ეპილეფსიის საწინააღმდეგო ახალი ნეიროსტიმულატორი მოზარდის ტვინში პირველად ჩანერგეს
13 წლის ოლან ნოულსონი პირველი მოზარდია, რომლის ორგანიზმშიც ეპილეფსიის საწინააღმდეგო ახალი ნეიროსტიმულატორი ჩანერგეს.
მას 8-საათიანი ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში ჩაუტარდა, როცა 12 წლის იყო. ბიჭს დღეში ასობით შეტევა ჰქონდა, სანამ ტვინში სპეციალურ მოწყობილობას ჩაუდგამდნენ. ოჯახი ამბობს, რომ ამ პროცედურის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ნოულსონს აუტიზმი და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) აქვს. ასევე, ლენოქს-გასტოს სინდრომი (LGS), რომელიც იშვიათია და სხვადასხვა ტიპის ძლიერ ეპილეფსიურ კრუნჩხვებს გულისხმობს. ის ტრადიციულ პრეპარატულ მკურნალობას არ ექვემდებარება, ამიტომ მასთან გამკლავება მარტივი არაა.
მშობლების თქმით, ამ მდგომარეობამ მათ შვილს ბავშვობა და სხვადასხვა უნარი წაართვა. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ის მოულოდნელად ძირს ეცემოდა, გონებას კარგავდა და სუნთქვასაც კი წყვეტდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა სხვა სახის ჩარევა, რომელიც მას ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებდა.
სწორედ ასეთი აღმოჩნდა ახალი ნეიროსტიმულატორი, რომელიც ტვინში ეპილეფსიურ შეტევებთან ასოცირებულ ანომალიურ აქტივობას ახშობს. მსგავსი მოწყობილობები ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე პაციენტებშიც გამოიყენება, მაგალითად პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში. ამის მიუხედავად, ეს ტექნოლოგია ძირითადად ზრდასრულებზეა მორგებული, რადგან არასრულწლოვანებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
პროექტ CADET-ის ფარგლებში სპეციალისტებმა ამგვარი პროცედურისთვის ახალგაზრდა პაციენტები შეარჩიეს. კერძოდ, ლენოქს-გასტოს სინდრომის მქონე 22 ინდივიდი, რომელთაგანაც ნიულსონს იმპლანტანტი პირველს ჩაუნერგეს. ეს კომპანია Bioinduction-ის მიერ წარმოებული ნეიროსტიმულატორია, სახელად Picostim, რომელიც ბავშვებში გამოსაყენებლადაა შექმნილი.
თავად 3.5-სანტიმეტრიანი სტიმულატორი თავის ქალაზე მაგრდება. ის ელექტროდებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ტვინის ღრმა რეგიონებშია ჩანერგილი, რათა კრუნჩხვებთან დაკავშირებული იმპულსები აღკვეთოს. მნიშვნელოვანია, რომ მის დასატენად გულ-მკერდის მიმდებარედ სადენების შეყვანა საჭირო არაა, რაც ინფექციის რისკს ზრდის ხოლმე.
ნიულსონის ტვინში მოწყობილობა ოპერაციიდან 1 თვეში გაუაქტიურეს. ის მის მოქმედებას ვერ გრძნობს, რადგან ყოველდღიურ რუტინაში ხელს არ უშლის, მაგრამ შედეგი სახეზეა — მოზარდის დღიური შეტევები 80%-ითაა შემცირებული. ცნობილია, რომ მალე პროცედურა კიდევ 3 ბავშვს ჩაუტარდება.
კომენტარები