ახალი კვლევის თანახმად, ნეანდერტალელების გენები აუტიზმთან არის დაკავშირებული
ნეანდერტალელებისგან გადმოცემული იშვიათი გენები მკვლევრებმა აუტიზმის განვითარებასთან დააკავშირეს.
კლემსონისა და ლოიოლას უნივერსიტეტების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნეანდერტალელების იშვიათი გენები ბევრად უფრო ხშირია აუტიზმის მქონე ადამიანებში, ვიდრე მათში ვისაც აუტიზმი არ აღენიშნება.
ეს იშვიათი ვარიანტები მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებში გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვნად ჭარბობს აუტიზმი მქონეს ინდივიდებში. მკვლევრებმა აშშ-ში სამი ეთნიკური ჯგუფის გენომი შეისწავლეს და მაჩვენებლებმა მათი ყურადღება მიიქცია.
მკვლევრების თქმით, როგორც ჩანს, ნეანდერტალელების გენები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული აუტიზმთან.
მიუხედავად ამ კავშირისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია ზუსტად როგორ უკავშირდება გენები აუტიზმს. ასევე არ ვიცით რა იწვევს აუტიზმს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლიობა უნდა იყოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ აუტისტები "უფრო ნეანდერტალელები" არიან, ვიდრე აუტიზმის არ მქონეს პირები.
"ადამიანის გენომი 3 მილიარდი ნუკლეოტიდის წყვილისგან შედგება. ჩვენი გენომის დიდი უმრავლესობა ერთმანეთის იდენტურია, თუმცა არის განსხვავებებიც. კვლევამ აჩვენა, რომ არა მთლიანად ნეანდერტალელების გენები, არამედ ამ გენებში არსებული იშვიათი ვარიანტებია დაკავშირებული აუტიზმთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენში შეიძლება იყოს ნეანდერტალელების გენი, მაგრამ არ გაგაჩნდეთ კონკრეტული იშვიათი გენები", — განუცხადა PsyPost-ს ემილი კაზანოვამ, კვლევის ავტორმა და ნიუ-ორლეანის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორმა.
თანამედროვე ადამიანების უმეტესობას ნეანდერტალელების გენები უძველესი შეჯვარებისგან მოჰყვება. კვლევების თანახმად, ჩვენი სახეობები ევრაზიაში დაახლოებით 50 000 წლის წინ გადაიკვეთნენ.
ასევე: რატომ გვაქვს ნეანდერტალელების გენები და როგორ გადაშენდნენ ისინი — რა ვიცით
დადგენილია, რომ ნეანდერტალელის გენები ადამიანის გენომის დაახლოებით 1-დან 4 პროცენტამდე შეადგენს. ეს ციფრები განსხვავდება პოპულაციის მიხედვით. ევროპული ან აზიური წარმოშობის ადამიანს ყველაზე მაღალი პროპორცია აქვს. აფრიკული წარმოშობის ადამიანების შემთხვევაში ეს ციფრები ნაკლებია და უმეტესად, საერთოდაც ნულია.
შესაბამისად, ნეანდერტალელების მემკვიდრეობა ჩვენში დღესაც ცოცხლობს. კვლევების თანახმად, ნეანდერტალელის გენები სხვადასხვა მახასიათებლებს უკავშირდება, მათ შორის ტკივილის დაბალ შეგრძნებას, დეპრესიას, დიდ ცხვირსა და აი, ახლა ის აუტიზმთანაც დაკავშირდა.
ასევე: თანამედროვე ადამიანებს დიდი ცხვირები ნეანდერტალელებისგან ერგოთ — კვლევა
კვლევა ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები