გიობექლი თეფე ათწლეულებია აბნევს მეცნიერებს. ეს ადგილი 12 ათასი წლით თარიღდება, მის ცადაზიდულ ქვებს კი კომპლექსური და იდუმალი გრავიურები აქვს შემორჩენილი უძველესი ცივილიზაციისგან.

წლობით კვლევის შემდეგ ედინბურგის უნივერსიტეტის არქეოლოგები აცხადებენ, რომ ქვის სვეტზე ამოტვიფრული ნიშნები, შესაძლოა, მსოფლიოს უძველესი მზის კალენდარი იყოს. მათი აზრით, იგი გამანადგურებელი კომეტის ჩამოვარდნის შემდეგ უნდა შეექმნათ მემორიალის სახით.

გრავიურები იმასაც მიანიშნებს, რომ უძველეს ხალხს პრეცესია (დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო) ესმოდა და, შესაძლოა, ვარსკვლავების პოზიციაზე მის გავლენასაც იწერდა. ამის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ისინი მოვლენას იმაზე ადრე იცნობდნენ, ვიდრე იგი ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემ აღწერა.

V-ს ფორმის სიმბოლოები

გიობექლი თეფე თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი უძველესი კომპლექსია ტაძრის მსგავსი ზღუდეებით, რომლებზეც გაუგებარი ნიშნებია ამოტვიფრული.

იხილეთ: გიობექლი თეფე — ისტორიაში უძველესი ტაძარი, რომელიც სტოუნჰენჯამდე 6 000 წლით ადრე აიგო

კვლევის მიხედვით, ჩვენმა წინაპრებმა მზის კალენდარი მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით შექმნეს, რათა წლიური ციკლი აღერიცხათ. ამაზე სვეტებზე ამოტვიფრული V-ს ფორმის სიმბოლოები მიანიშნებს.

მკვლევრების აზრით, ეს სიმბოლოები დღეებს აღნიშნავს. მეცნიერებმა ეს ნიშნები დაითვალეს, შედეგად კი 365-დღის მქონე მზის კალენდარი გაშიფრეს. იგი მზის 12 თვედ იყო დაყოფილი და დამატებით 11 დღე ჰქონდა. აღმოჩენას ღირსშესანიშნაობას მატებს ის, რომ ამ პერიოდში წერა ჯერ განვითარებული არ იყო.

საინტერესოა, რომ ზაფხულის ნაბუნიობა ამ პოტენციურ კალენდარზე ცალკეული დღის სახით, უნიკალურად არის აღნიშნული. იგი ქვის სვეტებზე ჩიტის მსგავსი არსებით გამოსახეს, რომელსაც V-ს ფორმის ყელსაბამი უკეთია.

"რადგან მთვარის ციკლებიცაა გამოსახული და მზისაც, გრავიურები, შესაძლოა, მსოფლიოს უძველესი ე. წ. მთვარე-მზისიერი კალენდარი იყოს, რომელიც მთვარის ფაზებსა და მზის პოზიციას ეფუძნება. ამ შემთხვევაში იგი ათასწლეულებით უსწრებს ამ ტიპის სხვა ჩვენთვის ნაცნობ კალენდრებს", — წერენ ნაშრომის ავტორები.

ცნობისთვის, მსგავსი ფორმის სიმბოლოები ამ ტერიტორიაზე სხვა სკულპტურებზეც გვხვდება. შესაძლოა, მათ რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდეს.

სხვადასხვა კულტურაში არაერთი უძველესი კალენდარული ჩანაწერი აღმოუჩენიათ. უძველეს დროში დათარიღების სისტემას ბევრი მიზნით იყენებდნენ, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, რელიგია თუ ასტრონომია.

კომეტა, რომელმაც "მინი- მყინვარული პერიოდი" მოიყვანა

ცივილიზაციისათვის დრო ასეთი მნიშვნელოვანი, შესაძლოა, კატასტროფული მოვლენის გამო ყოფილიყო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კომეტა დედამიწას 13 ათასი წლის წინ შეეჯახა და "მინი- მყინვარული პერიოდი" გამოიწვია, რომელიც დაახლოებით 1 200 წელი გაგრძელდა. შედეგად უამრავი დიდი ცხოველი გადაშენდა. შესაძლოა, გიობექლი თეფე ამ კატასტროფის მემორიალი იყოს.

სავარაუდოდ, ასტრონომიული მოვლენა ადამიანთა უძველესი დასახლებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამან ხალხის ცხოვრებისა და ფერმერობის ყაიდა შეცვალა.

გარდა ამისა, ამ ადგილას სხვა სვეტზე, სავარაუდოდ, ტაურიდის მეტეორული წვიმაა გამოსახული. არსებობს ჰიპოთეზა, რომ კომეტის ნამსხვრევები 27-დღიანი აფეთქების დროს გაჩნდა, რომელიც ორი თანავარსკვლავედიდან მოდიოდა.

///

როგორც ჩანს, გიობექლი თეფეს ბინადრები ცის დაკვირვებით იყვნენ გატაცებულნი, რაც მოსალოდნელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მსოფლიო კომეტის ჩამოვარდნამ გაანადგურა. ამ მოვლენას, შესაძლოა, ცივილიზაციისათვის ჩაეყარა საფუძველი; ეს ახალი რელიგიის წამოწყებითა და სიცივესთან საბრძოლველად სოფლის მეურნეობის შესაბამისად განვითარებით.

"სავარაუდოდ, მათ მიერ დანახულის ჩაწერის მცდელობები იყო პირველი ნაბიჯები, რათა ათასწლეულების შემდეგ წერა განვითარებულიყო", — დაასკვნა მარტინ სვიტმენმა, კვლევის ხელმძღვანელმა.

ნაშრომი ჟურნალში Time and Mind გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.