რომელია დედამიწაზე უძველესი ეკოსისტემა
დედამიწის ზედაპირი ბიომებისგან შედგება. თითოეულ ამ ბიომასაში მრავალი განსხვავებული ეკოსისტემაა, რომლებიც მუდმივად იზრდება, იშლება და სიცოცხლის მრავალფეროვნებითაა სავსე. თუმცა, რომელი ეკოსისტემები იყო უძველესი და მათგან რომელი შემორჩა დღემდე?
იმის გამო, რომ ეკოსისტემები მუდმივად დაშლად ნაწილებისგან შედგება, სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობის დასაწყისში პირველი ცოცხალი ორგანიზმები დროთა განმავლობაში იცვლება. ეკოსისტემის “სიცოცხლე” შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც შევადაროთ. ჩვენი უჯრედები მუდმივად რეგენერაციას განიცდის, ასე რომ, პრაქტიკულად არცერთი უჯრედი, რომლითაც დავიბადეთ, სრულწლოვანებამდე არ მოგვყვება. და მაინც, ჩვენ იგივე ადამიანი ვართ. ანალოგიურად, ეკოსისტემა ცოცხალია მანამ, სანამ მისი კომპონენტები ჩართულია ენერგიისა და საკვები ნივთიერებების ციკლში.
რა არის ეკოსისტემა?
ეკოსისტემა ეკოლოგიის ერთეულია, სადაც ცოცხალი მცენარეებისა და ცხოველების ბალანსი, კლიმატი, რელიეფი და გეოლოგია გაერთიანებულია კონკრეტული გარემოს შესაქმნელად. ეკოსისტემები შეიძლება იყოს დიდი ან პატარა და ამით იქმნება დედამიწის მთელი ზედაპირი. ეს ეკოსისტემები არსებობს, როგორც უფრო დიდი ბიომასის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული ლანდშაფტებისა და გარემო პირობების უფრო ფართო ერთობას.
დედამიწაზე ორი განსხვავებული სისტემა გვხვდება, რომლებიც ხმელეთისა და წყლისგან შედგება. ეკოსისტემები შეიცავს როგორც ბიოტიკურ, ასევე აბიოტურ ფაქტორებს. ბიოტიკური ფაქტორებია ცოცხალი არსებები, როგორიცაა ცხოველები და მცენარეები, ხოლო აბიოტური ფაქტორები ეს არაცოცხალი მატერიაა, როგორიცაა ქანები, ტემპერატურა და ტენიანობა.
ეკოსისტემაში ფუნქციური ჯაჭვებია, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებს. ტემპერატურა და წვიმა განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მცენარეები გაიზრდება ეკოსისტემაში, მცენარეები განმაპირობებელია იმის, თუ როგორი ცხოველები იცხოვრებენ იქ და ასე შემდეგ.
უძველესი ეკოსისტემა
სახეობების მსგავსად, ეკოსისტემები წარმოიქმნება, ვითარდება, განიცდის ევოლუციას და დროსთან ერთად შეიძლება განადგურდეს. გამძლეობიდან გამომდინარე, ბევრმა ეკოსისტემამ გამყინვარების ეპოქებს გაუძლო და 300 მილიონი წელია არსებობს.
ტროპიკული ტყეები დედამიწაზე ცხოველებისა და მცენარეების ნახევრის მასპინძელია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკულ ტყეებს დედამიწის ზედაპირის მხოლოდ 6% უკავია. სწორედ ტროპიკული ტყეებია ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემები და ამასთან, უძველესიც.
წყლის ეკოსისტემები, როგორიცაა რიფები, ასევე უძლებს დროს. ბევრი ასეთი ეკოსისტემა ასობით ათასი წელია რაც არსებობს. დადგენილია, რომ ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი, მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფის სისტემა, 600 000 წელი არსებობდა.
ასევე საინტერესოა ზღვის ბალახის (seagrass meadows) ეკოსისტემები. ამ სისტემებმა პირველად ჩამოყალიბება 100 მილიონი წლის წინ დაიწყო.
მსოფლიოს უძველესი ტყეები
მსოფლიოს ზოგიერთი უძველესი ტყე მილიონობით წელსა და კლიმატურ ცვლილებს გადაურჩა.
დედამიწაზე უძველესი ტყის კვალს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში მიაგნეს და ითვლება, რომ ის 390 მილიონი წლისაა. ეკოსისტემა ახლა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ აქ გაქვავებული ხეების ნაშთები შუა დევონური პერიოდით დაათარიღეს — ტყე შედგებოდა მცენარეებისგან, უძველესი ფლორისა და კლადოქსილოფსიდებისგან.
სულ რაღაც 2-იდან 4 მეტრამდე სიმაღლის მქონე კლადოქსილოფსიდების სიმრავლე ნიშნავს, რომ უძველესი ტყე, სავარაუდოდ, არც თუ ისე მაღალი იყო. მიუხედავად ამისა, ეს პატარა ტყე ოდესღაც ცოცხალი და აყვავებული ეკოსისტემა იყო.
რაც შეეხება დღეს კიდევ არსებულ უძველეს ეკოსისტემას, 2005 წლის კვლევის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი სისტემა სამხრეთ ამერიკაშია და ის სულ მცირე 55 მილიონი წლისაა.
ამ მხრივ საინტერესოა კიდევ ერთი ტროპიკული ტყე, რომელიც ავსტრალიაში დაინტრის ტერიტორიაზე 180 მილიონი წლის წინ უნდა გაჩენილიყო. ჩრდილოეთ კვინსლენდში მდებარე ეს მკვრივი, ტროპიკული ტყე გაშლილია 1 200 კვადრატულ კილომეტრზე და მასპინძლობს ცხოველებისა და მცენარეების გამორჩეულ სახეობებს.
თუმცა, არსებობს კვლევები, რომლებიც ჩამოთვლილი ეკოსისტემების ასაკს ეჭვის ქვეშ აყენებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეკოსისტემების წარმოშობისა და ასაკის ზუსტად დადგენა ხშირად პრობლემურია, რთულია ერთი კონკრეტული უძველესი სისტემის გამორჩევა. სწორედ ამიტომ, სტატიაში რამდენიმე ასეთი ეკოსისტემა გამოვარჩიეთ.
კომენტარები