აღმოაჩინეს ერთმანეთში გადახლართული 4 გველის ნამარხი, რომელიც 34 მილიონი წლისაა
პალეონტოლოგებმა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ძველად გავრცელებული გველების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც Hibernophis breithaupti ეწოდება. ეს დღემდე შემორჩენილი ნამარხის მეშვეობით შეძლეს, რომელიც ერთმანეთში გადახლართული 4 გველის ნაშთებს მოიცავს. მათი ასაკი 34 მილიონი წელია, რაც ნიშნავს რომ უკანასკნელი მიგნება ამ არსებების ევოლუციის შესახებ მეტის გაგების საშუალებას იძლევა.
ნამარხს სპეციალისტებმა ვაიომინგის შტატში მდებარე უაით რივერის ფორმაციაში მიაკვლიეს. ქვეწარმავლების ნაშთები ამ დრომდე თითქმის სრული სახითაა შემონახული. ძვლების განლაგება თითქმის პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, რაც იშვიათობაა.
ერთ-ერთი გველი დანარჩენ 3-ს ზომით ორჯერ აღემატება. ეს გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა მათი სხეული სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე. მეცნიერების ვარაუდით, ახალაღმოჩენილი სახეობა მახრჩობელასებრთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელშიც პითონები და თავად მახრჩობელები შედიან. კერძოდ, ისინი ე.წ. რეზინისებრ გველებთან უნდა იყვნენ დაკავშირებულნი.
"მახრჩობელასებრთა ევოლუციის შესახებ ფართო გაგებით მეტ ინფორმაციას ვიღებთ. ისე ჩანს, თითქოს, მათი თავდაპირველი წარმომადგენლები მცირე ზომის სხეულის მქონე გველები იყვნენ, რაც საინტერესოა", — აცხადებს პალეონტოლოგი მაიკლ კაუდველი.
ქვეწარმავლების გადახლართულობა მიუთითებს, რომ ისინი სიცივისგან თავდასაცავად თავშესაფარში ერთად იყვნენ. შესაძლოა, ეს გველების სოციალური ქცევის პირველი მტკიცებულება იყოს, რომელიც ნამარხშია შემონახული.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გველების განამარხების პროცესს მცირემასშტაბიანმა დატბორვამ შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი ინდივიდი უკვე ზრდასრული უნდა ყოფილიყო, დანარჩენი კი შედარებით ახალგაზრდა. ასევე, მესამე ნაშთი ერთ-ერთი გველის სხეულის ქვემოთაა მოქცეული, მაგრამ სიგრძით მას აღემატება.
საინტერესოა, რომ ასეთი გადახლართულობა ბაღის გველებშიცაა გავრცელებული. ამ დროს ათასობით მათგანი ერთად იყრის თავს, რათა ჰიბერნაციის დროს სითბო შეინახონ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Zoological Journal of the Linnean Society გამოქვეყნდა.
კომენტარები