა, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი — პრესტიჟის ხაზგასმა, პერსონალის დიფერენცირება თუ პაციენტების ნდობის მოპოვება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.