ტამპონებში ტოქსიკური მეტალები აღმოაჩინეს — ამ ტიპის პირველი კვლევის შედეგები
ახალი კვლევის თანახმად, ტამპონები არაერთ ტოქსიკურ მეტალს შეიცავს, მათ შორის ტყვიასა და დარიშხანს. ცნობილია, რომ ტამპონები მენსტრუაციის დროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია.
კვლევა კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) მეცნიერებმა ჩაატარეს. რამდენადაც თავად იციან, ტამპონები მძიმე მეტალების არსებობაზე აქამდე არასოდეს შემოწმებულა.
"რაც შემაშფოთებელია, ყველა მეტალის კონცენტრაცია აღმოვაჩინეთ, რომლებზეც შევამოწმეთ", — განაცხადა ჯენი ა. შეარსტონმა, ნაშრომის მთავარმა ავტორმა.
მკვლევრებმა ტამპონებში სულ 16 სხვადასხვა ქიმიკატი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაა: დარიშხანი, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, რკინა, ვერცხლისწყალი და ნიკელი. მეცნიერებმა მეტალების არსებობაზე სულ 14 ბრენდის ჰიგიენური პროდუქტები შეამოწმეს, თუმცა ნაშრომში მათი დასახელებები დაკონკრეტებული არაა.
ტამპონებს შორის მეტალების რაოდენობა განსხვავებული აღმოჩნდა სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, მაგალითად, აშშ-ს წარმოებისა იყო ისინი თუ ევროპის, ასევე ორგანული იყო თუ არაორგანული. მიუხედავად ამისა, პრესრელიზის მიხედვით, "არცერთ კატეგორიაში არ იყო ყველა ან თითქმის ყველა მეტალი მუდმივად დაბალი კონცენტრაციით".
მაგალითისთვის, ორგანულ ტამპონებში, არაორგანულებთან შედარებით, ტყვიის შედარებით დაბალი კონცენტრაცია შეინიშნებოდა, თუმცა მეტი რაოდენობით იყო დარიშხანი.
მკვლევართა განმარტებით, მეტალები ტამპონებში სხვადასხვა გზით შეიძლება აღმოჩნდეს. ბამბამ ეს ლითონები, შესაძლოა, ჰაერიდან, წყლიდან ან ნიადაგიდან შეიწოვა; ეს მასალა სხვა გზითაც შეიძლება დაბინძურებულიყო, თუნდაც ტყვიის საწარმოო ქარხანასთან გაზრდის შედეგად.
მეტად შემაშფოთებელია ის, რომ, მეცნიერების ჰიპოთეზით, ზოგიერთი ქიმიკატი, შესაძლოა, წარმოების დროს დაემატებინათ პროდუქტისთვის. ეს, სავარაუდოდ, გათეთრების, ბაქტერიებისგან დაცვისა თუ ფერის მიცემის მიზნით.
გამოდის, მენსტრუაციის მქონე ადამიანთა დიდი ნაწილი ტამპონებს იყენებს, ეს პროდუქტი კი საზიანო მეტალებს შეიცავს. კვლევის ავტორები, ნაცვლად პანიკისა, სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.
"მეტი ინფორმაცია გვჭირდება", — თქვა შეარსტონმა — "ხალხს იმას ვურჩევდი, რომ მეტ კვლევას დაუჭირონ მხარი და მეტი კითხვა დასვან ამაზე, რათა მენსტრუაციისა და მენსტრუალური პროდუქტების კვლევა პრიორიტეტული გახდეს".
ცნობისთვის, ევროპასა და აშშ-ში კანონი არ მოითხოვს ტამპონების ქიმიურ ტესტირებას.
"კარგი იქნება, თუ საზოგადოება ხმას აიმაღლებს ან მოითხოვს, რომ ტამპონებსა და მენსტრუალურ პროდუქტებზე უფრო ინფორმაციული იარლიყები იქნას დატანილი", — დასძინა შეარსტონმა.
კომენტარები