როგორი იქნება კოსმოსური ლიფტი, რომელიც დედამიწას მარსთან დააკავშირებს
კოსმოსური ლიფტი იქცევა ხიდად მთელი მზის სისტემისთვის.
წარმოიდგინეთ გრძელი ლიფტი, რომელიც დედამიწას კოსმოსთან აკავშირებს. ასეთი ტექნოლოგიით ორბიტაზე ძალიან სწრაფად და იაფად მოვხვდებით.
სწორედ ეს არის კოსმოსური ლიფტის ძირითადი იდეა.
6-8 თვის ნაცვლად, კოსმოსური ლიფტი მარსამდე 40 დღეში მიგვიყვანს, რაც ნამდვილად გასაოცარი შედეგი იქნებოდა.
ასევე: ხიდი მზის სისტემაში: კოსმოსური ლიფტები მომდევნო 2-3 ათწლეულში შეიძლება რეალობად იქცეს
კოსმოსური ლიფტების კონცეფცია ახალი არ არის, მაგრამ ასეთი სტრუქტურის ინჟინერია რთულია და ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. თუმცა, იაპონური კომპანია Obayashi Corporation ფიქრობს, რომ მას ეს შეუძლია.
იაპონია 2050 წლისთვის კოსმოსური ლიფტის აშენებას აპირებს
მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკის, Tokyo Skytree-ს შექმნის შემდეგ, Obayashi Corporation-მა 2012 წელს განაცხადა, რომ ის კიდევ უფრო მაღალ მიზნებს მისწვდებოდა. ამჯერად მათი მიზანი კოსმოსია.
მაშინ კომპანიაში თქვეს, რომ პროექტზე 2025 წლისთვის დაიწყებდნენ მუშაობას და ამისთვის 100 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ. მათი თქმით, კოსმოსური ლიფტი 2050 წლისთვის მზად იქნება.
Business Insider პროექტის იდეის ავტორს, იოჯი იშიკავას დაუკავშირდა. სწორედ ის ხელმძღვანელობს კომპანიის მომავლის ტექნოლოგიების განყოფილებას.
იშიკავამ Business Insider-ს უთხრა, რომ ისინი პროექტზე სერიოზულად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, უშუალოდ მშენებლობა დიდი ალბათობით 2025 წელს არ დაიწყება.
"ეს ძალიან უცნაური იდეაა. მისი შექმნა რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან სერიოზული ადამიანები, რომლებიც ამაზე მართლა ფიქრობენ", — თქვა კრისტიან ჯონსონმა, რომელმაც კოსმოსურ ლიფტზე რეცენზირებადი ნაშრომი შარშან გამოაქვეყნა.
იაფი გზა კოსმოსისკენ
ადამიანებისა და ობიექტების კოსმოსში რაკეტებით გაშვება ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, NASA-ს მთვარის Artemis-ის თითო მისია 4.1 მილიარდი დოლარი უჯდება.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ რაკეტას კოსმოსში გასასვლელად ძალიან ბევრი საწვავი სჭირდება. ამის პარალელურად, ტვირთის კოსმოსში გატანა ძალიან ძვირი ჯდება. ეს ერთგვარი წრეა, რომელიც კოსმოსურ მოგზაურობას მნიშვნელოვნად აძვირებს.
და, აი, ისიც — კოსმოსური ლიფტის შემთხვევაში არ გჭირდებათ რაკეტა და შესაბამისად, საწვავი!
კოსმოსური ლიფტის ტვირთს ორბიტაზე ელექტრომაგნიტური მოწყობილობით გაიტანენ. ეს მოწყობილობა შეიძლება დისტანციურად იკვებებოდეს — მაგალითად, მზის ენერგიით. ასე ბორტზე საწვავის საჭიროება აღარ იქნება.
იშიკავას თქმით, ასეთ შემთხვევაში ნახევარი კილოგრამის ტვირთის კოსმოსში გატანა 57 დოლარამდე დაჯდება. ეს მაშინ, როდესაც SpaceX-ის Falcon 9-თაც კი, იგივე ტვირთის კოსმოსში გატანა სულ მცირე 1 227 დოლარი ჯდება. ცნობისთვის, ტვირთის კოსმოსში გატანა სწორედ ამ რაკეტითაა ყველაზე იაფი.
ჯონსონის თქმით, კოსმოსური ლიფტის შემთხვევაში აღარ არის რაკეტის აფეთქების საშიშროება. ამასთან, ლიფტს ნულოვანი ემისიაც ექნება.
ამ მომენტისთვის, კოსმოსური ლიფტის აშენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ის, თუ რისგან უნდა დამზადდეს მილი, რომელშიც ლიფტი განთავსდება. ერთი ვერსია ფოლადია, მაგრამ ამისთვის უფრო მეტი ფოლადი დაგვჭირდება, ვიდრე ის დედამიწაზე მოიპოვება.
იშიკავას მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ, შესაძლოა, ამისთვის ნახშირბადის ნანომილები გამოიყენოს. ნანომილაკი არის გრაფიტის შემობრუნებული ფენა, მასალა, რომელიც გამოიყენება ფანქრებში. ის გაცილებით მსუბუქია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაძაბულობის ქვეშ დაზიანდეს.
იშიკავას თქმით, ამჯერად კვლევის, დიზაინის შემუშავებისა და პარტნიორების მოზიდვის ეტაპზე არიან. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები