5 ცხოველი, რომლებსაც გლობალური კატასტროფისას გადარჩენა შეუძლია
დღემდე დედამიწაზე მრავალი სახეობა გადაშენდა. მათ შორის არიან დინოზავრებიც, რომლებიც 66 მილიონი წლის წინ ჩვენ პლანეტასთან ასტეროიდის შეჯახებას ემსხვერპლნენ. საინტერესოა, რა მოხდება, თუ კიდევ რაიმე გლობალური კატასტროფა დაგვატყდება თავს? რომელ სახეობებს აქვს გადარჩენის ყველაზე დიდი შანსი?
ამ სტატიაში 5 ასეთ ცხოველს გაგაცნობთ.
1. ტარდიგრადები
სიის სათავეში ტარდიგრადები, იგივე წყლის დათვები ან ნელამავალნი, არიან. ისინი მიკროსკოპულ ორგანიზმებს მიეკუთვნებიან და განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან.
ამ გასაოცარ არსებებს თითქმის ვერაფერი ვნებს, რადგან ყველაზე ექსტრემალურ პირობებში გადარჩენას მაინც ახერხებენ. როგორც National Geographic წერს, ისინი დედამიწაზე მობინადრე ყველაზე "მოუსპობელი" ცხოველები არიან. ეს სახეობა ქვიშის ცხელ დიუნებშიც ცხოვრობს, გაყინვასაც უძლებს და ზღვის დონიდან დაშორებულ მაღალ რეგიონებშიც გვხვდება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ თითოეულ უჯრედში თავმოყრილ გენეტიკურ მატერიას გადარჩენაში Dsup-ის სახელით ცნობილი ცილა ეხმარება, რომელიც მავნე ნაწილაკებისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის. შედეგად, ტარდგიგრადებს ისეთი მძლავრი რადიაციაც ვერ ანადგურებს, რომელიც სხვა ცხოველების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას დახოცავდა.
2. ტარაკნები
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ხუთეულში ტარაკნებიც არიან, რომლებთანაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალბათ, ყველას გვქონია შეხება. ისინი დედამიწაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, არსებობენ, იმდენად დიდი, რომ დინოზავრების გადაშენებასაც კი შეესწრნენ.
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს მწერები ჩვენს პლანეტასთან ასტეროიდის შეჯახებას გადაურჩნენ და დღემდე მოაღწიეს. შესაბამისად, საკმაო შანსი აქვთ, რომ მომდევნო პოტენციურ გლობალურ კატასტროფასაც უვნებლად დააღწიონ თავი.
ამაში ტარაკნებს ხელს ზომა, ფორმა და კვებითი ჩვევები უწყობს. მათი ბრტყელი სხეული ისეთ პატარა ნაპრალებში ეტევა, როგორშიც სხვა ხოჭოები ვერ ძვრებიან, ამიტომ თავდაცვის უკეთესი შესაძლებლობით სარგებლობენ. ასევე, საკვების მხოლოდ ერთ კონკრეტულ წყაროზე არ არიან დამოკიდებულნი, რადგან თითქმის ყველაფერს ჭამენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტარაკნები ტოქსინების მიმართაც გამძლეობას ავლენენ, იქნება ეს მწერების საწინააღმდეგო საშუალებები თუ სხვა. სწორედ ამიტომ, მათი თავიდან მოცილება საკმაოდ ძნელია.
3. სვავები
გიფიქრიათ, რა მოხდება, თუ ზომბი აპოკალიფსის მსგავსი მოვლენა დაგვატყდება თავს? რეალურად, ეს ზოგი სახეობისთვის ხელსაყრელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგალითად სვავებისთვის.
ისინი ლეშით იკვებებიან, ამიტომ მსგავსი სცენარი მათთვის მართლაც იდეალურ პირობებს შექმნიდა, რადგან საკვების დიდი მარაგი გაუჩნდებოდათ. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელი ისიც, რომ სვავების საჭმლის მომნელებელი სისტემა ასეთ რაციონთან ადაპტირებულია და საკმაოდ მავნე ბაქტერიების გადამუშავებაც შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ მათ მიკრობებით გამოწვეული მომაკვდინებელი ინფექციები ნაკლებად ემუქრება.
4. ზვიგენები
დროა, წყლის ბინადრებზეც გადავინაცვლოთ. ოკეანეებში მრავალი საინტერესო არსება გვხვდება, რომლებიც სიღრმეში, სრული სიბნელისა და ექსტრემალური წნევის პირობებში, ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, გლობალურ ეკოლოგიურ კატასტროფას ამგვარი გარემოსთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია, მაგრამ ზოგიერთი სახეობა მსგავს ცვლილებას, დიდი ალბათობით, გადაურჩება.
ამის მაგალითია გრენლანდიური ზვიგენი (Somniosus microcephalus), რომელიც 400 წელზე მეტხანს ცოცხლობს. ზოგიერთი ასეთი არსება ორივე მსოფლიო ომსა და ბირთვული იარაღის გამოცდის თანმდევ რადიაციასაც გადაურჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზვიგენები დედამიწაზე ხეების გაჩენამდე არსებობდნენ, ამიტომ არაა გამორიცხული, კიდევ დიდხანს გადარჩნენ.
5. პინგვინები
ჩამონათვალში მოზრდილი ცხოველების მოხვედრა მარტივი არაა. ისინი, ძირითადად, კონკრეტულ გარემოსთან არიან ადაპტირებულნი, რომლის შეცვლასაც, დიდი ალბათობით, ვერ შეეგუებიან. ამის მაგალითი დათვია, რომელიც ზამთრის ძილის მიუხედავად, გაღვიძების შემდეგ ბევრ საკვებს საჭიროებს.
ასეა თუ ისე, მეხუთე ცხოველი პინგვინი იმპერატორია (Aptenodytes forsteri). ისინი კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას, რომელიც ანტარქტიდაზე ფიქსირდება. −50°C სიცივის გარდა, იქ საათში 200 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი ქარიცაა, რომელიც ბევრი სახეობისთვის სერიოზულ დაბრკოლებას შექმნიდა.
ეს პინგვინები რამდენიმე კვირის განმავლობაში უჭმელადაც ძლებენ, რადგან ენერგიის მისაღებად ორგანიზმში დაგროვებულ ცხიმის მარაგს იყენებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონში ცხოვრობენ, ამიტომ სხვადასხვა კატასტროფული სცენარის თავიდან აცილება შეუძლიათ.
კომენტარები