NASA-ს მარსის კოლონიზაციისთვის რევოლუციური რაკეტის შემუშავება სურს
NASA-მ 725 000 დოლარის ინვესტიცია ახალ სარაკეტო სისტემაში ჩადო. სისტემას მარსის კოლონიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეუძლია.
დღევანდელი ტექნოლოგიით, წითელ პლანეტაზე ორმხრივ მოგზაურობას თითქმის ორი წელი დასჭირდება. კოსმოსურ ფრენებში ამდენი დროის გატარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ რისკებს შეიცავს.
ასეთ დროს ასტრონავტი მზის რადიაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ ექცევა, ასევე აღსანიშნავია კოსმოსური გამოსხივების მაღალი დონე და ნულოვანი გრავიტაციის ეფექტი.
აქედან ყველაზე დიდი საფრთხე კოსმოსური გამოსხივებაა. NASA-ს ცნობით, ასტრონავტები, რომლებიც სულ რაღაც ექვს თვეს ატარებენ კოსმოსში, რადიაციის ქვეშ ექცევიან. ამან ადამიანში შეიძლება სიმსივნისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
"რადიაციული ზემოქმედების შესუსტების საუკეთესო საშუალება მოგზაურობის ხანგრძლივობის შემცირებაა", — განუცხადა Business Insider-ს Howe Industries-ის პრეზიდენტმა, ტროი ჰოუმ.
სწორედ ამიტომ, ის შეუერთდა NASA-ს, რათა შეიმუშაოს პულსირებული პლაზმური რაკეტა (PPR) — ახალი სისტემა, რომელსაც მარსის (წინ და უკან) მოგზაურობის ორ თვემდე შემცირება შეუძლია.
შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
ჰოუს თქმით, ამ ტექნოლოგიას რაკეტების წარმოების მხრივ რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში ასეთი რაკეტით ადამიანის მარსზე უფრო შორს გაგზავნაც შეგვეძლება.
როგორ მუშაობს რაკეტა
PPR არის მამოძრავებელი სისტემა, რომელიც გახურებული პლაზმის იმპულსებს იყენებს. სწორედ ასე გამომუშავდება ძლიერი ბიძგი. ამჟამად, სისტემა განვითარების მეორე ფაზაშია და მას NASA-ს ინოვაციური კონცეფციების (NIAC) პროგრამა აფინანსებს.
მეორე ეტაპის კვლევა ამ თვეში დაიწყება და ფოკუსირებული იქნება ძრავის დიზაინის ოპტიმიზაციაზე.
PPR-ის დიდი უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია ძალიან დიდი სიჩქარის განვითარება. რაკეტას ექნება, როგორც ძლიერი ბიძგი, ასევე მაღალი სპეციფიკური იმპულსი. ეს იმას ნიშნავს, რომ PPR-ით აღჭურვილ კოსმოსურ ხომალდს საათში 160 000 კილომეტრის დაფარვა შეეძლება.
თუმცა, მეორე ფაზის დასრულების შემდეგაც კი, რამდენიმე ათეული წელი იქნება საჭირო, სანამ PPR საბოლოოდ მზად იქნება.
ჰოუს თქმით, რაკეტის შემუშავებას შეიძლება 20 წელზე მეტი დასჭირდეს, მაგრამ როგორც კი ის გვექნება, მარსი ასე შორს აღარ მოგვეჩვენება.
კომენტარები