აღმოაჩინეს ანტიბიოტიკი, რომელიც მხოლოდ ცუდ ბაქტერიებს ვნებს
ანტიბიოტიკები გვიცავენ, მაგრამ მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი ვნებენ როგორც ცუდ, ისე კარგ ბაქტერიებს.
ასეთი მედიკამენტის ერთ კურსს შეუძლია არა მხოლოდ გაანადგუროს დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, არამედ უარყოფითი გავლენა იქონიოს ნაწლავებზე და შესაბამის მიკრობებზე. ეს გავლენა შეიძლება სოკოების ჭარბ განვითარებაშიც გადაიზარდოს. მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ქალებში სოკოვანი ინფექციების განვითარების შანსები 30%-ით იზრდება.
ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები გამოსავალზე მუშაობენ. მათ აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, სახელწოდებით ლოლამიცინი, რომელიც გრამ-უარყოფით პათოგენებზე მოქმედებს, მაგრამ სხვა მიკრობებს არ ვნებს.
წამლის ადამიანებზე ტესტირებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის ანტიბიოტიკების მომავალი.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიები ნაწლავებში, ფილტვებში, შარდის ბუშტსა და სისხლში ინფექციების ხშირი მიზეზია. მათი განადგურება საკმაოდ რთულია. ისინი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები არიან და ეს სერიოზული პრობლემაა.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს შეუძლიათ როგორც გრამ-უარყოფითი, ისე გრამ-დადებითი ბაქტერიების მოკვლა. მეცნიერების თქმით, აუცილებელია ისეთი მედიკამენტის შემუშავება, რომელსაც შეუძლია კონკრეტულად გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურება.
ლოლამიცინის მსგავსი პრეპარატი სწორედ ამას აკეთებს. ლაბორატორიული ცდების დროს, ანტიბიოტიკმა მხოლოდ ის ბაქტერიები გაანადგურა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მღრღნელებში ლოლამიცინი ასევე წარმატებით გამოიცადა მწვავე პნევმონიისა და სისხლის ინფექციების წინააღმდეგ. ამის პარალელურად, არაფერი დაუშავდა ნაწლავის მიკრობიომს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მედიკამენტს გავლენა არ ჰქონდა გრამ-დადებით ბაქტერიებზე და არაპათოგენურ გრამ-უარყოფით კომენსალურ ბაქტერიებზე.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები