კნავილი კატებისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი ქცევაა. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ გამოსცემენ ფისოები ამ ხმას?

ამას გრეის კეროლი განმარტავს The Conversation-ის სტატიით. კეროლი ქვინის უნივერსიტეტის (ბელფასტი) ლექტორია ცხოველთა ქცევისა და კეთილდღეობის მიმართულებით.

კნავილის საფუძვლები

კატებში კნავილის ისტორიამ ათასობით წელი განვლო.

თავდაპირველად კატები ცხოვრებასა და ნადირობას არა ჯგუფებად, არამედ განმარტოებით ამჯობინებდნენ. მათი სოციალური ურთიერთობები უმეტესად დედასა და კნუტებს შორის არსებული ინტერაქციებით შემოიფარგლებოდა. სხვა მხრივ, კატები ერთმანეთთან ურთიერთობისას იშვიათად კნავიან.

მას შემდეგ, რაც ეს ცხოველები ადამიანთა გვერდით დასახლდნენ, ამ ვოკალიზაციებმა არაერთი ახალი დატვირთვა შეიძინა. ჩვეულებრივ, როცა კატა შემოგვკნავის, თითქოს იგი თავის მომვლელად აღგვიქვამსო — დაახლოებით ისე, როგორც თავის დედას.

სავარაუდოდ, ადამიანებთან კატები პირველად 10 ათასი წლის წინ გადაიკვეთნენ, როცა ხალხმა მუდმივი სამოსახლოების მოწყობა დაიწყო. ეს ადგილები მღრღნელებს იზიდავდა, რომლებზეც კატები მოდიოდნენ სანადიროდ. ის კატები, რომლებიც შედარებით უშიშრები იყვნენ და მარტივად შეეძლოთ ადაპტაცია, ადამიანებისაგან საკვების უწყვეტ მარაგსა და, შესაბამისად, სარგებელს იღებდნენ. დროთა განმავლობაში კატებს ადამიანებთან უფრო ახლო ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ.

განსხვავებით ძაღლებისგან, რომლებიც ადამიანებმა კონკრეტული მახასიათებლების შერჩევით მოაშენეს, კატებმა უმეტესად თავი მოიშინაურეს. რომელ კატასაც უკეთ შეეძლო ადამიანების ატანა და მათთან კომუნიკაცია, გადარჩენის შანსიც მეტი ჰქონდა. კატები ადამიანების გვერდით ცხოვრებას ასე შეეგუვნენ.

პროცესის უკეთ გასაგებად შეგვიძლია, მელიებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მოვიშველიოთ. 1950-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა მეცნიერმა დმიტრი ბელიაევმა და მისმა გუნდმა სელექციური შერჩევით მოაშენეს მოვერცხლისფრო-შავი მელიები. კერძოდ, მათ ის მელიები შეაჯვარეს, რომელთაც ადამიანების მიმართ ნაკლები შიში და აგრესია ჰქონდათ.

თაობებიდან თაობამდე ეს მელიები თანდათან უფრო მორჩილები და მეგობრულები გახდნენ. ამასთანავე, ფიზიკურად ძაღლებისათვის დამახასიათებელი თვისებები განუვითარდათ, მათ შორის: ჩამოკიდებული ყურები და მორკალული კუდები. შეეცვალათ ვოკალიზაციებიც: აგრესიული "ხველებისა" და "ფრუტუნის" ნაცვლად, უფრო მეგობრული "ყიყინი" და "ქოშინი" დაიწყეს, ადამიანის სიცილის მსგავსი.

ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სელექციური შერჩევით მოშინაურებამ, შესაძლოა, ცხოველებში არაერთი სახის ქცევითი თუ ფიზიკური ცვლილება გამოიწვიოს, თანაც სულ რამდენიმე ათწლეულში, ნაცვლად ათასობით წლისა.

დროთა განმავლობაში კატები თავიანთი წინაპრებისგან, აფრიკული ტყის კატებისგან, განსხვავებულები გახდნენ, თუმცა, თავისთავად, ეს სხვაობა ისეთი რადიკალური არაა, როგორიც — ძაღლებსა და მგლებს შორის. შინაურ კატებს ამჟამად უფრო პატარა ტვინები აქვთ ბეწვის ფერებში მეტი ვარიაცია გამოარჩევთ; ეს არაერთ შინაურ ცხოველს ახასიათებს.

ვოკალური ადაპტაციები კატებში

მოვერცხლისფრო-შავი მელიების მსგავსად, ვოკალიზაციები კატებმაც მოარგეს გარემოებებს.

ცნობილია, რომ ჩვილები დაბადებისას მთლიანად ზრდასრულებზე არიან დამოკიდებულები. ამის გამო გასაჭირის გამომხატველი სიგნალების მიმართ ადამიანებს განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს. ეს რომ არა, ბავშვის სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.

კატის ვოკალიზაციებიც სწორედ ამის შესაბამისად შეიცვალა და ამ ადაპტაციას ერთ-ერთი ნაშრომი მოწმობს. კვლევის ფარგლებში ცდისპირები ორი ტიპის კრუტუნს უსმენდნენ. ერთი მაშინ იყო ჩაწერილი, როცა კატები საკვებს ითხოვდნენ, მეორე კი — მაშინ, როცა არ ითხოვდნენ. იმის მიუხედავად, ჰყავდათ თუ არა ადამიანებს კატა, ყველა ცდისპირი თვლიდა, რომ მოთხოვნის გამომხატველი კრუტუნი ნაკლებად სასიამოვნო იყო და უფრო სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა.

ასევე იხილეთ: რატომ კრუტუნებენ კატები? — რას ამბობს მეცნიერება

აკუსტიკური ანალიზით მოთხოვნის გამომხატველ კრუტუნში წვრილი ხმის კომპონენტი გამოავლინეს, რომელიც ტირილს წააგავდა. გამოდის, ტირილთან ეს დაფარული კავშირი ჩვენში არსებულ მგრძნობელობას ეხმიანება, რომელიც გასაჭირის გამომხატველი ხმების მიმართ გვაქვს. ამის გამო კატის კნავილის უგულებელყოფა თითქმის შეუძლებელი ხდება.

ფოტო: Tenor

საგულისხმოა, რომ ვოკალიზაციები არამხოლოდ კატებს შეეცვალათ, არამედ ჩვენც. ჩვილებს ხშირად ენის მოჩლექით ვესაუბრებით, ხმას ვიწვრილებთ და მარტივ ენას ვიყენებთ. ამ ტიპის მეტყველება პატარების ყურადღებას იპყრობს და მათ ენობრივ განვითარებას უწყობს ხელს.

მეტყველებისას ეს მიდგომა შინაურ ცხოველებზეც გადავიტანეთ. ახალი ნაშრომის თანახმად, კატები რაღაც მხრივ რეაგირებენ ამ ტიპის კომუნიკაციაზე. კვლევის ფარგლებში ამ ცხოველებმა შეძლეს გაერჩიათ, მათკენ იყო საუბარი მიმართული თუ ზრდასრული ადამიანებისგან. დიფერენცირება განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდათ, როცა მეტყველება თავიანთი პატრონებისგან მოდიოდა.

გამოდის, ჩვენი მხრიდან კატებისადმი ასე მიმართვა კვლავაც იმ კავშირს განამტკიცებს, რომელიც დედისა და კნუტის ინტერაქციებს წააგავს.

///

ვოკალიზაციების ცვლილება მხოლოდ ადამიანისა და კატის ინტერაქციაში არ შეინიშნება. წინაპარი მგლებისგან განსხვავებით, ძაღლებმა ყეფა ადამიანებთანაც დაიწყეს, რათა კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი გამხდარიყო. მეორე მხრივ, როგორც კატების შემთხვევაში, ძაღლებსაც ენის მოჩლექით ველაპარაკებით.

დროთა განმავლობაში კატებმა ვოკალური სიგნალების ისე გამოყენება დაიწყეს, რომ ზრუნვის ჩვენეულ ინსტინქტებს მორგებოდნენ. ეს ორმხრივი კომუნიკაცია გარკვეულწილად ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ უნიკალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ჩვენს კატა მეგობრებთან.

შესაძლოა, კატები, ზრუნვასა და ყურადღებას შეჩვეულები, მეტს იღებდნენ ამ ურთიერთობისგან, თუმცა კატის უამრავი პატრონისთვის როდია ეს პრობლემა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.