დიდი ოდენობით შაქრის მიღება ბიოლოგიურ დაბერებასთან დააკავშირეს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს, რომლებიც საკვები ნივთიერებებით მდიდარ და ნაკლები შაქრის შემცველ საჭმელს იღებენ, უფრო ახალგაზრდა უჯრედები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული რაციონი შესაძლოა, ბიოლოგიური დაბერების პროცესს ანელებდეს, ტკბილეულის ჭარბად მოხმარება კი პირიქით, აჩქარებდეს.
სპეციალისტებმა უჯრედების ასაკოვნება დნმ-ის მოლეკულების ზედაპირზე არსებული მეთილით შეაფასეს. ის კონკრეტული გენების აქტივობას ისე ცვლის, რომ თავად მათი დნმ-ის კოდს ხელუხლებელს ტოვებს, რასაც ეპიგენეტიკური მოდიფიკაცია ეწოდება. მეთილის მახასიათებლები დროთა განმავლობაში იცვლება, რასაც აჩქარებულ უჯრედულ დაბერებასთან აკავშირებენ.
საინტერესოა, როგორი გავლენა აქვს ამ ყველაფერზე შაქარს. აღმოჩნდა, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონის მიერ დაბერების შენელების ეფექტს აჩერებს. მაგრამ ის მხოლოდ ამ პროცესის შეფერხებით არ შემოიფარგლება, არამედ დაბერებას აჩქარებს კიდეც.
საუბარია ე.წ. თავისუფალ შაქრებზე, რომლებიც პროდუქტებს დამზადებისას ემატება, იქნება ეს გამაგრილებელი სასმელი თუ საკონდიტრო ნაწარმი. ის განსხვავდება იმ შაქრებისგან, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულში ბუნებრივად გვხვდება.
მნიშვნელოვანია, რომ ეპიგენეტიკურ დაბერებაზე თავისუფალი შაქრების ამგვარი გავლენა კვლევაში ორივე კატეგორიაში — თეთრ და შავკანიან ქალებში — გამოვლინდა, რაც, მეცნიერთა თქმით, პირველად მოხდა. მათი საშუალო ასაკი 39 წელი იყო.
მეცნიერებმა საერთო ჯამში 342 ქალის რაციონი შეისწავლეს და სხვადასხვა დიეტას მიუსადაგეს, მათ შორის ხმელთაშუაზღვისპირულს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღად მიიჩნევა. იგი ხილით, ბოსტნეულით, მთლიანი მარცვლეულით, თხილეულითა და უჯერი ცხიმებითაა მდიდარი.
მკვლევრებმა მონაწილეთა მონაცემები "საკვები ნივთიერებების ეპიგენეტიკური ინდექსით" შეაფასეს, რომელშიც ყურადღება ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებსა და დნმ-ის შენარჩუნება-აღდგენის ეფექტს ექცევა. პარალელურად, გაითვალისწინეს, რა ოდენობის შაქარს იღებდა თითოეული ინდივიდი ყოველდღიურად, რაც 2.7-დან 316 გრამამდე მერყეობდა. ამის შემდეგ უკვე მათი ეპიგენეტიკური ასაკი გამოითვალეს, რისთვისაც უჯრედებში დნმ-ის მეთილირებასა დააკვირდნენ.
შედეგად, ავტორებმა დიეტასა და უჯრედულ დაბერებას შორის კავშირი გამოავლინეს. მათი ნაშრომი გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა.
კომენტარები