აღმოაჩინეს 500 მილიონი წლის განამარხებული ლარვა, რომლის ტვინმაც დღემდე მოაღწია
პალეონტოლოგებმა ჩინეთის იუნანის პროვინციაში მატლის მსგავსი მიკროსკოპული არსების ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 500 მილიონი წლისაა. ის მაშინ მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ლარვის სტადიაში იყო, ანუ განვითარების ადრეულ ეტაპზე.
ესაა ახალი სახეობა Youti yuanshi, რომლის სახელის პირველი ნაწილიც ჩინურად "ლარვას" ნიშნავს, მეორე კი "პრიმიტიულად" ითარგმნება. ის დედამიწის წყლებში კამბრულ პერიოდში ცხოვრობდა და ფეხსახსრიანთა ევოლუციისთვის უნდა შეეწყო ხელი, მათ შორის მწერებისთვის, ობობებისთვის და კიბორჩხალებისთვის. შესაბამისად, შესაძლოა, ახალი მიგნება მათი ტვინის რთული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესის უკეთ გამოკვლევაში დაგვეხმაროს.
ნამარხის ზომა დაახლოებით ბრინჯის ერთი მარცვლისას შეესაბამება, ანუ ძალიან პატარაა, მაგრამ დღემდე კარგადაა შემონახული, ეს კი იშვიათობაა. სპეციალისტებმა ის რენტგენულად შეისწავლეს და მისი შიგნეულობის სამგანზომილებიანი გამოსახულებები მოიპოვეს. შედეგად, ლარვის ტვინი და პრიმიტიული მიმოქცევითი სისტემა გამოჩნდა, მათ შორის კიდურებთან და თვალებთან დაკავშირებული ნერვების კვალი.
"თავიდანვე მივხვდი, რომ მატლის მსგავსი ეს მარტივი ნამარხი განსაკუთრებული იყო, მაგრამ როცა დავინახე, რამდენად კარგად იყო შემონახული კანქვეშა დეტალები, უბრალოდ ყბა ჩამომივარდა. გასაკვირია, როგორ მოახერხა ამ სტრუქტურებმა დაშლის თავიდან აცილება და ნახევარი მილიარდი წლის შემდეგ დღემდე მოღწევა", — აცხადებს პალეონტოლოგი მარტინ სმიტი.
როგორც ცნობილია, ამ არსების სიკვდილიდან მალევე მისი რბილი ქსოვილები ფოსფატმა ჩაანაცვლა და ლარვა ქვაში გაანამარხა. ამისთვის წყალში ფოსფატის მაღალი კონცენტრაცია უნდა ყოფილიყო, რათა Youti yuanshi-ს უჯრედებს მინერალიზაცია განეცადა.
უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ფეხსახსრიანების ტვინი 500 მილიონი წლის წინ ევოლუციას განიცდიდა და უფრო რთულ სტრუქტურას იძენდა. მაგალითად, ლარვას ტვინის მემკვიდრეობითი რეგიონი ჰქონდა, რომელიც უფრო განვითარებული, შვერილების (ანტენების) მქონე, თავის ცენტრალური ნაწილი გახდებოდა. მისი მეშვეობით ისინი სხვადასხვა გარემოსთან და ცხოვრების სტილთან მარტივად ადაპტირდებოდნენ, მაგალითად შეეძლოთ, მტაცებლები გამხდარიყვნენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები