ხელოვნური ინტელექტი ქართული ენის სადარაჯოზე: ხელსაწყო ენაგრამი სატესტო რეჟიმში ამუშავდა
"ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით წვლილი შეგვაქვს მწირ რესურსიანი ენების გადარჩენაში".
ენაგრამი, ენობრივი ტექნოლოგიების ქართული პლატფორმა, სატესტო რეჟიმში ამუშავდა და მისი ფუნქციების გამოცდა უკვე ყველას შეგვიძლია. გამოსაცდელ პერიოდში სერვისის ფუნქციებით უფასოდ ვისარგებლებთ — შეგვიძლია, ტექსტები გავახმოვანოთ, საუბარი ვაქციოთ ტექსტად და მართლწერის შეცდომები გავასწოროთ.
პლატფორმის ვებსაიტის მიხედვით, ენაგრამი "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის" ერთ-ერთი პროდუქტია. გუნდი ენობრივ ხელსაწყოებს ქმნის ქართულსა თუ სხვა ენებზე, ამისათვის კი ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს.
კონტექსტი
ცნობილია, რომ ქართული მცირე რესურსიანი ენაა — ქართულად ცოტა ადამიანი მეტყველებს და ცოტაა ამ ენაზე შექმნილი ტექსტური მონაცემიც. მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები სჭირდება, რომ რაიმე ისწავლოს. ამის გამო ციფრული ხელსაწყოები ჩვენს ენაზე არც ისე კარგად მუშაობს, რაც მათი ხელმისაწვდომობის პრობლემას ქმნის. ენაგრამი სწორედ ამის მოგვარებას ისახავს მიზნად.
"ჩვენი მიზანია მწირრესურსიანი ენების გაციფრულება, რაც ამგვარ ენებზე მოსაუბრე ადამიანს საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს და საკუთარ ენაზე აუწყოს ფეხი ტექნოლოგიების განვითარებას", — ვკითხულობთ ენაგრამის ვებსაიტზე — "ენაგრამის მისიაა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაეხმაროს მწირ რესურსიან ენებზე მოსაუბრე ადამიანებს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლონ წერა, საუბარი, მოსმენა და გახმოვანება მშობლიურ ენაზე".
გარდა ამისა, გუნდი ამბობს, რომ ენაგრამი ქართული ენის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, შენარჩუნებაც ემსახურება: "ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით წვლილი შეგვაქვს მწირ რესურსიანი ენების გადარჩენაში".
რა შეუძლია ენაგრამს?
პლატფორმას შეუძლია:
- ტექსტად აქციოს ქართული საუბარი, იქნება ეს ცოცხალი მეტყველება თუ აუდიოჩანაწერი;
- ჩვენს ენაზე დაწერილი ტექსტი გაახმოვანოს;
- მართლწერის შემოწმებაში დაგვეხმაროს.
პლატფორმა ბიზნესებს სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს, მათ შორის აუდიტორიის განწყობის კვლევას კომენტარების მიხედვით.
ენაგრამის სერვისი ძირითადი (უფასო) პაკეტისა და პრემიუმის (ფასიანი) სახით არის ხელმისაწვდომი, თითოეულ მათგანს კი განსხვავებული ლიმიტი აქვს. საგულისხმოა, რომ სატესტო რეჟიმში პრემიუმით სარგებლობაც უფასოდ არის შესაძლებელი.
რედაქციაში ენაგრამი უკვე გამოვცადეთ და ამ სტატიის მართლწერაც გადავამოწმებინე (მართლმწერმა მხოლოდ სიტყვა ენაგრამი ვერ იცნო). მართალია, შორს მჯდომი თანამშრომლების საუბრის ტექსტად ქცევა გაუჭირდა, თუმცა მიკროფონთან სიახლოვის გამო ხარისხიანად გაარჩია ჩემი ხმა. უშეცდომოდ გაატექსტა ვიდეოც, რომელიც YouTube-იდან მივაწოდე; ამას რამდენიმე წუთი დასჭირდა.
შეგიძლიათ, ამ ბმულზე ენაგრამი თავადაც გამოცადოთ (და, მაგალითად, ამ სტატიის გახმოვანება სთხოვოთ). მისი დაყენება Google Chrome-ზეც შეგიძლიათ აქედან, ამ ბმულიდან კი მის აპლიკაციას Windows-ზე გადმოწერთ.
ცნობისთვის, ეს ერთადერთი ინიციატივა არაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ენის გაციფრულებას ცდილობენ.
კომენტარები