ცოცხალი ორიგამი — გაიცანით მიკრობი, რომელსაც "კისრის" 30-ჯერ დაგრძელება შეუძლია
Lacrymaria olor — ასე ჰქვია მიკროსკოპულ ორგანიზმს, რომელიც საკვების მოსახელთებლად გასაოცარ შესაძლებლობას იყენებს. მისი ოვალური სხეული დაახლოებით 40 მიკრომეტრი ზომისაა, ერთ-ერთ ბოლოში კი უცნაური შვერილია, რომლის სიგრძეც, საჭიროებისამებრ, დაახლოებით 30-ჯერ იზრდება. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო.
მაინც როგორ ახერხებს ამას L. olor ისე, რომ უჯრედის მემბრანა არ დაიზიანოს?
მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ მისი ერთგვარი "კისრის" დამატებითი სიგრძე სადღაც უნდა იმალებოდეს, რათა სწრაფად დაგრძელდეს. სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ამ ბიოლოგიური მექანიზმის საიდუმლო ამოხსნეს.
მათ დაადგინეს, რომ ზემოხსენებული ერთუჯრედიანი ორგანიზმის შიდა სტრუქტურა და მემბრანა ორიგამის (ქაღალდისგან გაკეთებული ფიგურა) მოგვაგონებს, რომლის გაშლაცა და დაკეცვაც მარტივია. ეს ნიშნავს, რომ მემბრანაზე ზემოქმედება და ენერგიული დანახარჯი მინიმალურია.
სიცოცხლის განმავლობაში L. olor "კისერს" დაახლოებით 20 000-ჯერ იგრძელებს ისე, რომ არაფერი უზიანდება. მართალია, ეს მას საკვების მოპოვებაში ეხმარება, მაგრამ მსგავს შესაძლებლობას თან ახლავს პოტენციური პრობლემებიც. მაგალითად, ძნელია ახალი მემბრანული მატერიის წარმოქმნა. ასევე, ორგანიზმის შვერილი ელასტიკურთან ერთად მაგარიც უნდა იყოს, რათა მთლიანობა შეინარჩუნოს. ამ გამოწვევებთან გამკლავებას მიკრობი წაგრძელებული ნაწილის მემბრანის რამდენიმე ფენად დაკეცვის გზით ახერხებს.
მას საკმაოდ რთული გეომეტრიული სტრუქტურა აქვს, რომლის გაშლის შედეგადაც ცილინდრის ფორმა მიიღება. მის ქვეშ სპირალურად დახვეული მილაკების ქსელია, რომელიც თანაბარზომიერად დაკეცვასა და გაშლას უწყობს ხელს. ეს იოშიმურას ორიგამის ჰგავს, რომელიც დაკეცვადი რომბებისგან შედგება და იწელება.
ყველაფრის მიუხედავად, ერთი კითხვა მაინც რჩება: როცა წყალში ასეთი მცირე ზომის ობიექტები ერთმანეთს უახლოვდება, განმზიდი ძალა წარმოიქმნება, მაგრამ რატომ არ აფრთხობს ეს L. olor-ის მსხვერპლს? შესაძლოა, ამას პასუხი მომავალში გაეცეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები