მომხმარებლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ChatGPT-ს ცნობიერება გააჩნია — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ChatGPT-ის აქტიურ მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ცნობიერია.
ვატერლოოს უნივერსიტეტის პრესრელიზის მიხედვით, გამოკითხულთა ორი მესამედი თვლის, რომ ChatGPT ნამდვილად ცნობიერია. მეტიც, კვლევის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ჰქონდეს გრძნობები და მოგონებები.
ზედმეტია იმის მტკიცება, რომ OpenAI-ის ჩატბოტს ამ ეტაპზე ცნობიერი არ გააჩნია, შესაბამისად, მას ემოციები და გრძნობები არ აქვს. და მაინც, მომხმარებლებში ეს უცნაური დინამიკა საყურადღებოა.
Neuroscience of Consciousness-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, რაც უფრო ხშირად იკვეთება ადამიანი დიდ ენის მოდელთან (LLM), მით უფრო დიდია იმის შანსი რომ მან ხელოვნური ინტელექტი ცნობიერად აღიქვას.
"დარგის ექსპერტების თქმით, ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერი არ გააჩნია, მაგრამ ასე არ ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი", — ამბობენ კვლევის ავტორები
ინგლისელმა მკვლევრებმა 300 ადამიანი ონლაინ გამოჰკითხეს. ისინი კვლევის მონაწილეებს ეკითხებოდნენ, გააჩნია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს (LLM) ემოციები და დაგეგმვის უნარი. ამის პარალელურად, მკვლევრებს აინტერესებდათ თუ რამდენად ხშირად იყენებდნენ ChatGPT-ს კვლევის მონაწილეები.
როგორც მკვლევრებმა აღმოაჩინეს, (საშუალოდ) რაც უფრო ხშირად იყენებს ადამიანი ჩატბოტს, მით უფრო ჰგონია, რომ მას ცნობიერი აქვს.
"ეს ენის ძალაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ჩვენი ფსიქიკა ასეა მოწყობილი — როდესაც "ვინმე გვესაუბრება", არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა ეს ადამიანია თუ ხელოვნური ინტელექტი, მას ჩვენ ცნობიერის მქონე არსებად აღვიქვამთ", — აღნიშნულია კვლევაში.
და მაინც, ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის თუ რა არის ცნობიერი. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ცნობიერი ცხოველებსაც აქვთ, თუმცა ზოგი ასე არ ფიქრობს და მათი აზრით, ეს მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდაც ფიქრობენ, რომ შეიძლება ცნობიერი ჩვენც არ გვქონდეს. ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა თუ რა როლი უკავია ახლა და რა როლს შეასრულებს მომავალში ხელოვნური ინტელექტი.
კომენტარები